The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე

კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე
Date of birth:12 January, 1884
Date of death:1940  (at 55 years)
Burial location:ქვიშხეთი
Category:Lawyer, Founding member, Politician

Biography

    კონსტანტინე ჯაფარიძე დაიბადა 1884 წლის 12 იანვარს (ძვ. სტ.) ქუთაისის გუბერნიის სოფელ შარდომეთში დიდგვაროვანის ოჯახში. საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო და სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე სწავლობდა შვეიცარიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სავარაუდოდ ჟენევაში.

    კონსტანტინე ჯაფარიძე 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი იყო.

    1910-იან წლებში თბილისში ადვოკატად მუშაობდა. 1917 წელს არჩეული იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 12 მარტიდან კონსტანტინე ჯაფარიძე გახლდათ  საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა საგარეო საქმეთა და საკონსტიტუციო კომისიებში. იგი ასრულებდა საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსი მდივნის მოვალეობას.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ  საქართველოში დარჩა, ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

    1923 წლის დასაწყისში კონსტანტინე ჯაფარიძე დააპატიმრეს და იგი მოთავსებული იქნა მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“. იმავე წელს საგანგებო კომისიამ განიხილა ჯაფარიძის საქმე და როგორც მავნე ელემენტს სამი წლით ვადით რსფსრ-ს რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლება მიუსაჯა.

    1924 წელს საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ამნისტიის კომისიამ კონსტანტინე ჯაფარიძე გადასახლებიდან გაათავისუფლა და იგი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც  გააგრძელა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იატაკქვეშა საქმიანობა. 1926 წელს კვლავ დააპატიმრეს და სამი წლის ვადით ენისეისკში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ლეგალურად ცხოვრობდა ქვიშხეთში.

    კონსტანტინე ჯაფარიძე გარდაიცვალა 1940-იანი წლების მეორე ნახევარში (ზუსტი თარიღი უცნობია) და დაკრძალულია სოფელ ქვიშხეთის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, "მენშევიკების" ფრაქციის წევრი (1905-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობის წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-1920)

Share: