The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ (მიკი) მიხეილის ძე ასათიანი

მიხეილ (მიკი) მიხეილის ძე ასათიანი
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1882
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1938  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვაკის სასაფლაოს პანთეონი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

   მიხეილ ასათიანი დაიბადა 1882 წლის 10 მაისს თბილისში.

   1902 წელს თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზია დაამთავრა და ამავე წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სადაც სტუდენტობის წლებში მონაწილეობას იღებდა გაფიცვებსა და სტუდენტთა არალეგალური წრეების მუშაობაში, რისთვისაც 1904 წელს დააპატიმრეს, უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ერთი წლით მოსკოვში ცხოვრება აუკრძალეს. ეს ერთი წელი მან თბილისში გაატარა და 1905 წელს კვლავ დაუბრუნდა უმაღლეს სასწავლებელს.

   1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივესიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო იმავე უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრაზე. 1911 წელს თავის მასწავლებელ პროფესორ ვ. სერბსკისთან ერთად დატოვა უნივერსიტეტი განათლების მინისტრის კასოს რეაქციულ მოქმედებათა წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მუშაობდა მოსკოვის ნევროფსიქიატრიულ სანატორიუმში და რედაქტორობდა ჟურნალ "Психотерапия"-ში.

   1916 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1917 წელს აირჩიეს მოსკოვის უნივესიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტად.

   1921 წელს მიხეილ ასათიანი სამშობლოში დაბრუნდა და 1920-1938 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ფსიქიატრიის კათედრის გამგედ. ამასთანავე, 1925 წლიდან გარდაცვალებამდე, ხელმძღვანელობდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქიატრიის ინსტიტუტს, რომელსაც 1948 წელს მისი სახელი მიენიჭა. ახლად ჩამოყალიბებულ ფსიქიატრიის ინსტიტუტში მიხეილ ასათიანმა საძირკველი ჩაუყარა ბავშვთა ფსიქიატრიის, სასამართლო და სამხედრო-საექიმო ფსიქიატრიის ექსპერტიზას. მანვე გამოიჩინა ინიციატივა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, სურამში და სტალინირში (ცხინვალი) ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულებებისა და საერთოდ, საქართველოში ფსიქო-ნევროლოგიური ქსელის შექმნას.

   მიხეილ ასათიანს ეკუთვნის მთელი რიგი მეცნიერული ნაშრომები. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები ფსიქიურ აშლილობათა ფიზიოლოგიური მექანიზმების დასადგენად. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფსიქიატრიაში მოძღვრება პირობითი რეფლექსების შესახებ. მასვე ეკუთვნის ფსიქოთერაპიის ორიგინალური ე.წ. "რეპროდუქციულ განცდათა" მეთოდი. მასვე ეკუთვნის ფსიქიატრიაში ქართულ ენაზე გამოცემული პირველი სახელმძღვანელო. იგი სამართლიანად ითვლება საქართველოში მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთ ფუძემდებლად.

   მიხეილ ასათიანი გარდაიცვალა 1938 წლის 20 იანვარს თბილისში და დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: