The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალისტრო ავთანდილის ძე ვადაჭკორია

ალისტრო ავთანდილის ძე ვადაჭკორია
Legal name:ალისტრახ ავთანდილის ძე ვადაჭკორია
Other name:ა. ვადია  (Pseudonym)
ერთი ვინმე  (Pseudonym)
ია  (Pseudonym)
ძველი  (Pseudonym)
ჭანჭათელი  (Pseudonym)
Date of birth:8 February, 1886  (138 years)
Category:Public official, Publicist, Journalist

Biography

     ალისტრო ვადაჭკორია დაიბადა 1886 წლის 8 თებერვალს გურიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ ჭანჭათში ღარიბი გლეხის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება  აკეთის ორკლასიან სკოლაში მიიღო. 14 წლის ასაკში  მშობლები დაეხოცა და ობლად დარჩენილს თავის თავზე მარტოს უნდა ეზრუნა.

      1900 წელს ზუგდიდში, ტრიფონ თოხაძის სტამბაში დაიწყო მუშაობა, ხოლო 1901 წლიდან თბილისში გადავიდა და მაქსიმე შარაძის სტამბაში ასოთამწყობად მოეწყო. მუშაობასთან ერთად რევოლუციურ საქმიანობაში ჩაება და პარალელურად თვითგანვითარებას მიჰყო ხელი.

     1904 წლიდან მუშათა ყოფა-ცხოვრებაზე წერილებს აქვეყნებდა სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში.

     1905 წლიდან, პოლიციასთან ინციდენტის გამო არალეგალურად ცხოვრობდა, მაგრამ 1906 წელს დააპატიმრეს და ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს  ყველა უფლება-ღირსების ჩამორთმევით.

    1907 წელს გადასახლებიდან გამოიქცა და სამი წლის განმავლობაში არალეგალურად ცხოვრობდა. 1909 წელს, მეფის ჟანდარმებმა თბილისში დააპატიმრეს  და  ოთხი წელი საკატორღო წესით მეტეხის ციხეში იჯდა.

    1917 წელს, რევოლუციის შემდეგ, მბეჭდავთა კავშირის პრეზიდიუმის წევრად, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს.

    ალისტრო ვადაჭკორია 1924 წლამდე სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნოდა. როდესაც, 1924 წლის აგვისტოს მიწურულს, როგორც ამ აჯანყების მონაწილემ, საკუთარი თვალით ნახა აჯანყების საშინელი შედეგები, გლეხის ნაამაგარის განადგურება, ბანდიტიზმის გაძლიერება, ქრონიკული შიმშილი, სახლში დაბრუნებულთა სინდისის ქენჯნა და ამ ნიადაგზე მასიური თვითმკვლელობები, მან თავისი  ცოდნა და გამოცდილება  კომუნისტურ პარტიას შესთავაზა და  ყოფილ მენშევიკ მუშათა იმ საინიციატივო ჯგუფს შეუერთდა, რომლებმაც დატოვეს მენშევიკების პარტია, დადგნენ საბჭოთა პლატფორმაზე, შექმნეს საკუთარი ორგანო „ახალი გზა“ და მენშევიკებს ბრძოლა გამოუცხადეს.  1925-1928 წლებში იგი ამ გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი, გამოცემის ხელმძღვანელი და აქტიური თანამშრომელი იყო. პარალელურად სხვა პერიოდულ გამოცემებთანაც თანამშრომლობდა.

    1931 წლებში ამიერკავკასიის ცენტრალური უმაღლესი საფინანსო კურსები დაამთავრა და ისევ საფინანსო ხაზით განაგრძო მუშაობა გადასახადთა ინსპექტორის თანამდებობაზე.

     1931 წელს,  თბილისის რაიონებად დაყოფისთანავე, თბილისის ორჯონიკიძის სახელობის  რაიონული საბჭოს საფინანსო განყოფილების გამგედ დაინიშნა, ხოლო  1934 წელს, იგივე თანამდებობაზე თბილისის ლენინის რაიონის რაისაბჭოში.

     1937 წელს „სამტრესტის“ თელავის განყოფილების დირექტორის თანამდებობაზე გადაიყვანეს, იქიდან კი, იმავე რაიონის საფინანსო განყოფილების გამგედ.

     1939 წელს საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომიტეტის საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტგამომცემლობაში (საბლიტგამი) საწარმოო განყოფილების გამგის და ტექრედაქტორის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა და ამ მოვალეობას 1942 წლამდე ასრულებდა.  

      1942-1943 წლებში  საქართველოს შამპანური ღვინოების კომბინატში დამზადების ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 1946 წლიდან კი ისევ გამომცემლობას დაუბრუნდა და სამედიცინო გამომცემლობის სტამბაში დირექტორად დაინიშნა.

     ალისტრო ვადაჭკორია ეკუთვნის სტამბის მუშების იმ პროლეტარულ წრეს, რომელსაც 1899-1900 წლებში, თბილისში სტალინი ხელმძღვანელობდა.

    ალისტრო ვადაჭკორიას გარდაცვალების თარიღი უცნობია.

Member of Organizations

  • სოციალ-დემოკრატიულ პარტია (1901-1924)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1922)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1934 - საკავშირო ჯილდო

Bibliography


Share: