The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით თურდოსპირელი

დავით თურდოსპირელი
Legal name:დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძე
Other name:ანდუყაფარის-ძე  (Pseudonym)
არგუსი  (Pseudonym)
დ.თ.ჟ.  (Pseudonym)
სალომეშვილი  (Pseudonym)
Date of birth:3 May, 1888
Date of death:23 December, 1948  (at 60 years)
Burial location:თბილისი
Category:Educator, Founding member, Writer

Biography

     დავით ჩხეიძე დაიბადა 1888 წლის 3 მაისს (ძვ. სტ.) თელავის მაზრის სოფელ ვარდისუბანში, აზნაურის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და დედასთან და უფროს ძმასთან, ცნობილ პოეტ გიორგი ქუჩიშვილთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახი - დედა და ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა, სადაც დედა მრეცხავად მუშაობდა, ხოლო ძმები მოჯამაგირეობდნენ. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა მან მაინც მოახერხა ქართული გიმნაზიის დამთავრება. დავითი ძმასთან - გიორგი ჩხეიძესთან (გიორგი ქუჩიშვილი) ერთად სწავლის პერიოდიდან ჩაბმული იყო სოციალ-დემოკრატიული არალეგალური წრეების მუშაობაში და რამდენჯერმე პოლიტიკური საბაბით დაპატიმრებულიც იყო.

     1906 წლიდან დავითი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო. მან ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დაიწყო მოთხრობების წერა და ამ პერიოდიდანვე აქვეყნებდა მხატვრულ ნაწარმოებებს „დავით თურდოსპირელის“  ფსევდონიმით.  თბილისის ვაჟთა მეორე ტექნიკუმში სწავლის პერიოდში დააარსა და ხელმძღვანელობდა ჟურნალებს: „მახვილი“, „ჩვენი დროშა“ და ალმანახს „პირველი ტალღა“, რომელთა გამოცემაც აიკრძალა, რედაქციის წევრები დააპატიმრეს, ხოლო თავად დავით ჩხეიძემ მიმალვა მოახერხა. 1907 წლიდან იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. მუშაობდა კერძო მასწავლებლად, რადგან სხვა წყარო უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად არ გააჩნდა 

    1909 წლიდან დავით თურდოსპირელი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრი იყო და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადოების საქმიანობაში.

   1911 წელს დავითმა კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა,  რომელიც 1915 წელს წარმატებით დაამთავრა. უნივერსიტეტში სწავლის  პარალელურად იგი აგრძელებდა რევოლუციურ საქმიანობას. სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად ბეჭდავდა მთავრობის საწინააღმდეგო პროკლამაციებს და კიევის ქუჩებში ავრცელებდნენ. დავითის ხელმძღვანელობით კიევში დაარსებული იქნა ეგნატე ნინოშვილის სახელობის არალეგალური წრე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დავით ჩხეიძემ პედაგოგობა გააგრძელა, ხოლო შემდგომ წლებში  სრულიად რუსეთის საერობო კავშირში და ამ კავშირის სკოლების ინსტრუქტორად მუშაობდა.

   1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდე, მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა ყრილობის მიერ არჩეული იყო სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის რევოლუციური კომიტეტის წევრად. იგი კიევში ქართული სათვისტომოს წევრებთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს „Заря“-ს, რომელიც შაპიროგრაფზე იბეჭდებოდა და მოსკოვში, ოდესაში და რუსეთის სხვა ქალაქებში ვრცელდებოდა.

    1918 წელს დავით ჩხეიძე  უკრაინაში მოქმედი გერმანული არმიის ნაწილმა ტყვედ აიყვანა, თუმცა მალევე მოხერხდა მისი გათავისუფლება, 1919 წლის დასაწყისში საქართველოში დაბრუნდა და მთლიანად სამწერლო და პედაგოგიურ მუშაობაში ჩაება.  აქტიურად თანამშრომლობდა პრესაში: აქვეყნებდა პუბლიცისტურ და ბელეტრისტულ ნაწარმოებებს.

    1919 წლის 12 მარტს დავით ჩხეიძე არჩეული იქნა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და  იყო აგრარული, საბიბლიოთეკო და ხელოვნების კომისიათა წევრი.

   1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მუშაობდა თბილისის საშუალო სკოლებში ქართული და დასავლეთ ევროპის ლიტერატურის მასწავლებლად და თანამშრომლობდა საბჭოთა ქართულ პრესაში..

   1922  წელს დავით ჩხეიძე საგანგებო კომისიამ (ჩეკა) დააპატიმრა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. იგი მოთავსებული იყო მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში პედაგოგად მუშაობდა.

    დავით ჩხეიძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1927 წელს მისი ინიციატივით დაარსდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 1930 წლამდე კახეთის ოლქის განათლების განყოფილების ინსპექტორად, ხოლო 1931 წლიდან თბილისის მუშფაკში და საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის სამეცნიერო სექციასთან არსებული მხარეთმცოდნეობის ცენტრალური ბიუროს თავმჯდომარედ მუშაობდა.

    1932 წელს საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატმა დავით ჩხეიძე საქართველოს მხარეთმცოდნეობის საზოგადოების თავმჯდომარედ დანიშნა.

   1939 წელს სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა და პერსონალური პენსიაც დაუნიშნა, ხოლო 1948 წელს განათლების სფეროში მოღვაწეობისათვის სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდა.

    დავით თურდოსპირელი რამდენიმე შესანიშნავი შრომისა და მხატვრული ნაწარმოების ავტორია, მან შექმნა საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების მთელი სერია და მემუარული ხასიათის ნაწარმოები "დღენი ჩემი ცხოვრებისა".

   ღვაწლმოსილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გარდაიცვალა 1948 წლის დეკემბერში თბილისში.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების ნამდვილი წევრი (1921-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)

Awards and Honors

  • 1939 - დამსახურებული მასწავლებლის წოდება
    სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • მედალი „კავკასიის დაცვისათვის"
  • მედალი "მამაცური შრომისათვის"

Bibliography


Share: