შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927). ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291. |
ელენე ლუკას ასული ბახტაძე![]()
ბიოგრაფიაელენე ბახტაძე დაიბადა 1874 წელს ღარიბი და მრავალსულიანი მღვდლის ოჯახში. ლუკა ბახტაძის ოჯახთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველი და რუსი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ამის საფუძველი იყო დაწყებითი სკოლა, რომელიც ლუკა ბახტაძეს საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი. აქედან გამომდინარე ქართულ და რუსულ ენებზე წერა–კითხვა ელენემ ოჯახში შეისწავლა. 1885 წელს ელენე ქუთაისის საქალებო გიმნაზიაში მიაბარეს, რომელიც 1892 წელს წარმატებით დაამთავრა და პედაგოგიური საქმიანობისთვის დაიწყო მზადება, რაშიც მას დიდ დახმარებას უფროსი ძმა ილია ბახტაძე–ხონელი უწევდა. 1894 წელს და–ძმამ დაბა ხონში დააარსეს ქალ–ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა. ასეთი ტიპის სკოლა მთელ დასავლეთ საქართველოში ერთადერთი იყო და მაშინდელი საზოგადოების დიდ ყურადღებას იქცევდა. სკოლის მუშაობა შეუმოწმებია ივანე გომართელს, უაღრესად კმაყოფილი დარჩენილა და ამის შესახებ იაკობ გოგებაშვილისთვისაც უცნობებია, რომელიც დიდად გახარებულა ახალგაზრდა პედაგოგის ასეთი თავდადებული მუშაობით და სურვილიც გამოუთქვამს ხონში ბახტაძის პროგიმნაზიის მონახულებისა. იაკობ გოგებაშვილს სკოლის ბიბლიოთეკისთვის 71 ცალი თავისი გამოცემული წიგნი უბოძებია. ელენე ბახტაძემ და ილია ხონელმა გადაწყვიტეს პროგიმნაზიასთან ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების დაარსება და ამ საზოგადოების წესდებაც შეადგინეს. მოზარდი თაობისადმი ასეთმა მზრუნველობამ დიდი ნაყოფი გამოიღო და ბახტაძის სასწავლებელს სწავლამოწყურებული მრავალი ახალგაზრდა მოაწყდა არა მარტო ხონიდან, არამედ სხვა კუთხეებიდანაც. აღსანიშნავია რომ პროგიმნაზიაში თეორიულ სწავლებასთან ერთად დიდი ყურადღება ექცეოდა ხელსაქმეს, ხელგარჯილობის შესწავლას, რამაც მას ავტორიტეტი მოუხვეჭა. ელენე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მოსახლეობაში ჟურნალ–გაზეთებისა და წიგნების გავრცელების საქმეში. ჟურნალ "ჯეჯილის" რედაქციის სამზრუნველო კომისიის კრებას ელენე ბახტაძე ერთხმად აურჩევია დაბა ხონში ხსენებული ჟურნალის გავრცელების ხელმძღვანელად. ამ ფაქტთან დაკავშირებულ დოკუმენტს ხელს აწერენ: ეკატერინე გაბაშვილი, ეფემია მესხი, იაკობ გოგებაშვილი და ალ. მიქაბერიძე. რეაქციის წლებში, როცა საქართველოში ალიხანოვის დამსჯელი რაზმი დათარეშობდა, მთავრობამ 1906 წელს ბევრი სკოლა დახურა და მათ შორის ბახტაძის პროგიმნაზიაც. მაგრამ ელენე სულიერად არ დაცემულა და იმავე წლის შემოდგომაზე თვითგანათლებისა და სწავლა–აღზრდის მდგომარეობის შესწავლის მიზნით საზღვარგარეთ გაემგზავრა და სამი წლის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანა მოიარა. 1910 წელს ელენე ბახტაძე რუსეთში დაბრუნდა და ცხოვრობდა ნოვოროსიისკში. ელენემ ამ ქალაქშიც მოახერხა დაწყებითი სკოლის გახსნა, რომელსაც იგი ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1919 წელს ელენე სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო საყვარელი საქმიანობა აღარ გაუგრძელებია. ელენე ბახტაძე 1940 წლის 26 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |