The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სარდიონ ონისიმეს ძე თევზაძე

სარდიონ ონისიმეს ძე თევზაძე
Date of birth:1882
Date of death:30 August, 1924  (at 42 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Politician, Repressed

Biography

     სარდიონ თევზაძე დაიბადა 1882 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ წიაღობანში გლეხის ოჯახში. 

    1904 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი  იყო და 1907-1908 წლებში  პარტიის ტფილისის ერთ-ერთი რაიონის კომიტეტის წევრი. 1908 წელს სარდიონ თევზაძე ტრამვაის სახელოსნოში მემანქანის თანაშემწედ მუშაობდა.

   1908 წელს სარდიონ თევზაძე დაატუსაღეს. ის ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში, რის შემდეგაც გადაასახლეს თბილისის გუბერნიიდან სამხედრო წესების მოხსნამდე.

   1911 წელს სარდიონ თევზაძე სხვა თანამშრომლებთან ერთად სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „აზრის“ რედაქციაში დააპატიმრეს და ნამესტნიკის განკარგულებით კავკასიიდან გადაასახლეს.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ  თბილისში დაბრუნდა და იმავე წლიდან თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი იყო. 1917 წელსვე არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად და 1918 წლის განმავლობაში  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო 1919 წლიდან  საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი იყო.

    1918 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და ჩართული იყო ამ საზოგადოების საქმიანობაში.

   1919 წელს სარდიონ თევზაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს და მუშაობდა  აგრარულ და ცენტრალური საარჩევნო კომისიებში.

    1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ  საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაება.  ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში.

    1924 წელს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკამ) სარდიონ თევზაძე კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. სარდიონ თევზაძემ ბრალი არ აღიარა. მან საგანგებო კომისიის გამომძიებელს - არინინს განცხადებით მიმართა, სადაც ითხოვდა ნებართვას  პრესით განცხადების გაკეთებაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგების დატოვების შესახებ, რათა ამ გზით საპატიმროდან გათავისუფლებულიყო, მაგრამ უშედეგოდ და იგი ბოლომდე  მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“ იყო მოთავსებული.

     1924 წლის 28 აგვისტოს, ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ სარდიონ თევზაძე სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან ერთად თბილისში  დახვრიტეს, სავარაუდოდ 30 აგვისტოს ღამით.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, თბილისის კომიტეტის წევრი (1919-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1920-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, პარკოვის ქუჩა №23

Share: