The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თედო ტიმოთეს ძე სახოკია

თედო ტიმოთეს ძე სახოკია
Legal name:თეოდოტი ტიმოთეს ძე სახოკია
Date of birth:15 March, 1868
Date of death:1954  (at 85 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Publisher, Ethnologist, Scientist, Explorer, Educator, Publicist

Biography

   თედო სახოკია დაიბადა 1868 წელა სოფელ ხეთაში (ზუგდიდის მაზრა) მღვდლის ოჯახში. მშობლებმა იგი ხეთას სამრევლო სკოლაში შეიყვანეს, ხოლო შემდეგ მარტვილის სასულიერო სასწავლებელში გაუგრძელებია სწავლა.

  1883 წელს თედოს სწავლის გაგრძელება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში განუზრახავს, მაგრამ ასაკის გამო ვერ შესძლო და თბილისის სასულიერო სემინარიას მიაშურა, სადაც უგამოცდოდ ჩარიცხეს პირველ კლასში. თედომ ვერც გიმნაზიის დამთავრება მოახერხა, რადგან სკოლის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი შეხედულებების გამო იგი გარიცხეს და იძულებული გახდა სოფელში დაბრუნებულიყო.

   1886 წელს სახალხო მასწავლებლის ანთიმოზ ჯუღელის რჩევით თედო სახოკია ჟენევაში გაემგზავრა და ჟენევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1887 წელს იგი პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე გადავიდა, მაგრამ უსახსრობის გამო ორი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

   1890 წელს თედომ ქართლის სოფლებში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდიდან საფუძველი ჩაეყარა იმ დიდ შრომას, რომელსაც ავტორმა "ქართული ხატოვანი თქმები" უწოდა და სამ ტომად დაიბეჭდა.

   1894 წელს თედო სახოკია "საქართველოს განთავისუფლების ლიგის" წესდების აღმოჩენის გამო დააპატიმრეს. მალე მან პატიმრობას თავი დააღწია და ლიტერატურულ საქმიანობას მიჰყო ხელი. 1896 წელს ვ. გუნიამ იგი ახალდაარსებულ გაზეთ "ცნობის ფურცლის" თანამშრომლად მიიწვია. ისარგებლა რა ამ შემთხვევით, თედომ შემოიარა სამურზაყანო, გურია, აჭარა, რაჭა და აფხაზეთი. მთელი ეს მოგზაურობა მან აღწერა და იმდროინდელ პრესაში გამოაქვეყნა, ხოლო 1950 წელს "მოგზაურობანი" ცალკე კრებულად გამოიცა. პარალელურად მან, როგორც ევროპული ენების მცოდნემ, ხელი მიჰყო უცხოელი მწერლების თხზულებათა თარგმნას.

   1900 წელს თედო იძულებული გახდა კვლავ პარიზში გამგზავრებულიყო. მან გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა და პარიზის ანთროპოლოგიურ უმაღლეს სასწავლებელში შევიდა, სადაც ოთხი წლის განმავლობაში ისმენდა ლექციებს. საანთროპოლოგიო საზოგადოებაში თედომ გააკეთა რამდენიმე მოხსენება საქართველოში სახალხო მკურნალობის შესახებ. ეს მოხსენება საზოგადოებამ იმდენად მოიწონა, რომ პარიზში ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად დაიბეჭდა და თავად თედო არჩეული იქნა ანთროპოლოგიური საზოგადოების საზღვარგარეთელ წევრ–კორესპონდენტად.

   პარიზში ყოფნის პერიოდში თედო სახოკია "ცნობის ფურცელსა" და "მოამბეს" სისტემატურად უგზავნიდა ფელეტონებს და ქართველ საზოგადოებას აცნობდა საფრანგეთის საზოგადოების ღირსშესანიშნავ მოვლენებსა და ამბებს. მან შემოიარა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო და შეისწავლა ფრანგული, ინგლისური და იტალიური ენები. თედო რომში მუშაობდა ცნობილ ქართველ ისტორიკოსთან მიხეილ თამარაშვილთან და ეხმარებოდა მას შრომების მომზადებასა და გამოცემაში. 1902 წელს ერთ–ერთი აქტიური მონაწილე და თანარედაქტორი იყო საფრანგეთში ქართველების მიერ დაარსებული არალეგალური გაზეთ "საქართველოსი", რომელიც ქართულ და ფრანგულ ენებზე გამოდიოდა. ეს არალეგალური ლიტერატურა თედოს საქართველოში შემოჰქონდა. 1905 წელს ერთ–ერთი დავალების შესრულების დროს, როცა მას გემით იარაღის შემოტანა დაავალეს, იგი მეფის ჯაშუსებმა დააკავეს და სოხუმის საპატიმროში ჩაამწყვდიეს.

   1907 წელს სასამართლომ თედო სახოკიას მიუსაჯა ყოველგვარი ღირსების აყრა და ციმბირის შორეულ გუბერნიაში გადაასახლა, მაგრამ სამი თვის შემდეგ მან მოახერხა თბილისში დაბრუნება და მეგობრების შემწეობით ბათუმიდან ტრაპიზონისა და სტამბოლის გავლით საფრანგეთში ჩავიდა.

   1909 წლიდან თედო სახოკია იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იღებდა მონაწილეობას საზოგადოების საქმიანობასა და ღონისძიებებში.

   1910 წელს თედო ლონდონში ჩადის როგორც ჭიათურის შავი ქვის საზოგადოების წარმომადგენელი. გარკვეული პერიოდი იგი მოღვაწეობდა ჯერ ლონდონში, შემდეგ ბრიუსელსა და პარიზში. თვითმპყრობელობის დამხობისთანავე თედო სამშობლოში დაბრუნდა და ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაება. იგი ფრანგული ენის მასწავლებლად მუშაობდა  თბილისის მე–8 გიმნაზიაში.

    1889 წლიდან მოყოლებული, როცა შედგა მისი დებიუტი "ივერიაში", იგი სისტემატიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში. ასევე მის კალამს ეკუთვნის საუკეთესო თარგმანები, ცალკე წიგნებადაა გამოცემული მისი 38 სახელწოდების ორიგინალური, 25–მდე თარგმანი და 12–მდე ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე შესრულებული ნაშრომი, რომელთა მიზანი მხოლოდ ქართველი ერის წარსული და აწმყო ცხოვრების გაშუქება და პოპულარიზაცია იყო. დაუბეჭდავ ნაშრომთაგან აღსანიშნავია "ქართული ენის განმართებითი ლექსიკონი" (შემდგარი იმ სიტყვებისაგან, რომელიც სულხან–საბასა და დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონში იყო გამორჩენილი), და "ქართული ანდაზები", რომელიც 1967 წელს გამოიცა პროფ. მ. ჩიტაიას რედაქციითა და წინასიტყვაობით.

   მწერალმა საარქივო მასალებთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმს გადასცა თავისი მემუარების ხელნაწერი, რომელიც შეიცავს სამ ძირითად განყოფილებას:

        1. "ძველად ანუ სამეგრელოს წარსული ცხოვრების აღწერა და სწავლა–განათლების ისტორია მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში"

        2. "საზღვარგარეთიდან 1905 წელს იარაღის შემოტანის ისტორიისათვის"

        3. "ციმბირში"

   აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის იშვიათია ქართველი მოღვაწე, რომელსაც თედოსთან უაღრესად საქმიანი მიწერ–მოწერა არ ჰქონოდა. მთელი ეს დიდი ფონდი, თედო სახოკიას ეპისტოლური და სხვა საარქივო მასალებისა, ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმშია დაცული.

   თედო სახოკია გარდაიცვალა 1954 წელს

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1918)

Bibliography


Share: