The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



აკაკი ამბაკოს ძე პაპავა

აკაკი ამბაკოს ძე პაპავა
Date of birth:1890
Date of death:27 July, 1964  (at 74 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართველთა სასაფლაო
Category:Writer, Journalist, Public Figure

Biography

   აკაკი პაპავა დაიბადა 1890 წელს სამტრედიაში. პირველდაწყებითი განათლება კულაშის ნორმალურ სასწავლებელში მიიღო და სწავლა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გააგრძელა, რომლის დამთავრების შემდეგ იურევის (დორპატი) უნივერსიტეტის ისტორია–ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა, სადაც ერთი წელი დაჰყო და მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. სტუდენტობის დროს ხელმძღვანელობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს. აქვე მისი მეთაურობით დაარსდა სალიტერატურო-სამეცნიერო წრე, რომლის თავმჯდომარედაც თავად იქნა არჩეული.

   აკაკი პაპავა გახლდათ სოციალისტ-ფედერალისტი. 1912 წელს რუსეთში დააპატიმრეს კიდეც ადმინისტრაციული წესით სტუდენტ სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის კონფერენციაში მოინაწილეობისათვის.

   აკაკი პაპავამ ქართული საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიიპყრო, როცა საქართველოს ქალაქებსა და დაბებში კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურაზე, ეწეოდა საზოგდოებრივ მოღვაწეობას. მისი პირველი წერილები 1910-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ გამოცემებში. მისი კრიტიკული წერილები, უმეტესად,  შეეხება თანამედროვე ქართულ პოეზიას, თეატრს და ხელოვნებას. დიდია აკაკი პაპავას ღვაწლი ქართული თეატრის წინაშე. 1914 წელს იგი სრულიად საქართველოს სათეატრო მოღვაწეთა პირველი ყრილობის დელეგატად აირჩიეს, ხოლო ქართველ მწერალთა საერთო ყრილობამ აკაკი პაპავა მწერალთა კავშირის მეორე თავმჯდომარედ დანიშნა. პირველი თავმჯდომარე გახლდათ კოტე მაყაშვილი.

   პირველი მსოფლიო ომის წლებში აკაკი პაპავა სამხედრო სამსახურში, კერძოდ, კავკასიის ფრონტზე გაიწვიეს, სადაც აირჩიეს კავკასიის ჯარისკაცთა საბჭოს წევრად. რევოლუციამ კავკასიის ფრონტზე მოუსწრო. საქართველოში დაბრუნებული აკაკი პაპავა იყო ქალაქის საბჭოს ხმოსანი, ქალაქის გამგეობისა და ამავე დროს საქართველოს პარლამენტის წევრი, ხოლო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ხელძღვანელობდა მწერალთა კავშირის განყოფილებას და რედაქტორობდა ორკვირეულ სახელოვნო–საინფორმაციო ჟურნალ "ხელოვნებას". ბოლო დროს რედაქტორობდა სამხატვრო-სამეცნიერო ჟურნალ „პრომეთეს“.

   1922 წელს აკაკი პაპავა გერმანიაში, კერძოდ ბერლინში გაემგზავრა. ერთი წლის შემდეგ მას ოჯახიც შეუერთდა და მეუღლესთან, თამართან ერთად უცხოეთში იწყებს ერთობლივ ლიტერატურულ და მეცნიერულ საქმიანობას. მე-2 მსოფლიო ომის წლებში პაპავები ჰამბურგსა და ბერლინში ცხოვრობდნენ, ხოლო 1949 წლიდან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში გადასახლდნენ. ამ პერიოდიდან აკაკი პაპავა ინტენსიურად თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში: "კავკასიონი", "ბედი ქართლისა", "მამული", "სახალხო გაზეთი", სადაც აქვეყნებდა ნოველებს, რომანებს, იყო დრამატურგიც და ისტორიის მკვლევარიც.

არგენტინაში აკაკი პაპავა გახლდათ ქართული სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარე, ჟურნალ „მამულის“ საპატიო რედაქტორი და ერთ-ერთი დამფინანსებელი. ბუენოს-აირესის გარეუბანში, ლონას-დე სამორაში, სადაც პაპავები ცხოვრობდნენ, აკაკი პაპავა გამუდმებით ზრუნავდა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ქართული ენის პროპაგანდისათვის. მან არა მარტო თავის შთამომავლებს შეასწავლა მშობლიური ენა, არამედ ამ მხრივ არგენტინელი ბავშვებიც დააინტერესა. საქართველოში გამუდმებით აგზავნიდა ემიგრაციაში გამოსულ ქართველ მწერალთა წიგნებს, ბიბლიოგრაფიას, მისი და მისი მეუღლის ემიგრაციაში დაბეჭდილ შემოქმედებით ნიმუშებს.

   1956 წელს ბუენოს–აირესში აკაკი პაპავამ მეუღლესთან ერთად გამოსცა წიგნი: "მარიამ უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი". აკაკი პაპავას წერილები ხშირად იბეჭდებოდა ნიუ–იორკში გამომავალ ქართულ გაზეთ "ქართულ აზრში".

   აკაკი პაპავას პირველი ლექსები ჯერ კიდევ ემიგრაციაში წასვლამდე, საქართველოში, "ჩანგში" ყოფილა გამოქვეყნებული. უცხოეთში დაწერილი ლექსების კრებული აკაკი პაპავამ გამოსცა სათაურით "1500–წლოვან თბილისს", ხოლო უკანასკნელ ლექსთა კრებული "მოწამეთობა" 1962 წელს ნიუ–იორკში დაიბეჭდა. საინტერესო წერილები მიუძღვნა აკაკი პაპავამ შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავს. მისი წერილი, "ვეფხისტყაოსანი" და მისი ავტორი", 1966 წელს პარიზში "კავკასიონის" საგანგებო ნომერში გამოქვეყნდა.

   პაპავებმა გარკვეული წვლილი შეიტანეს უცხოეთში მოხვედრილი ძველი ქართული კულტურის შეძენისა და დაცვის საქმეში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მათი ღვაწლი ჩვენი ეროვნული სიწმინდის – თბილისის სიონის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკერდით ნაქარგი გადასაფარებლის გადარჩენა-შენახვაში, რომელიც, 1773 წელს,  დიდი ხელოვნებით იყო შესრულებული ქსნის ერისთავის, იესე ყულარაღასის მეუღლის ქეთევანის მიერ. გადასაფარებელი პაპავებმა 1936 წელს ბერლინში შეიძინეს იმ იმედით, რომ როდესმე ბედი გაუღიმებდათ და ძვირფას რელიქვიას სამშობლოში დააბრუნებდნენ. პაპავების ანდერძი მათმა შთამომავლებმა შეასრულეს და ისტორიული რელიქვია რეზო თაბუკაშვილის ხელით გადმოსცეს საქართველოს და დღეს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

   აკაკი პაპავა გარდაიცვალა 1964 წლის 27 ივლისს არგენტინაში. ანდერძის თანახმად, გადმოასვენეს საფრანგეთში და პარიზთან ახლოს ლევილში, ქართველთა სავანეში დაკრძალეს.

Member of Organizations

  • თეატრალური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Contacts Information

  • Business
    Address:თბილისში, სომხების ბაზარი №3

Share: