The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილი

შალვა ზინობის ძე აბდუშელიშვილი
Other name:შალვა აბდუშელი  (Changed name)
Date of birth:June, 1889
Date of death:February, 1966  (at 76 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართველთა სასაფლაო
Category:Politician, Journalist

Biography

    შალვა აბდუშელიშვილი დაიბადა 1889 წლის 10 ივნისს საჩხერის რაიონის სოფელ ბჟინევში, შეძლებული მღვდლის, ზინობი აბდუშელიშვილისა და თებრონე გომართელის ოჯახში. განათლება ჯრუჭის მონასტერში მიუღია, სადაც ზედმიწევნით შეუსწავლია ხუცური, ბერძნული, ლათინური და ყველა საეკლესიო წესი.

       შალვა აბდუშელიშვილმა დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო და შემდეგ სემინარიაში შეიყვანეს. სემინარიაში გამეფებული რუსული ადმინისტრაციის შოვინიზმის გამო სტუდენტობიდანვე ჩაება სოციალისტურ მოძრაობაში. შალვას პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა მწერლისა და პუბლიცისტის, მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სევერიან ჯუღელის ოჯახმა.

    შალვა აბდუშელი ჭიათურაში დაუახლოვდა მაღაროს მუშებს. გაიცნო სოციალისტები და მონაწილეობას ღებულობდა არალეგალური პოლიტიკური ჯგუფების მუშაობაში. ის და მისი მეგობრები იმდენად აქტიურები იყვნენ, რომ გაშმაგებულმა ადმინისტრაციამ სემინარია დახურა და მოწაფეები სკოლის გარეთ დატოვა. შალვა გიმნაზიაში გადავიდა და სიმწიფის მოწმობის მისაღებად დაიწყო მომზადება სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში იგი კიდევ უფრო ახლო გაეცნო აკრძალულ ლიტერატურას. მალე მონაწილეობა მიიღო ქუთაისში ახალგაზრდა ჯარისკაცების დემონსტრაციაში და ამის გამო დაიჭირეს კიდეც. ციხეში იგი კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო რევოლუციურ საქმიანობაში. გამოძიების დამთავრების შემდეგ შალვა ციხიდან გაათავისუფლეს და თავის სოფელში გაგზავნეს.

      1905 წლის მოვლენების დროს, ბუნტის ჩახშობისა და ალიხანოვის დამსჯელი რაზმების შემოსვლის შემდეგ შალვამ გაქცევა მოახერხა და თბილისს გაემგზავრა, იქიდან კი პეტერბურგს მიაშურა.

     პეტერბურგში შალვა აბდუშელშვილმა პროფესორ ლეზგაფტის ინსტიტუტში ჩააბარა, სადაც ლექციებსაც ისმენდა და ამავე დროს ესწრებოდა დისკუსიებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ გამოჩენილი მწერლები, პუბლიცისტები და პოლიტიკური მოღვაწეები. მეფის მთავრობამ ვერ მოითმინა ასეთი ლიბერალური ინსტიტუტის თავისუფლად არსებობა და ინსტიტუტი დახურეს. შალვა გადავიდა ნევრო–ფსიქოლოგიურ ინსტიტუტში, რომლის წინამძღოლი და სულისჩამდგმელი იყო პროფესორი ბეხტერევი. მაგრამ ინსტიტუტის დამთავრება ამჯერადაც ვერ მოახერხა. 1910 წელს ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. ჯერ ციხეში იჯდა, შემდეგ კი სამი წლით არხანგელსკში გადაასახლეს. რომანოვების დინასტიის სამასი წლის დღესასწაულის გამო, ამნისტია შეეხო და დიპლომის მისაღებად პეტერბურგში დაბრუნდა.  მუშაობა დაიწყო მესამე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ–დემოკრატიულ ფრაქციაში. მალე ნოე რამიშვილის დავალებით საქართველოში გამოემგზავრა პარტიული ჟურნალის გამოცემაში მონაწილეობის მისაღებად. ეს საქმე თბილისში არ მოხერხდა და შალვამ ქუთაისში დაიწყო მუშაობა გაზეთში, რომელსაც ნოე ხომერიკი ხელმძღვანელობდა.

     1913 წელს თბილისში გაფიცვები დაიწყო. შალვა კვლავ მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა, რის გამოც იგი დააპატიმრეს და ხუთი წლით ასტრახანში გადაასახლეს, სადაც მან, ისიდორე რამიშვილის დახმარებით, მუშაობა დაიწყო ქალაქის თვითმმართველობაში და მალევე ქალაქის თვითმმართველობის თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა.  1917 წლის რევოლუციის დროს ასტრახანი ცენტრს გამოეყო და შალვა შრომის კომისრად დაინიშნა. მალე იქ არეულობა დაიწყო, შალვას დახვრეტა ელოდა, მაგრამ გამოპარვა მოახერხა და ბაქოს შეაფარა თავი.

     შალვა აბდუშელიშვილი საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა. იგი გახლდათ პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს მდივანი და მისი პერიოდული ორგანოს ჟურნალ „მუშათა ცხოვრების“ რედაქტორი. დამოუკიდებლობის წლებში თავდაუზოგავად იღვწოდა ქვეყნის წინსვლისა და აღმშენებლობისთვის, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი კვლავ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება.

     1921 წელს შალვა იყო მდივანი სახაზინო თეატრში ჩატარებული ისტორიული კრებისა, რომელმაც შეიმუშავა და საოკუპაციო ხელისუფლებას მთელი რიგი გაბედული მოთხოვნები წარუდგინა. მოსკოვის ბრძანებით ყველანი დააპატიმრეს და საზღვარგარეთ გაასახლეს.

     შალვა აბდუშელიშვილმა 43 წელი იცხოვრა პარიზთან ახლოს, ქალაქ სენ-კლუში. აქაც მუდმივად სამშობლოზე ფიქრობდა, ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე პარიზში და მონაწილეობდა საქართველოს სასიკეთოდ გამართულ ყველა ღონისძიებაში. მისი მეუღლე გახლდათ ლუბა ჩაჩიბაია.   

     შალვა აბდუშელი გარდაიცვალა 1966 წლის თებერვალში და დაკრძალულია ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

Bibliography


Share: