The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე

მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე
Date of birth:15 March, 1880
Date of death:9 July, 1937  (at 57 years)
Burial location:დახვრეტილი, უცნობია
Category:Public official, Politician, Journalist, Repressed, Public Figure

Biography

   მალაქია ტოროშელიძე დაიბადა რაჭის მაზრის სოფელ სხვავაში, ღარიბი გლეხის ოჯახში, რომელიც ტფილისში გადასახლდა და მხერხავად მუშაობდა.

   1891 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1897 წელს და იმავე  წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1901 წელს გარიცხეს. სემინარიაში სწავლის პერიოდში იყო არალეგალური წრის წევრი, რომელსაც სეიდ დევდარიანი და იოსებ ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

   1902 წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფელ სნოში, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულა და 1903 წელს გადავიდა ბათუმში, სადაც როტშილდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა და ჩართული იყო მუშათა არალეგალური წრეების საქმიანობაში; მალევე გადავიდა მანთაშევის ქარხანაში და აქაც ჩართული იყო მუშათა გაფიცვებში.

   1903 წელს მალაქია ალექსანდრე სვანიძესთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. 1903-1905 წლებში ცხოვრობდა ჟენევაში, სადაც გაეცნო ლენინს და დადიოდა მის ორგანიზებულ წრეებში, ასევე იულიუს მარტოვის წრეებში.

   მალაქია ტოროშელიძემ ჟენევაში გაიცნო და დაქორწინდა მინადორა ორჯონიკიძეზე (ცნობილი მენშევიკი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი 1919-1921 წლებში).

   1905-1906 წლებში ამიერკავკასიაში აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოვლენებში. იგი მუშაობდა ბათუმში, თბილისში, კახეთში და ბაქოში.

   1906 წელს, მალაქია მეუღლესთან და სერგო ორჯონიკიძესთან ერთად კვლავ გაემგზავრა ჟენევაში, სადაც 1910 წელს დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

   1910 წელს მალაქია დაბრუნდა თბილისში და მუშაობა დაიწყო ვოლგო-კამენსკის ბანკის ტფილისის განყოფილებაში. ამავე დროს ჩართული იყო რევოლუციურ საქმიანობაში. იყო ბოლშევიკური გაზეთების: „ბრძოლისა“ და „კავკაზსკი რაბოჩის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

   1913-1916 წლებში სამტრედიის კოოპერაციულ საზოგადოებაში მუშაობდა და პარალელურად პარტიულ და პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა.

    1916 წელს მალაქია ბრუნდება თბილისში და მუშაობას იწყებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციაში ინსტრუქტორად და აირჩიეს ხელმძღვანელთა კოლეგიის წევრად. 1917 წელს გახდა საინსტრუქტორო ნაწილის გამგე, სადაც მუშაობდა 1920 წლამდე, როდესაც „ბოლშევიკური“ საქმიანობის გამო დააპატიმრეს.

   საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის თავდასხმის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების უკანდახევისას, 1921 წლის თებერვალში სხვა დაპატიმრებულ ბოლშევიკებთან ერთად გადაიყვანეს ბათუმის ციხეში, საიდანაც გაათავისუფლეს 17 მარტს, საქართველოს დემოკარტიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას განკარგულებით რამდენიმე სხვა ბოლშევიკთან ერთად, რომელთაც ეთხოვათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საზღვარგარეთ ემიგრაციის შემდეგ ხელისუფლების გადაბარება და ქალაქის დაცვა.

   1921 წელს გახლდათ ბათუმის რევკომის წევრი. შემდგომ წლებში იყო საქართველოს სსრ-ს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

   1922 წელს მალაქია ტოროშელიძე დაინიშნა ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარედ, საიდანაც 1924 წელს გაათავისუფლეს და ამავე წლის მაისში გადაიყვანეს მოსკოვში „ცენტროსოიუზში“, სადაც მუშაობდა საორგანიზაციო განყოფილების გამგედ და თავმჯდომარის მოადგილედ.

   1925 წელს მალაქია კვლავ თბილისში დაბრუნდა და აღადგინეს ცეკავშირის გამგეობის წევრად.

   1928 წლის სექტემბრიდან 1930 წლის სექტემბრამდე მალაქია ტოროშელიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე რექტორი, 1931 წლიდან საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

   1934–1935 წლებში მალაქია გახლდათ მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი და საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1936 წელს დაინიშნა განათლების სახალხო კომისრად.

   1936 წლის 9 ოქტომბერს მალაქია ტოროშელიძე დააპატიმრეს.

   1937 წლის 9 ივლისს, საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ „საქართველოს მემარჯვენე ტროცკისტული ცენტრის“ წევრობის ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა და სასჯელი იმ ღამესვე სისრულეში იქნა მოყვანილი. რეაბლიტირებულია სსრკ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 1956 წლის 10 თებერვალს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1915-1916)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრი (1915-1917)

Share: