Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
სარდიონ ონისიმეს ძე თევზაძე![]()
Biographyსარდიონ თევზაძე დაიბადა 1882 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ წიაღობანში გლეხის ოჯახში. 1904 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო და 1907-1908 წლებში პარტიის ტფილისის ერთ-ერთი რაიონის კომიტეტის წევრი. 1908 წელს სარდიონ თევზაძე ტრამვაის სახელოსნოში მემანქანის თანაშემწედ მუშაობდა. 1908 წელს სარდიონ თევზაძე დაატუსაღეს. ის ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში, რის შემდეგაც გადაასახლეს თბილისის გუბერნიიდან სამხედრო წესების მოხსნამდე. 1911 წელს სარდიონ თევზაძე სხვა თანამშრომლებთან ერთად სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „აზრის“ რედაქციაში დააპატიმრეს და ნამესტნიკის განკარგულებით კავკასიიდან გადაასახლეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა და იმავე წლიდან თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი იყო. 1917 წელსვე არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად და 1918 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო 1919 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი იყო. 1918 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და ჩართული იყო ამ საზოგადოების საქმიანობაში. 1919 წელს სარდიონ თევზაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს და მუშაობდა აგრარულ და ცენტრალური საარჩევნო კომისიებში. 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება. ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში. 1924 წელს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკამ) სარდიონ თევზაძე კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. სარდიონ თევზაძემ ბრალი არ აღიარა. მან საგანგებო კომისიის გამომძიებელს - არინინს განცხადებით მიმართა, სადაც ითხოვდა ნებართვას პრესით განცხადების გაკეთებაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგების დატოვების შესახებ, რათა ამ გზით საპატიმროდან გათავისუფლებულიყო, მაგრამ უშედეგოდ და იგი ბოლომდე მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“ იყო მოთავსებული. 1924 წლის 28 აგვისტოს, ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ სარდიონ თევზაძე სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად თბილისში დახვრიტეს, სავარაუდოდ 30 აგვისტოს ღამით. Member of Organizations
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |