The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სერგი რომანოზის ძე გორგაძე

სერგი რომანოზის ძე გორგაძე
სხვა სახელი:Мирянин  (ფსევდონიმი)
Свой  (ფსევდონიმი)
არისტინი  (ფსევდონიმი)
ვალსამონი  (ფსევდონიმი)
ილმელი  (ფსევდონიმი)
მეგრელი  (ფსევდონიმი)
ს. ინ-კანელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:2 აპრილი, 1876
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1929  (53 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    სერგი გორგაძე დაიბადა 1876 წელს ზემო იმერეთის, შორაპნის მაზრის სოფელ ილემში სახალხო მასწავლებლისა და მღვდლის რომანოზ გორგაძის ოჯახში. წერა–კითხვა შინ შეისწავლა. შემდეგ დაამთავრა ილმისა და წევის სამრევლო სკოლები.

   1886 წელს სერგი ქუთაისისი სასულიერო სასწალებელში მიაბარეს, რომელიც 1890 წელს დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1897 წელს სწავლა გააგრძელა ყაზანის სასულიერო აკადემიის ისტორიის ფაკულტეტზე. 1901 წელს სერგი გორგაძეს შრომისათვის: "ეკლესია და სახელმწიფო ძველ საქართველოში“ (Государственное положение церкви в древней Грузии), მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.

    სამშობლოში დაბრუნებულმა სერგიმ მასწავლებლობას მიჰყო ხელი და 1901–1903 წლებში ახალსენაკში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა, ხოლო 1903 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და 1903-1917 წლებში თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, საოსტატო ინსტიტუტში, ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში, ქალთა  პირველ და მე-2 გიმნაზიებში და ქალთა საეპარქიო სასწავლებელში ქართულ ენას, ლიტერატურასა და ისტორიას ასწავლიდა. სერგი გორგაძეს პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე თავი არ დაუნებებია. ბოლო დროს უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ლიტერატურის ისტორიაში ლექციებს კითხულობდა. 

   1917 წელს სერგი გორგაძე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში, როგორც ეკლესიის დროებითი მმართველობისა და შემდეგ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრების წევრი.

   სერგი გორგაძე იყო ქართული კულტურის დაუღალავი მუშაკი. მის კალამს ეკუთვნის წერილები და გამოკვლევები საქართველოს ისტორიასა და მწერლობაზე, საენათმეცნიერო საკითხებზე და ცალკეულ მწერლებზე. იგი ავტორია რამდენიმე სახელმძღვანელოსი, რომლებიც წლების მანძილზე ქართულ სკოლებში იხმარებოდა და ხელს უწყობდა მოზარდი თაობის გათვითცნობიერებას. სერგი გორგაძის სახით ჩვენ გვყავდა ნიჭიერი მკვლევარი, რომელიც ხასიათდებოდა ფაქტებისა და ისტორიული წყაროებისადმი უაღრესად კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. აღსანიშნავია 1912 წელს გორგაძის მიერ გამოცემული ბესარიონ გაბაშვილის თხზულებათა სრული კრებული, რომელსაც დართული აქვს გამომცემლის მიერ დაწერილი ბესიკის ვრცელი ბიოგრაფია, ნემესიოს ემესელის "ბუნებისათვის კაცისა" გამოკვლევითა და ლექსიკონით. სერგი გორგაძეს ეკუთვნის გამოკვლევები: "ქართული მართლწერა", "ახალი სალიტერატურო ქართულის ისტორიიდან", "ახალი სალიტერატურო ქართული" და სხვ. მის მიერ დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობა საკმაოდ მდიდარი და შინაარსიანია, მაგრამ აღსანიშნავია მისი სახელმძღვანელო ქრესტომათიები, რომლებიც სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ და ქართულ სკოლას ემსახურებოდნენ. ასეთებია: "ჩვენ მწერლობას" და "ძველი მწერლობა", რომლებიც ქრესტომატიული სახელმძღვანელოები იყო და რომლებშიც მწერლები და მათი შემოქმედება  კლასების მიხედვით იყო დალაგებული. 1919 წელს სერგი გორგაძემ გამოსცა "ჩვენი ახალი მწერლობის" მეორე წიგნი, ხოლო 1920 წელს "ჩვენი ძველი მწერლობა და ხალხური პოეზია".

    სამწერლო და სამასწავლებლო ასპარეზზე გამოსვლის დღიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სერგი გორგაძე ძლიერ დაინტერესებული იყო სალიტერატურო ქართული ენის საკითხებით, რომელსაც მან რამდენიმე საფუძვლიანი შრომა უძღვნა. მის კალამს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილები და შრომები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ქართულ ჟურნალ–გაზეთებში ქვეყნდებოდა და ასევე გამოდიოდა ცალკე წიგნების სახით. ამავე დროს ის მხურვალე მონაწილეობას იღებდა სამეცნიერო–პრაქტიკულ მუშაობაშიც.მან დიდი ღვაწლი დასდო 1907 წელს დაარსებულ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას, რომლის უცვლელი მდივანი გახლდათ 18 წლის განმავლობაში. იგი არის "ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების" ერთ–ერთი დამფუძნებელი.    

    სერგი გორგაძე გარდაიცვალა 1929 წლის 13 ივნისს და დაკრძალულია თბილისში, დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში. 2006 წლიდან მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, საზოგადოების მდივანი (1907-)
  • სახალხო განათლების კომისარიატის სათათბირო, თავმჯდომარე
  • პეტრიწის სახელობის საფილოსოფოსო საზოგადოება, დამაარსებელი (1918-)
  • საეკლესიო მუზეუმის კომიტეტი, წევრი (1903-)
  • ქართველ მასწავლებელთა კავშირი, გამგეობის თავმჯდომარე (1919-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-)
  • ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი (1923-)
  • ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოება, საბჭოს წევრი (1912-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: