The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე ოქროპირიძე (ეპისკოპოსი)

ალექსანდრე ოქროპირიძე
Legal name:ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე
Date of birth:1824
Date of death:9 November, 1907  (at 83 years)
Burial location:შიომღვიმის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესია
Category:Educator, Religious leader, Philanthropist

Biography

   გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწე მღვდელმთავარი ალექსანდრე (ერისკაცობაში - ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში იმავე სოფლის მღვდლის ოჯახში. მან სასულიერო განათლება მიიღო, ხოლო 1845 წლიდან ბერად აღიკვეცა.

   გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, 1850 წელს, დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. იყო მასწავლებელი, შემდეგ - აფხაზეთის არქიმანდრიტი, 1862-1869 - აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869-1882 - გორის, 1882-1885 - გურიის ეპისკოპოსი, 1886-1898 წლებში - ქართლ-კახეთის ქორეპისკოპოსი, 1898-1903 - გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. ალექსანდრე ოქროპირიძე გახლდათ ილიას მოძღვარი.

  დიდია მისი ღვაწლი, როგორც მისიონერისა, რომელმაც ათასობით აფხაზი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. მანვე ჩაუყარა საფუძველი აფხაზთა სწავლა-განათლების საქმეს.

   1863 წელს აფხაზეთის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თავისი სახსრებით ოჩამჩირეში სკოლა დააფუძნა. საკუთარ სახლში აღზარდა და სასულიერო განათლებას აზიარა აფხაზი ეროვნების ბავშვთა დიდი ჯგუფი, აღადგინა ეკლესია სოხუმში.

   იგი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი, რომელმაც ერთიანად შეიტანა 300 მანეთი და განთავისუფლდა შემდგომი წლების საწევრო გადასახადისაგან. 

   XX საუკუნის 60-იან წლებში ეპისკოპოსმა ალექსანდრემ თბილისის სასულიერო სემინარიაში, ქალთა და ვაჟთა სასწავლებლებში, რამდენიმე სტიპენდია დაარსა, რისი წყალობითაც მრავალმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. იგი ეხმარებოდა ყაზანის სასულიერო აკადემიის ღარიბ სტუდენტებსაც.
   ეპისკოპოსი ალექსანდრე წევრი იყო მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციისა, რომლებსაც ფინანსურ დახმარებას უწევდა. მათ შორის იყო კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება, წითელი ჯვარი, უსინათლოთა სამზრუნველო, წყალში დახრჩობისაგან მხსნელი საზოგადოება, პირუტყვთა მფარველი საზოგადოება, ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოება, წმ. ანდრიას ძმობა, ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ძმობა, ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და ა. შ.
   ეპისკოპოსი ალექსანდრე გარდაიცვალა 1907 წლის 9 ნოემბერს და დაკრძალულია შიომღვიმის მონასტერში.

   1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრებამ თავისი განჩინებით ეპისკოპოსი ალექსანდრე წმინდანთა დასში შერაცხა და უწოდა „წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე“. მისი ხსენების დღედ დაწესდა 8 ნოემბერი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1907)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების საპატიო წევრი (1896-1907)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, სიონის სობორო

Share: