Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილი![]()
Biography იოსებ გრიშაშვილი დაიბადა 1889 წლის 12 აპრილს (ძვ.სტ.) ხარფუხელი ხელოსანის ოჯახში. რვა წლის სოსო ქართულ გიმნაზიაში იწყებს სწავლას. მომავალი პოეტის პირადი ცხოვრება თავიდანვე უიღბლოდ წარიმართა. ჯერ იყო და 16 წლის ჭაბუკს მამა გარდაეცვალა, მერე დედა გაუთხოვდა. მამის სიკვდილის გამო იძულებული გახდა გიმნაზიაში სწავლისთვის თავი დაენებებინა. 1919 წელს იოსები, როგორც თავისუფალი მსმენელი, ლექციებს ისმენს თბილისის უნივერსიტეტში. სწავლის პარალელურად იგი ნაყოფიერ შემოქმედებით და საზოგადოებრივ შრომას ეწევა. 1947 წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, 1950 წელს ენიჭება სახელმწიფო პრემია და ირჩევენ მშვიდობის მომხრეთა მეორე საკავშირო კონფერენციის დელეგატად, ხოლო 1959 წელს პოეტს რესპუბლიკის სახალხო პოეტის საპატიო წოდებას ანიჭებენ. გრიშაშვილის ლექსთა პირველ კრებულებში უმთავრესად ქალაქური ყოფა და პოეტის ინტიმური განწყობილებებია წარმოსახული, თუმცა სოციალური პრობლემებისადმი ინტერესიც შეიმჩნევა. ლექსთა მომდევნო კრებულებში საბოლოოდ გამოიკვეთა პოეტის შემოქმედების პირველი პერიოდის ძირითადი, ინტიმურ-სატრფიალო მოტივი. გრიშაშვილისთვის სიყვარული ბედნიერების, კეთილშობილებისა და თავდადების უშრეტი წყაროა. თხზულებათა II ტომმა (1922) ერთგვარი ზღვარი დაუდო გრიშაშვილის შემოქმედების პირველ პერიოდს. მეორე პერიოდში, როცა გრიშაშვილის ლირიკაში მთავრი ადგილი დაიჭირა მოქალაქეობრივმა მოტივებმა, სხვა ჟღერადობა შეიძინა სატრფიალო ლირიკამაც. სამშობლოს სიყვარული გრიშაშვილის პოეზიაში ორგანულად ერწყმის თბილისის თემას. თბილისის ისტორია, ქალაქური ყოფის კოლორიტული სურათები, მამაცი, ალალი, გულუხვი თბილისელები, ქალაქის გუშინდელი თუ დღევანდელი დღე, მისი მომავლის პერსპექტივა წარმოგვიდგება გრიშაშვილის ლექსებში: "ტრიოლეტები შეითანბაზარში", "აშპაშხანისკენ", "გრიგოლ ორბელიანი კომკავშირის ხეივანში", "ჩემი თბილისი", და ა.შ. საბჭოთა პატრიოტიზმი ვლინდება დიდი სამამულო ომის დროინდელი ლექსებში: "ორი სიტყვა", "მეისტორიევ, წიგნი დახურე", "ბალადა ხელმანდილზე", და სხვა. 1950 პოეტს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა ლექსთა ერთტომეულისათვის. იოსებ გრიშაშვილი XX საუკუნის ქართული ვერსიფიკაციის ერთ-ერთი რეფორმატორია. მისი ლექსების ორიგინალური რიტმი და რითმა, შთამბეჭდავი პოეტური ტროპები, ოსტატური ბგერწერა ზედმიწევნით გამოხატავს პოეტის იდეურ ჩანაფიქრს. გრიშაშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარებას ლექსების ციკლით "თქვენთვის, ჩემო პატარებო". იოსებ გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: "საიათნოვა", "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა", ნაშრომები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ა.ლექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, აგრეთვე ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვათა ლექსები. იოსებ გრიშაშვილი ბავშვობიდანვე უყრის საფუძველს საკუთარ უნიკალურ წიგნსაცავს. "პირველად მათ გავეცანი მაშინ, როდესაც ფეხშიშველა ბიჭი დავრბოდი თბილისის გარეუბან ხარფუხში. მას შემდეგ, ყოველ თავისუფალ მანეთს ვხარჯავ ჩემი ბიბლიოთეკის შესავსებად… დღეს, ჩემს ბიბლიოთეკაში 40 ათასი ტომია. მათ შორის არის იშვიათი, უნიკალური, არის ძალზე ძველიც, არის ახალი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენია სტამბის საღებავის სუნი". აღნიშნული უნიკალური წიგნსაცავი და სამუზეუმო რელიკვიები, პოეტის ანდერძის თანახმად, უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. იოსებ გრიშაშვილი გარდაიცვალა 1965 წლის 3 აგვისტოს და მისი ნეშტი მიიბარა მთაწმინდის მიწამ. მგოსნის საფლავთან მედუდუკეთა ანსამბლმა ‘‘დილის საარი‘‘ შეასრულა, მთაწმინდას ქალაქური მელოდიის ჰანგები მოეფინა... Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |