The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ეკატერინე იოსების ასული ბურჯანაძე

ეკატერინე იოსების ასული ბურჯანაძე
ოფიციალური სახელი:ეკატერინე იოსების ასული ბაქრაძე
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1885
გარდაცვ. თარიღი:17 თებერვალი, 1972  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ეკატერინე ბაქრაძე დაიბადა 1885 წლის 6 დეკემბერს (ახ. სტ.) თბილისში, ცნობილი პოეტისა და პუბლიცისტის იოსებ ბაქრაძის ოჯახში.

   1905 წელს თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია დაამთავრა და აქედან მოყოლებული, თითქმის სამოცი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ქართულ სკოლას. ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფემ მეგობრებთან ერთად, მოსწავლეთა ჯურნალი "ცდა" დააარსა, სადაც დაბეჭდა როგორც თარგმნილი, ასევე საკუთარი ნაწარმოებები. ეს გამოცდილება ეკტერინემ ჟურნალ "ნაკადულში" გამოიყენა, სადაც იგი კოლეგიის წევრად ჟურნალის დამაარსებელმა მარიამ დემურიამ მიიღო. აქ იბეჭდებოდა მისი, როგორც ორიგინალური, ასევე თარგმნილი საყმაწვილო თხზულებები და პედაგოგიური წერილები.

   ეკატერინე ბურჯანაძე საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც აქტიურად თანამშრომლობდა საბავშვო ჟურნალებში - "ოქტომბრელში" და "დილაში", მაგრამ მისი მოწოდება მაინც პედაგოგობა იყო. იგი მთელი არსებით ემსახურებოდა ახალგაზრდების აღზრდას და მათ მშობლიური ენის სიყვარულს უღვივებდა. მდიდარი პრაქტიკა მას საშუალებას აძლევდა შეექმნა თეორიული სახის ნაშრომები თუ ცალკეული სტატიები ქართული პედაგოგიკის საკითხებზე. პარალელურად აქვეყნებდა ორიგინალურ ნაწარმოებებს. მისი საბავშვო პიესები მოზარდ-მაყურებელთა ქართულ თეატრში იდგმებოდა.

   1916 წლიდან ეკატერინე გახლდათ "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. ამ დიდებული ადამიანისა და პედაგოგის, მრავალ დამსახურებას შორის, აღსანიშნავია მისი ღვაწლი სხვადასხვა სახელმძღვანელოების შექმნაში და განსაკუთრებით "დედა-ენაში". 1927 წლიდან ეკატერინე თავის დასთან, ნინო ბოცვაძესთან ერთად მუშაობდა სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენაზე. 1044 წლიდან ისინი ავტორები არიან იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" საფუძველზე შექმნილი საშუალო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენის სახელმძღვანელოსი. წიგნისა, რომელმაც ათეულობით წლებს გაუძლო. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში ეკატერინეს გვერდში ედგა მისი მეუღლე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე ვარლამ ბურჯანაძე.

   ეკატერინე ბურჯანაძე 40 წლის მანძილზე მასწავლებლად მუშაობდა თბილისის საკვირაო, ქალთა საზოგადოების, მე–2 საქალაქო, მე–18 საშუალო და 53–ე საშუალო სკოლებში. მშობლიური სკოლის წინაშე თავდადებული საქმიანობისთვის, მომავალ თაობათა აღზრდაში გაწეული ამაგისათვის მას მინიჭებული ჰქონდა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება და დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით. 

   ეკატერინე ბურჯანაძე გარდაიცვალა 1972 წლის 17 თებერვალს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1922)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1939 - რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი
  • ლენინის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

გააზიარე: