The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მარიამ ქრისტეფორეს ასული უგრელიძე

მარიამ ქრისტეფორეს ასული უგრელიძე
Date of birth:19 January, 1885
Date of death:20 May, 1960  (at 75 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator, Public Figure

Biography

    მარიამ უგრელიძე დაიბადა 1885 წელს სოფელ დიღომში პედაგოგის ოჯახში. 1903 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში. პირველი საექიმო პრაქტიკა "სისხლიან კვირას" გაიარა, როცა დაჭრილ დემონსტრანტებს უვლიდა. ამის შემდეგ მარიამი ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1906 წელს დააპატიმრეს და 2 წელი ციხე მიუსაჯეს. განთავისუფლების შემდეგ  იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო ჯერ საფრანგეთში, ხოლო შემდეგ შვეიცარიაში.

    მარიამ უგრელიძემ ჟენევის სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა, რომელიც 1918 წელს დაამთავრა, რუსეთში დაბრუნდა და სახელმწიფო გამოცდები ოდესის უნივერსიტეტში ჩააბარა. იმავე წელს მარიამი საქართველოში ჩამოვიდა და სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქალაქის პირველი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში განაგრძო სამსახური.

   1921 წელს მარიამი მონაწილეობას იღებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტთან პედიატრიის კათედრის ჩამოყალიბებაში და არჩეული იქნა კათედრის უფროს ასისტენტად, ხოლო 1927 წლიდან თავად  განაგებდა ამ კათედრას. მარიამ უგრელიძე გახლავთ პირველი ქალი, რომელმაც პედიატრიაში პროფესორის წოდება მიიღო. იგი გახლდათ არა მარტო კარგი პედაგოგი და მეცნიერი, არამედ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმის განვითარების დიდი ორგანიზატორი და მოამაგე. მისი ინიციატივით იქნა ჩამოყალიბებული დედათა და ბავშვთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც სამეცნიერო ნაწილს თავად განაგებდა.

   1929 წელს, მარიამ უგრელიძის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც იგი სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა. იგი, აგრეთვე, გახლდათ პედიატრთა საკავშირო საზოგადოების საპატიო წევრი, სამედიცინო ენციკლოპედიის და ჟურნალ "პედიატრის" რედკოლეგიის წევრი.

  მარიამ უგრელიძე გახლდათ, არა მარტო მეცნიერული, არამედ მრავალი პოპულარული ნაშრომის ავტორიც. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ექსპედიციებს, რომლის შედეგადაც შესწავლილი იქნა, როგორც სხვადასხვა დაავადების გავრცელების რუკა საქართველოში, ასევე მათ წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებიც.

   გამოჩენილი ქართველი პედიატრი გარდაიცვალა 1960 წლის 20 მაისს და თავდაპირველად იგი დაკრძალეს მშობლიურ სოფელ დიღომში, ხოლო დაბადების 85 და გარდაცვალების 10 წლისთავთან დაკავშირებით მისი ნეშტი მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს.

Member of Organizations

  • პედიატრთა საკავშირო საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ჟურნალი "პედიატრი", რედკოლეგიის წევრი
  • სამეცნიერო ენციკლოპედია, რედკოლეგიის წევრი
  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე (1929-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Bibliography

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოების გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 330

Share: