The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი

იოსებ გიორგის ძე ავალიშვილი
Date of birth:1886
Date of death:1979  (at 93 years)
Category:Mathematician, Educator, Public Figure

Biography

    იოსებ ავალიშვილი  დაიბადა 1886 წელს თავად გიორგი ავალიშვილისა და ეკატერინე ციციშვილის ოჯახში. დედა – ეკატერინე ესტატეს ასული ციციშვილი ერეკლე II–ის შთამომავალი გახლდათ მარიამ ბატონიშვილის მხრიდან.

    იოსებმა  თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა და 1913 წელს სწავლა განაგრძო ხარკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მათემატიკის განხრით.

    1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარი გამგის დიმიტრი უზნაძის ბრძანებით, თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში, იოსებ  ავალიშვილი ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

    1920 წლის 10 ივლისს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის სხდომაზე  განიხილეს იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის თხოვნა საზოგადოების მიერ მოწონებული არითმეტიკის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ. გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა სახელმძღვანელოს დაბეჭდვა, მაგრამ ქაღალდის უქონლობის გამო არ შეეძლო მისი მომავალი სასწავლო წლისთვის გამოცემა. ამავე წლის 30 ოქტომბერს იოსებ ავალიშვილმა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოს აცნობა, რომ ყველასთვის ცნობილი ეკონომიკური კრიზისის გამო იძულებული იყო სხვა დაწესებულებაშიც ემსახურა, რის გამოც არ შეეძლო გიმნაზიაში 18 გაკვეთილი ჩაეტარებინა და იტოვებდა მხოლოდ 6 გაკვეთილს, დანარჩენზე კი უარს ამბობდა.

    იოსებ ავალიშვილი წლების განმავლობაში  თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტისა და საფინანსო ეკონომიური ინტიტუტის დოცენტი გახლდათ. 1922-1925 წლებში იგი უნივერსიტეტში და თბილისის სხვა ცნობილ დაწესებულებებში საფინანსო ნაწილის გამგედ მუშაობდა. ხოლო 1934 წელს, უნივერსიტეტში შექმნილი მისთვის მიუღებელი გარემოს გამო, ავალიშვილმა პროტესტის ნიშნად, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დატოვა უნივერსიტეტი.  მომდევნო წლები მსახურობდა როგორც მათემატიკისა და საფინანსო დარგის ლექტორი და მასწავლებელი თბილისის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე ორი წელი გიორგევსკში და ერთი წელი გურჯაანში იმუშავა, როგორც მათემატიკის პედაგოგმა და ლექტორმა.

    იოსებ ავალიშვილმა  თბილისში "საბუხჰალტრო " (საბუღალტრო) კურსები დააარსა, სადაც, უსახსრობის გამო,  ბევრი უფასოდ იღებდა განათლებას. იგი  არის ავტორი პირველი მათემატიკური ტერმინების ლექსიკონისა  ქართულ-რუსულ და რუსულ-ქართულ ენებზე, რომელიც 1917 წელს საკუთარი სახსრებით გამოსცა, აგრეთვე ავტორია სახლემძღვანელოებისა მათემატიკისა და საფინანსო დარგებში.

   იოსებ ავალიშვილი გარდაიცვალა 1979 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1918-1922)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • მთავრობის მედალი
    შრომითი წარჩინებისთვის

Share: