The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიგო გასპარის ძე ხეჩუაშვილი

გიგო გასპარის ძე ხეჩუაშვილი
ოფიციალური სახელი:გრიგოლ გასპარის ძე აკოფიანი
სხვა სახელი:გ. ხეჩოაშვილი  (ფსევდონიმი)
გიგო თეძმისხეველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1879
გარდაცვ. თარიღი:1960  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი

ბიოგრაფია

    გიგო ხეჩუაშვილი დაიბადა 1879 წლის 14 აგვისტოს, გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში ნაყმევი გლეხის ოჯახში. 7 წლისა დედამ სოფლის სკოლაში მიაბარა, მაგრამ ჯერ ანბანი არ ჰქონდა შესწავლილი, რომ ნაბატონარმა თარხნიშვილმა სახლში ხელზე მოსამსახურედ წაიყვანა. 14 წლისა ბატონის სამსახურს გაექცა და მანგლისში დუქანში დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ მუშაობდა საჯინიბოში, შეშის საწყობში, ოჯახში მსახურად და დღიურ მუშად. ბოლოს თბილისს ტივით ჩასულმა, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში ჩარხის მბრუნავად დაიწყო მუშაობა, მალე ასოებს გაეცნო და „ქართველთა ამხანაგობის სტამბაში“ ასოთამწყობად მოეწყო.

    გიგო ხეჩუაშვილმა წიგნის კითხვა ნაბატონარი თარხნიშვილის სახლში შეისწავლა და „ვეფხისტყაოსნის“, „ყარამანიანისა“ და „ვისრამიანის“ საშუალებით თვითგანვითარებას დაეწაფა, იქვე გაეცნო ანტონ ფურცელაძის გამოკვლევას გიორგი სააკაძეზე და განიზრახა გიორგი სააკაძეც ტარიელივით აეწერა. მწერლობა 14 წლის ასაკში დაიწყო და  პირველად ნაწერები ანტონ ფურცელაძეს წარუდგინა, რომელმაც 1898 წელს ორიოდე ლექსი გაზეთში დააბეჭდინა. ამ დროიდან იბეჭდებოდა „მოგზაურში“, „ნაკადულში“, „სახალხო გაზეთში“, „მოამბეში“, „თეატრი და ცხოვრებაში“, „სუსხსა“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში.

    გიგო ხეჩუაშვილის კალამს ეკუთვნის ლექსები, ასევე დრამატული და ისტორიულ-ლეგენდარული პოემები: „პაატა“, „რუიზანი“, „საქართველოს გმირი“, „ოცი ძმა“, „დურგლიაანთ ქორწილი“, „სიმონა ბუჯიაშვილი“, „მეკვლე“, „უკუღმართობა“, „ბერუას ნიკოლა“, „გოგიანთ კაკალი“, დრამატული ნაწარმოებები: „მუშა-მგოსანი“, „დარბეულნი“, „უმანკონი“, ეტიუდები და საბავშვო მოთხრობები. წერდა სადა, მარტივი, საყოველთაოდ გასაგები სურათოვანი წმინდა ქართული ენით. მოწოდებით, როგორც სამშობლო ქვეყნის ერთგული შვილი:

„მე თუმცა სომეხს მიხმობენ,

 მასხია მათი ნაბადი,

მაგრამ ქართველის ძმადშობილს,

 მაქვს სიყვარულის ღაღადი.

 ჩიტი სადაც გაიზრდება,

 მისი ბაღდადიც იქ არის“

  1923 წელს, იოსებ იმედაშვილის თაოსნობით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, მისი სამწერლო მოღვაწეობის 25 წლის შესრულების იუბილე გადაუხადეს და გამოიცა მისი ნაწერები და საიუბილეო კრებული.

   გრიგოლ ხეჩუაშვილი 1960 წელს გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1922)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: