Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ნიკო ნიკოლოზის ძე კეცხოველი![]()
Biographyნიკო კეცხოველი დაიბადა 1897 წლის 26 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ტყვიავში. 1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო სკოლა. 1917-1921 წლებში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, ეროვნულ არმიაში მსახურობდა და იყო არმიის ოფიცერი. 1918 წელს მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს, 1919 წელს თურქი ასკერების წინააღმდეგ და 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთ-საქართველოს ომში. აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. მონაწილეობა აქვს მიღებული ბათუმის ომში, რომლის დროსაც გენერალი მაზნიაშვილის პოლკმა ბოლშევიკურ რუსეთთან შეთანხმებით თურქებისგან გაწმინდა ბათუმი და აჭარა. ამ ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის მიღებული ჰქონდა „თეთრი გიორგის“-ის ჯვარი. 1917 წელს ნიკო კეცხოველის უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და წლების მანძილზე გახლდათ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921-1924 წლებში იგი გახლდათ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური მთავარი კომიტეტის წევრი და „დამკომი“-ს წევრი ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატთა ორგანიზაციიდან. 1921-1923 წლებიში ნიკო კეცხოველი დაპატიმრებული იყო და 1924 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ჩამოცილდა პოლიტიკურ საქმიანობას. 1926 წელს ნიკო კეცხოველმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1923 წლიდან იგი უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი გახლდათ, ხოლო სწავლის დამთავრების შემდეგ ამავე კათედრის პედაგოგი და 1929 წლიდან - დოცენტი. 1933 წელს ნიკო კეცხოველი არჩეული იქნა ამ კათედრის გამგედ და ამ მოვალეობას გარდაცვალებამდე ასრულებდა. 1937 წელს ნიკო კეცხოველს პროფესორის წოდება მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ 1924 წლის აჯანყების შემდეგ იგი მთლიანად ჩამოშორდა პოლიტიკას და ხელი მიჰყო მეცნიერულ საქმიანობას, 1941-1943 წლებში, უკვე აკადემიკოსი, სხვა სახელოვან მოღვაწეებთან ერთად შედიოდა არალეგალურ ფარულ კომიტეტში, რომელიც მხარს უჭერდა სამანელთა მოძრაობას და იღწვოდა ბოლშევიკური იმპერიის მარწუხებიდან საქართველოს გამოსახსნელად. საბედნიეროდ, მათ ბოლომდე მოახერხეს უმკაცრესი კონსპირაციის შენარჩუნება და რეპრესიებს გადაურჩნენ. ნიკო კეცხოველი გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი 1941 წლიდან. 1945-1953 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას იკავებდა. ნიკო კეცხოველი ქართული ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელია. 1941-1957 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარე და 1963 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი. 1958 წელს ნიკო კეცხოველი საქართველოს ბოტანიკოსთა საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი უცვლელი თავმჯდომარე გახლდათ. ნიკო კეცხოველი ავტორია უამრავი მეცნიერული ნაშრომისა. მისი ძირითადი შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მის თანამედროვე მდგომარეობას, აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. აქვს მრავალი ლიტერატურული ნარკვევი, ნოველა და მოთხრობა. თავის მხატვრულ ნაწარმოებებში კეცხოველი გვევლინება როგორც ბიოლოგი და მეცნიერების პოპულარიზატორი, ბუნების სიმდიდრეთა და მშობლიური მხარის ღირსშესანიშნაობათა დამცველი. 1975 წელს მიღებული აქვს საკავშირო საზოგადოება „ცოდნის“ პრემია. 1973 წელს საფრანგეთში სამეცნიერო მივლინებით ყოფნის დროს, ქართველ ემიგრანტთა დახმარებით, ნიკო კეცხოველი ფარულად შეხვდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის გამოჩენილ მოღვაწეებს ელისე პატარიძეს და ლევან ზურაბიშვილს. ნიკო კეცხოველი გარდაიცვალა 1982 წელს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |