The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ბენედიქტე ბერი

ბენედიქტე ბერი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ (ვახტა) ბარკალაია
დაბადების თარიღი:1834
გარდაცვ. თარიღი:23 დეკემბერი, 1911  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    ვახტანგ ბარკალაია დაიბადა 1834 წელს სამეგრელოს სამთავროს სოფელ ბეთლემში აზნაურის ოჯახში. მიღებული ჰქონდა საერო განათლება და იცოდა მცირეოდენი სალაპარაკო რუსული ენა. მან თავისი სამსახური სახალხო მილიციაში დაიწყო.

    1858 წელს იუნკერმა ვახტანგმა სამხედრო ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში აწარმოებდა. ომის დროს მილიცია ძირითადად წინა პოზიციებზე იბრძოდა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს იგი თავის ორ მეგობართან ერთად უღრან ტყეში იყო დაზვერვაზე და მტრის ალყაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი ზურაბ კარტოზია მძიმედ დაიჭრა. მათ დაღუპვა ელოდათ, მაგრამ უკუნეთმა ღამემ შეუშალა ხელი მტრის ძალებს. სწორედ ამ მძიმე წუთებში, მან ღმერთს პირობა მისცა, რომ თუ ის და თავის ამხანაგები გადარჩებოდნენ და სამშვიდობოს გავიდოდნენ, იგი ბერად აღიკვეცებოდა და თავის სიცოცხლეს უფლის სამსახურში დაასრულებდა. მართლაც, გამთენიისას მოხდა სასწაული. მთიელები წასულიყვნენ. მაშინ ვახტანგმა და მისმა მეგობარმა დიმიტრი გაბუნიამ დაჭრილი მეგობარი ზურგზე მოიკიდეს, 35 კმ ფეხით ატარეს და მშვიდობით მიაღწიეს ძირითად ბანაკს. სამწუხაროდ, დაჭრილი ზურაბ კარტოზია მალევე გარდაიცვალა. 

    ომიდან დაბრუნებულმა ვახტანგმა სოხუმში ვაჭრობა წამოიწყო, რათა მცირეოდენი თანხა დაეგროვებინა და ღვთისადმი მიცემული ფიცი შეესრულებინა. რამდენიმე წელიწადში მან ყველაფერი გაყიდა და 1866 პალესტინაში წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა, იქიდან კი ათონის წმინდა მთაზე მოხვდა, სადაც ივერონის მონასტერში მისულს მძიმე სურათი დახვდა. ქართველთა სავანე ბერძენ ბერებს მთლიანად ხელში ჩაეგდოთ და ქართველებს აღარ აკარებდნენ იქაურობას.

    საქართველოში დაბრუნებულმა ვახტანგ ბარკალაიამ, მორჩილ ბესარიონ ნოდიას დახმარებით, იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე), სამეგრელოს ეპისკოპოს ტარასის (ელიავა) და გურიის ეპისკოპოს გაბრიელის (ტუსკია) ლოცვა-კურთხევით შეაგროვა საკმაოდ სოლიდური თანხა და 12 ქართველთან ერთად ათონის მთაზე გაემართა, სადაც ახალი ქართული სავანის დაფუძნება უნდა მომხდარიყო. მართლაც, უდიდესი ძალისხმევისა და ბრძოლის შედეგად მან მალევე შეძლო ათონის მთაზე სულიერი ცხოვრების აღორძინება.

    1869 წელს ივერონის მახლობლად ვახტანგმა შეიძინა მიტოვებული, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სენაკი და იქ დაბინავდა, ვიდრე ივერთა ძველ მონასტერს დაიბრუნებდნენ. დაახლოებით 1870 წელს, ათონის მთის წმინდა ილია წინასწარმეტყველის კელიაში მცხოვრებმა სქემმღვდელმონაზონმა ქრისტეფორემ, ვახტანგი ბენედიქტეს სახელით მცირე სქემაში ბერად აღკვეცა. უცნობია, თუ სად მოხდა მისი კურთხევა დიაკვნისა და მღვდლის ხარისხში. აქედან იწყება ინტენსიური მუშაობა სავანეში ძველი ქართული სამონასტრო ტრადიციების აღდგენა-დამკვიდრებისათვის.      მამა ბენედიქტეს ძალისხმევითა და მონდომებით XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართველთა სავანეში უკვე 50-ზე მეტი ქართველი ბერმონაზონი მოღვაწეობდა. მიუხედავად მწირველი მოძღვრების ნაკლებობისა, წირვა-ლოცვა ყოველდღიურად აღესრულებოდა. 

    ათონის მთის ქართველთა ახალი სავანე უამრავ შემოწირულებას იღებდა, რადგან ათონზე ცხოვრება და არსებობა დიდ ფინანსებს მოითხოვდა. სწორედ ამ პერიოდში ქართველმა ბერებმა კიდევ ერთხელ მიმართეს დახმარებისათვის რუსეთის მთავრობას, რომელმაც შეიწყნარა მათი თხოვნა და იმ შემოსავლებიდან, რომელიც ივერთა მონასტერს ეძლეოდა, 300 თუმანი განუწესა, როგორც დახმარება.

    ათონელმა ბერძნებმა ოსმალეთის მთავრობისგანაც მიიღეს ბრძანება, რომ ქართველები არ შეეწუხებინათ, მაგრამ მათი ძალადობის წინაშე ყოველივე ეს ამაო აღმოჩნდა. XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს მამა ბენედიქტე საქართველოშია. იგი სამეგრელოში, ნახარებაოს ღვთისმშობლის ხარების მონასტერში ცხოვრობდა. 

    1900 წელს, წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ნახარებაოს მონასტრის სქემმღვდელ-მონაზონი ბენედიქტე დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის წოდება მიენიჭა. 

    1901 წელს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე მამა ბენედიქტე ავადმყოფობის გამო გადადგა წინამძღვრობიდან და სამეგრელოში, ხობის მონასტრის უშტატო წევრად დაინიშნა.

    1911 წლის შემოდგომაზე მამა ბენედიქტეს მოულოდნელად დამბლა დაეცა და ორი-სამი თვის ავადმყოფობის შედეგად, 23 დეკემბერს ხობის მონატერში გარდაიცვალა. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1880-1911)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ათონის მთა

გააზიარე: