The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიგო სიმონის ძე შარაშიძე

გიგო სიმონის ძე შარაშიძე
Legal name:შარაშიძე გიორგი სიმონის ძე
Date of birth:6 January, 1848
Date of death:9 February, 1932  (at 84 years)
Burial location:სოფელ ბახვის სკოლის ეზო
Category:Ethnologist, Educator, Publicist, Public Figure

Biography

   გიგო შარაშიძე დაიბადა  1848 წლის 6 იანვარს ჩოხატაურის მაზრის სოფელ საყვავისტყეში ღარიბი აზნაურის ოჯახში. წერა-კითხვა შინ, დედამ და ბებიამ შეასწავლეს და შემდეგ ერთ მწირ ბერს მიაბარეს, რომელსაც სოფლის ეკლესიაში სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც გიგომ ხუცური, მხედრული და ლოცვები შეისწავლა. მეზობელმა იაკობ მარმა ახალგაზრდა გიგო თავისთან ქუთაისში წაიყვანა, სადაც სამეურნეო სკოლაში ასწავლიდა. მარის სამეურნეო სკოლაში გიგომ მებოსტნეობა, მებაღეობა, ყვავილების მოვლა და რუსული წერა-კითხვა შეისწავლა. მარის სკოლიდან იგი მშობლებმა ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს. გიგოს ერთი წელი ჰქონდა დარჩენენილი სასწავლების დასახურად და შემდეგ გიმნაზიის მეხუთე კლასში სახელმწიფოს ხარჯით უნდა გადასულიყო, მაგრამ დედა გარდაეცვალა, სწავლა მიატოვა და ერთი წელი მამას სახლში მუშაობაში ეხმარებოდა.

   1863 წელს გიგო შარაშიძე ვარციხეში, ანანოვების მამულში მოეწყო სამუშაოდ, სადაც ხის მასალას ამუშავებდნენ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იძულებული გახდა ერთი წლის შემდეგ ისევ სახლში დაბრუნებულიყო.

   გიგო შარაშიძემ გადაწყვიტა პროფესიად პედაგოგობა აერჩია და ხელი მოჰკიდა თვითგანვითარებას, სახალხო მასწავლებლობისთვის მოემზადა და 1869 წელს სოფელ მამათის ახლადგახსნილ სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ პერიოდში მან გაიცნო ქართველი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი პეტრე უმიკაშვილი, რომელმაც მასზე დიდი გავლენა იქონია. იგი სისტემატურად აწვდიდა გიგოს სხვადასხვა წიგნებსა და გაზეთებს.

   1871 წელს ძიმითის სკოლა შეამოწმა ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა ვიქტორ ტროიემ, რომელმაც შარაშიძის საქმიანობა მოიწონა და როცა იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ მშობლიურ სოფელ ბახვში სკოლის დაარსება გადაწყვიტა და მასწავლების ძებნას შეუდგა, ტროიემ მას გიგო შარაშიძის კანდიდატურა შესთავაზა.

    1874 წელს ბახვში დაწყებითი სკოლა გაიხსნა და გიგო შარაშიძე ბახვის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. ძიმითისა და ბახვის სკოლები მოწინავენი იყვნენ იმ პერიოდის ქუთაისის გუბერნიის სკოლებს შორის. მათი დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი შარაშიძის პედაგოგიური საქმიანობა იყო. სკოლასთან გააშენა დეკორატიული ბაღი, ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ვენახი, ჩაი და აბრეშუმისა და ფუტკრის მეურნეობები და მოსწავლეებსა და სოფლის გლეხობას მებოსტნეობას, მებაღეობას, მეფუტკრეობას, მეაბრეშუმეობასა და მევენახეობას ასწავლიდა. სკოლის წარმატებაში არანაკლები იყო მისი მეუღლის ნინო ქიქოძის როლი, რომელიც გაბრიელ იმერეთის ეპისკოპოსის ძმისშვილი გახლდათ.

   გიგო შარაშიძე, სოფელ ბახვში ყოფნის დროს,ხალხოსნურ მოძრაობაში ჩაება  და მისი ინიციატივით ბახვსა და ლიხაურში ხალხოსანთა წრეები ჩამოყალიბდა. გიგოს ეს საქმიანობა არ გამოპარვიათ ცარიზმის აგენტებს, მისი სახლი გაჩხრიკეს, რამდენიმე ხნით დააპატიმრეს და გათავისუფლების შემდეგ სამი წლის განმავლობაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

    გიგო შარაშიძე, გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1875 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის თაოსნობით ბახვში შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება დაარსდა, რომელსაც სათავეში გიგო შარაშიძე ჩაუდგა და 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამხანაგობის მიერ 1886-1888 წლებში გაყვანილ იქნა სარწყავი არხი მდინარე ნატანებიდან, დაარსდა სასოფლო ბიბლიოთეკა.

   1905 წელს შარაშიძეების ოჯახი იძულებული გახადეს ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი ჭიათურაში გადასულიყვნენ, სადაც ისინი ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ. საბოლოოდ ისინი კვლავ ბახვში დაბრუნდნენ და საცხოვრებლად დამკვიდრდნენ.

   1911 წელს გიგო და ნინო შარაშიძეებმა თავი დაანებეს პედაგოგიურ საქმიანობას.

   1925 წელს გიგო და ნინო შარაშიძეებს ოზურგეთში  პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის დიდი იუბილე გადაუხადეს.

   1930 წელს გიგო შარაშიძე ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს.

   გიგო და ნინო შარაშიძეებს ჰყავდათ შვილები: შალვა, რომელიც გახლდათ მწერალი და იუმორისტული ჟურნალის „მათრახის“ დამაარსებელი და რედაქტორი, მეცნიერი და ისტორიკოსი თამარ შარაშიძე, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრის, ნიკოლოზ ქარცივაძის მეუღლე გახლდათ, ისტორიკოსი ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, რომელიც საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო და დავითი, ასევე ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

   გიგო შარაშიძეს ეკუთვნის ნაშრომები: „ცოტა რამ გურიის სკოლების წარსულიდან“, „ჩემი მოგონებანი“, „გურული ლექსიკონი“, „როგორ გადარჩნენ გაცოფებას დათია და სტეფანე ბაღიშვილები“, „ექვსი საუკეთესო გურული ყურძნის ჯიშის ამპეოლოგია“, ასევე საბავშვო მოთხრობები: „ფუტკრის ბაასი“ და „ფუტკრის ცხოვრება“. მას აგრეთვე გამოქვეყნებული აქვს საინტერესო წერილები გურიის სახალხო სკოლების ისტორიიდანაც, რომლებიც სახალხო განათლების ისტორიის მკვლევართათვის საგულისხმო მასალებს შეიცავს.

   გიგო შარაშიძის მიერ გურიის ვაზის ჯიშების შესახებ გამოქვეყნებული მასალით ისარგებლა ივანე ჯავახიშვილმა „საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაზე“ მუშაობისას.

   გიგო შარაშიძე გარდაიცვალა 1932 წლის 9 თებერვალს და მისივე ანდერძის თანახმად დაკრძალეს ბახვის ძველი სკოლის ეზოში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი (1916-)

Share: