The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე

ანანია მაქსიმეს ძე სალუქვაძე
Legal name:ანანია მაქსიმელის ძე სალუქვაძე
Other name:მადონერი  (Pseudonym)
ჟიუნ-მავრი  (Pseudonym)
ჟუჟისპირელი  (Pseudonym)
ჰერკულესი  (Pseudonym)
Date of birth:4 March, 1889
Date of death:25 October, 1935  (at 46 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო
Category:Founding member, Politician, Publicist

Biography

    ანანია სალუქვაძე დაიბადა 1889 წელს ქალაქ ოზურგეთში, გლეხის ოჯახში. ადრეულ ასაკში დაობლდა და  მამინაცვალი, ვაჭარი ჯამულეთ ქარცივაძე ზრდიდა. სკოლაში არ უვლია, წერა-კითხვა შინ შეისწავლა. ბავშვობაში  ნოქრად მუშაობდა, შემდეგ  ბათუმის მანთაშოვის ქარხანაში ტექნიკური განყოფილების მოწაფედ მუშაობდა, მაგრამ ქარხნის დახურვის გამო სწავლა ვეღარ გააგრძელა. ბავშვობიდანვე ჩართული იყო გურიაში რევოლუციური ორგანიზაციების მუშაობაში.

     1905 წელს, 17 წლისა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციაში“ წევრად შევიდა და მონაწილეობდა სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკური ორგანიზაციების დაარსებაში. იყო სოციალ-დემოკრატიული გამოცემების მუდმივი კორესპონდენტი. გურიაში აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში.

    1908 წლიდან 1910 წლის ნოემბრამდე  სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

    1910 წელს გამოცხადდა სამხედრო ბეგარის მოსახდელად და მსახურობდა ვოლნის გუბერნიის ქალაქ ოსტრიგში.

   1914 წელს, პეტროგრადის 9 იანვრის ამბების გამო, ჟიტომირის ჟანდარმერიამ მოაწყო ოსტრიგის ფოსტის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს პეტროგრადიდან გადმოგზავნილი არალეგალური ლიტერატურა: „Наша Заря“, „Правда“, „Рабочая Газета“. ანანია ამხანაგებთან ერთად დააპატიმრეს და კარცერში ჩასვეს, სადაც დაავადმყოფდა და გადაგზავნეს სამხედრო საავადმყოფოში. თუმცა, ომის დაწყების გამო სასამართლომ საქმე აღარ განიხილა და გაათავისუფლეს.

   ანანია სალუქვაძე 1915 წლის დეკემბერში სამშობლოში დაბრუნდა. ჯარში ყოფნის დროს დაწერილი მისი მოთხრობები: „პანი“, „ტყის ძმები“ - გურიის ცხოვრების შესახებ და „შრომის სამეფოში“,  1917 წლიდან სხვადასხვა ლიტერატურული ფსევდონიმით იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალებში და წიგნებადაც გამოიცა.

    1917 წელის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ასრულებდა სხვადასხვა პარტიულ დავალებას, აწყობდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებსა და შეიარაღებულ რაზმებს. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

    1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და სამეურნეო-საგამგეო და სამხედრო კომისიებში მუშაობდა.

   1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური და თბილისის კომიტეტების წევრი. მისი ძალისხმევით დამყარდა არალეგალური საინფორმაციო კავშირი პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსა და ემიგრაციაში მყოფ მთავრობასთან. აწყობდა არალეგალურ ტიპოგრაფიებსა და სამხედრო ორგანიზაციებს. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და 1922 წლიდან მასობრივი დაპატიმრებების დაწყების შემდეგ რეალურად არალეგალურად ცხოვრობდა.

    1922 წელს ხელმძღვანელობდა გენუის კონფერენციისათვის წარსადგენი მემორანდუმის გაფორმებისა და არალეგალურად გადაგზავნის პროცესს.

    ანანია სალუქვაძე 1922 წლის 16 დეკემბერს დააპატიმრეს და სხვა პოლიტპატიმრებთან  ერთად ეტაპით გადაგზავნეს მოსკოვში, რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. 1931 წელს 3 წლით შუა აზიაში გადაასახლეს და ცხოვრობდა ქალაქ ალმა-ათაში. დაქორწინდა გადასახლებაში, სადაც საცოლემ საქართველოდან ჩააკითხა.

   ანანია სალუქვაძე გარდაიცვალა 1935 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ ალმა-ათაში და იქვე დაკრძალეს.

    1960-იან წლებში შვილმა, შოთა სალუქვაძემ, მოახერხა მისი ნახევრად ლეგალურად  სამშობლოში გადმოსვენება და დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)

Share: