The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე

დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1871
გარდაცვ. თარიღი:11 დეკემბერი, 1937  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    დიომიდე თოფურიძე დაიბადა 1871 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ხობში. თავდაპირველად სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

   1892 წელს დიომიდე თოფურიძემ მოსწავლეებთან ერთად არალეგალური ურთიერთდახმარების სალარო, თვითგანვითარების წრე დააარსა. გამოსცემდნენ ხელნაწერ ჟურნალს, აწყობდნენ რეფერატების განხილვას და ეცნობოდნენ დემოკრატი პუბლიცისტების ნაწარმოებებს, აკრძალულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიტერატურას. 

   1895 წელს სწავლის გასაგრძელებლად დიომიდე მოსკოვში გაემგზავრა და უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ხოლო 1896 წელს ჟენევაში გაემგზავრა და ჟენევის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. იგი ჟენევაში ჩამოყალიბებული "Искра"-ს პირველი და მეორე ჯგუფის წევრი იყო. 1901 წელს თავისი დისერტაციის – "გაღატაკების თეორია" დასასრულებლად ჟენევიდან პარიზში გადავიდა, ისმენდა ლექციებს სორბონასა და ფრანგულ კოლეჯში, ასევე პარიზის რუსულ უმაღლეს სკოლაში. 

   1903 წელს დიომიდე თოფურიძე საქართველოში დაბრუნდა და რსდმპ-ის იმერეთის კომიტეტში დაიწყო მუშაობა. იმავე წელს ჩატარებული რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მუშათა პარტიის კავკასიის კავშირის კომიტეტის მეორე ყრილობაზე კვლავ აირჩიეს კავშირის წევრად. 1904-1907 წლების განმავლობაში ხშირად იყო დაპატიმრებული და გუბერნიის საზღვრებიდან გაძევებული. უკანასკნელად 1907 წელს სასამართლო პალატამ მას ე.წ. "კრეპოსტში" პატიმრობა მიუსაჯა და იძულებული გახდა პეტერბურგში არალეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყო. იგი კიკვიძის გვარზე გამოწერილი ყალბი პასპორტით ცხოვრობდა, თუმცა "ოხრანკამ" მალევე დაადგინა მისი ვინაობა და სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად ისიც დააპატიმრა. გადაგზავნეს სარატოვის ციხეში, იქედან კი სამარაში.

   1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროა დიომიდეს ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახალი მმართველობითი ორგანოები სარატოვში, არჩეული იყო ვოლგისპირეთის საგუბერნიო საზოგადოებრივი კომიტეტის წევრად და იყო მისი ფაქტობრივი ხელმძღვანელი. მალევე გახდა გუბერნიის კომისარი და რსდმპ საოლქო კომიტეტის თავმჯომარე. არჩეული იყო გუბერნიის ერობათა ყრილობის აღმასრულებელი ბიუროს თავჯდომარედ. 

   1918 წლიდან დიომიდე თოფურიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   1918 წლის თებერვალში დიომიდე თოფურიძე თბილისში დაბრუნდა და ამიერკავკასიისა და საქართველოს რესპუბლიკის მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. დააარსა ჟურნალი "ეკონომისტი", თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულ გამოცემებში და აქვეყნებდა ნაშრომებს ეკონომიკურ საკითხებზე. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე და გარეშე საქმეთა კომისიის წევრი. 

   დიომიდე თოფურიძე 1920-21 წლებში საბჭოს მიერ არჩეული იქნა ქალაქ ქუთაისის თავად და მისი ხელმძღვანელობის დროს ქალაქის თვითმმართველობა გამართულად მუშაობდა. თანაც, თავისი მილიონერი გერმანელი ცოლის ფინანსებს ხშირად ახმარდა ქვეყნის საჭიროებებს. სხვადასხვა დროს დიომიდე თოფურიძე მუშაობდა სააქციო საზოგადოების გამგეობის დირექტორად, ვოლგის მუნიციპალური საოლქო ეკონომიკური კავშირის განყოფილების გამგედ, სარატოვის საგუბერნიო საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარედ, სარატოვის გუბერნიის კომისრად, ამიერ-კავკასიის და შემდგომ საქართველოს მომარაგების კომიტეტის თავმჯდომარედ. დიომიდე თოფურიძე რედაქტორობდა ჟურნალ-გაზეთებს სარატოვსა და მოსკოვში, იყო ჟურნალ „კვალის“ რედაქტორი.

   1930 წლიდან დიომიდე თოფურიძე მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და პენსიაზე გავიდა. მან გადაწყვიტა თავისი დრო და შესაძლებლობები მთლიანად სამეცნიერო კვლევებისათვის დაეთმო.  გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი საქართველოს ეკონომიკის, სახალხო მეურნეობისა და ფინანსების საკითხებზე.

    1937 წელს დიომიდე თოფურიძე თბილისში, საკუთარ სახლში დააპატიმრეს და ბრალად წაუყენეს "მენშევიკური ცენტრის" წევრობისა და "დივერსიულ-მავნებლურ ჯაშუშთა ორგანიზაციაში" "შოვინისტურად განწყობილი ქართული ინტელიგენციის წევრების გადაბირება". საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) 1937 წლის 10 დეკემბერს დახვრეტა მიუსაჯა და მეორე დღესვე, 11 დეკემბრის ღამეს განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი. დიომიდეს ოჯახს ესეც არ აკმარეს და 1942 წელს კომუნისტებმა მისი შვილიც დახვრიტეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:თბილისი, ანასტასიევის ქუჩა №13

გააზიარე: