The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მარჯორი უორდროპი

მარჯორი უორდროპი
დაბადების თარიღი:11 ნოემბერი, 1869
გარდაცვ. თარიღი:7 დეკემბერი, 1909  (40 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სევენოუკი, ლონდონის მახლობლად
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

    მარჯორი უორდროპი დაიბადა 1869 წლის 11 ნოემბერს ინგლისელი არისტოკრატის ოჯახში. იგი იყო ბრიტანელი დიპლომატის, ოლივერ უორდროპის და, რომელიც 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოებამდე ბრიტანეთის მთავარი კომისარი იყო კავკასიაში.

    მარჯორი უორდროპი თავისუფლად ფლობდა ექვს უცხო ენას (ფრანგულს, გერმანულს, რუსულს, რუმინულს, იტალიურს, ქართულს).  ქართული ენის შესწავლით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა უფროსმა ძმამ, ოლივერ უორდროპმა 1888 წელს გამოაქვეყნა წიგნი „საქართველოს სამეფო. მოგზაურობის შთაბეჭდილებანი ქალების, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში“. ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას მარჯორიმ მარი ბროსეს გრამატიკისა და ლექსიკონის საშუალებით ახალი ქართული, ხოლო სახარების ტექსტის კითხვის საფუძველზე  ძველი ქართულიც შეისწავლა. 1894 წელს ლონდონში,  ანთროპოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ი.ბ. ტეილორის წაქეზებით, მარჯორი უორდროპმა გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების ინგლისური თარგმანი სათაურით "Georgian Flok Tales". ამ წიგნთან დაკავშირებით ინგლისში დაბეჭდილი რეცენზიების ქართული თარგმანები გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა. სწორედ ასე შეიტყო საქართველოს ფართო საზოგადოებამ მარჯორის შესახებ.

    ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთაგან უორდროპები განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძეს დაუახლოვდნენ. ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე ილიამ მარჯორი უორდროპისგან ქართულად დაწერილი ბარათი მიიღო, რომლითაც ახალგაზრდა ქართველოლოგი მას "განდეგილის" თარგმანის გამოცემის ნებართვას სთხოვდა. 1894 წელს მარჯორი იწყებს ილია ჭავჭავაძის "განდეგილის" თარგმნას ინგლისურად, რომელიც ლონდონში 1895 წელს დაიბეჭდა. მის მიერვე არის თარგმნილი ინგლისურად ილიას "მგზავრის წერილებიც". 1894 წლის დეკემბერში მარჯორი პირველად ჩამოდის საქართველოში დედასა და უფროს ძმასთან, ოლივერთან ერთად.

   1896 წლის ზაფხულში იგი მეორედ მოგზაურობს საქართველოში, ამჯერად მშობლების და მეორე ძმის, თომასის თანხლებით. მოგზაურობს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. უორდროპების ოჯახის მოგზაურობას განსაკუთრებულ ყურადღებას ადევნებდა იმდორინდელი ქართული პრესა. კახეთში უორდროპებს მასპინძლობს პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ივანე როსტომაშვილი, დასავლეთ საქართველოში კი გიორგი წერეთელი. სწორედ მეორედ ჩამოსვლისას გადაწყვიტა ეთარგმნა "ვეფხისტყაოსანი", რომლის თარგმანზეც მან 18 წელი იმუშავა. ჯერ კიდევ 1894 წელს, ქართული ხალხური ზღაპრების ინგლისური თარგმანის წინასიტყვაობაში ახსენებს მარჯორი რუსთაველსა და მის პოემას: – "პირველი ინტერესი კავკასიისა და მის ლამაზ, მამაც მკვიდრთა მიმართ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამიღვიძა ჩემი ძმის მიერ დაწერილმა წიგნმა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით კი მე–12 საუკუნის დიდი ეპიკოსის შოთა რუსთაველის მემკვიდრეობის შესწავლას. გადაწყვეტილი მაქვს, რაც შეიძლება მალე მივცე შესაძლებლობა ჩემს თანამემამულეებს, გაიზიარონ ის დიდი სიამოვნება, რაც პირადად მე მომანიჭა მისმა პოემამ". ტუბერკულოზით დაავადებული მარჯორი უორდროპი ისე გარდაიცვალა, რომ "ვეფხისტყაოსნის" თავისი თარგმანის გამოცემა ვერ მოასწრო... 1912 წელს, მარჯორის გარდავალებიდან სამი წლის შემდეგ ოლივერ უორდროპმა ლონდონში გამოსცა მარჯორის მიერ ინგლისურად პროზად  თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი".

     მარჯორი და ოლივერ უორდროპებმა ინგლისურ ენაზე ერთობლივად თარგმნეს "წმინდა ნინოს ცხოვრება" და ხელნაწერზე ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ 1896 წელს გამოაქვეყნეს. ძმასთან ერთად თარგმნა მან ასევე სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე-სიცრუისა".  1987 წელს თბილისში წიგნად გამოიცა მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებული თარგმანები "მძინარე ქალს", "გაზაფხული", "ელეგია", ნაწყვეტები "აჩრდილიდან", "გლახის ნაამბობიდან", "კაცია-ადამიანი?!". ოქსფორდის ბიბლიოთეკაში შემონახულია მარჯორისეული რვეული, სადაც მოცემულია გრიგოლ ორბელიანის ლექსების თარგმანები (The Vision, My Epostaph, Remembrance, Queen Tamara’s Portrait). საარქივო მასალებში მოიპოვება აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავისა და სხვათა პოეზიის მარჯორისეული თარგმანები, რომლებიც დღემდე გამოუქვეყნებელია.

    ცნობილია, რომ უორდროპებს არაერთხელ გაუწევიათ მატერიალური დახმარება სტიქიური უბედურებით დაზარალებული ქართველი გლეხებისათვის. 1896 წელს ქუთაისის გუბერნიის თავდაზნაურთა მეთაურის სიმონ წერეთლისადმი გაგზავნილ ბარათში მარჯორი წერდა: "დიდათ პატივცემული თავადო სვიმონ წერეთელი! ამასთანავე გიგზავნით ას მანეთს, და უმორჩილესად გთხოვთ მიიღოთ წყალდიდობისაგან დაზარალებულ გლეხთა შესაწევნადთ. ჩემი ძმა და მეც ვგრძნობთ უდიდესი მწუხარებას უბედურობისათვის საქართველოში და სურვილი მაქვს, რომ შეწირულობა ბევრი იქნება...". და-ძმა მუდმივად ეხმარებოდნენ ქართველ სტუდენტებს ინგლისში, რეკომენდაციებს აძლევდნენ უნივერსიტეტში სასწავლებლად და აფინანსებდნენ კიდეც. მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იმ პერიოდში ინგლისში მცხოვრებ ვარლამ ჩერქეზიშვილთან.

    მარჯორი უორდროპს მიმოწერა ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ქართველ პროფესორებთან ალექსანდრე ხახანაშვილთან და ალექსანდრე ცაგარელთან. მარჯორი აგროვებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს, ძველ ქართულ ხელნაწერებს. ოქსფორდში სწორედ მისი ბიბლიოთეკის საფუძველზე შეიქმნა მარჯორი უორდროპის სახელობის ქართული ფონდი, რომლის მიზანი სტუდენტებში ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის სურვილის წახალისება იყო. როგორც ალ. ხახანაშვილისადმი გაგზავნილი ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, უკვე 1900 წელს უორდროპის ბიბლიოთეკა შვიდასამდე წიგნს მოიცავდა.

    მარჯორის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელთან, რომელსაც ხშირად წერდა ხოლმე თავისი მთარგნელობითი საქმიანობის შესახებ, ასევე ივანე მაჩაბელთან, რომლის ინგლისურიდან თარგმანების პირველი შემფასებლები სწორედ უორდროპები იყვნენ. ასევე ახლო ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდა ოლღა გურამიშვილთან და ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილთან. საქართველოში ყოფნისას ხშირად იყო მათი სტუმარი. 1909 წელს იგი ოლღა გურამიშვილს წერდა: "მეც ღმერთსა ვთხოვ ყოველთვის მაღირსოს თქვენი ნახვა და საქართველოში წასვლა. ყოველ წელიწადს ვგონებ მომავალში შეიძლება მოვალ იქითკენ, მაგრამ ჯერ ჩემ ბედში არ წერილია. ცამეთი წელიწადია არ ვყოფილვარ საქართველოში. ჩემი გული სიყვარულით მისკენ უკუნისამდე ბრუნდება".

    მარჯორი უორდროპი გარდაიცვალა 1909 წლის 7 დეკემბერს ბუქარესტში და დაკრძალულია სევენოუკში, ლონდონის მახლობლად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)

გააზიარე: