The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ქრისტეფორე ნიკოლოზის ძე უგრელიძე

ქრისტეფორე ნიკოლოზის ძე უგრელიძე
დაბადების თარიღი:1857
გარდაცვ. თარიღი:1899  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

    ქრისტეფორე უგრელიძე დაიბადა 1857 წელს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში. დედა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდა მთლიანად მამამ ითავა. რვა წლის ქრისტეფორე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც წარმატებით დაამთავრა და 1872 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. ამ დროს სემინარიაში საშინელი რეაქციული რეჟიმი მძვინვარებდა. ქრისტეფორე აქტიურად ჩაება მოწაფეთა არალეგალური წრის მუშაობაში, რომელმაც ხელნაწერი ჟურნალი "ხმა უდაბნოდან" გამოუშვა.

   1878 წელს ქრისტეფორე უგრელიძემ დაათავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვს გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა მისაღები გამოცდები. ამ დროს მოსკოვის აკადემიაში სწავლობდნენ ქართველი სტუდენტები: თედო ჟორდანია, იოსებ სანებლიძე, ლაზარე იაკიშოვი, დიმიტრი ჯანაშვილი და ვასილ ბარნოვი. ამ წლებში დაარსდა მოსკოვის ყველა უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლე ქართველ სტუდენტთა " ქართული სათვისტომო", რომლის მიზანი სამშობლოდან შორსმყოფი ქართველი სტუდენტების ყოველმხრივი დახმარება იყო. ეს სათვისტომო საკმაოდ მძლავრ ორგანოზაციად ჩამოყალიბდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

    ქრისტეფორე უგრელიძემ მოსკოვის აკადემია 1882 წელს დაამთავრა. მის საბუთებში აღნიშნული იყო: "Окончил Московскую духовную академию со степенью кандидата богословия и с правом получить степень Магистра". უგრელიძეს შესთავაზეს აკადემიაში დარჩენა პროფესორად მოსამზადებლად, მაგრამ მან, როგორც მაშინდელი ქართველი სტუდენტების უმრავლესობამ სამშობლოში დაბრუნება და მოღვაწეობა გადაწყვიტა. ქრისტეფორე დაბრუნდა საქართველოში და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   1882 წელს ქრისტეფორე რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა სამეგრელოში, ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში. ახალგაზრდა მასწავლებელმა დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა მოწაფეებში. ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე თედი სახოკია თავის მოგონებებში წერდა: "მასწავლებელი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ნორჩ გონებაში, იყო ქრისტეფორე უგრელიძე, მოსკოვის აკადემიის ახალკურსდამთავრებული. იგი ნამდვილ პედაგოგად იყო დაბადებული. მის გაკვეთილზე სამაგალითო დისციპლინა იყო დამყარებული, რომელიც ერთხელაც არ დარღვეულა".

   1883 წელს უგრელიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს. ამ დროს ქართული ენის მასწავლებელი სრულფასოვნად არ ითვლებოდა, რადგანაც ქართული ენა სავალდებულო საგანი არ იყო. თბილისში ქრისტეფორე უგრელიძემ უფრო საზოგადო საქმიანობას მიჰყო ხელი. აგრძელებდა თავის საყვარელ საქმეს – ხალხური ზეპირსიტყვიერების შეკრებას, შესწავლასა და დამუშავებას. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში. ჟურნალ "ივერიაში" დაბეჭდა რამდენიმე სტატია ქართული და რუსული გრამატიკის სწავლების საკითხებზე, პედაგოგიური წერილები ბავშვთა აღზრდის შესახებ.

   მიუხედავად ყველაფრისა, ქრისტეფორე უგრელიძემ მაშინდელი ბიუროკრატიული მთავრობის და მისი მოხელეების ყურადღება ვერ დაიმსახურა, მას "არასანდო პირად" და მაშინდელი სკოლისათვის მიუღებელ მასწავლებლად მიიჩნევდნენ. ამას ზედ დაერთო ოჯახური პრობლემები და 1891 წელს, თავისივე თხოვნით, თბილისიდან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გადავიდა რუსული ენის მასწავლებლად. ქალაქი ქუთაისი იმ დროს ქართველი ერის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობდა. აქ თავმოყრილი იყო ქართველი ინტელიგენციის დიდი და აქტიური ნაწილი, ყოველ საზოგადო საქმეს აქ ეყრებოდა საფუძველი. ქრისტეფორე უგრელიძე საზოგადოებრივ საქმიანობაში ეძებდა სულიერ კმაყოფილებას. თვითმპყრობელობის აგენტებს შეუმჩნეველი არ დარჩათ უგრელიძის მოქმედება და დაიწყო მისი დევნა პოლიტიკურ ნიადაგზეც. სასულიერო უწყების მესვეურებმა გადაწყვიტეს ქრისტეფორე მთლიანად მოეშორებინათ საქართველოსთვის და იგი ჩერნიგოვის გუბერნიაში მასწავლებლად გადაიყვანეს. ყველაფერმა ამან მასში სულიერი დეპრესია გამოიწვია...

    1899 წლის 26 ივლისს ქრისტეფორე უგრელიძე ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა და დაბინავდა სასტუმრო "Славянские номера"–ში. იმავე ღამეს, თვითმკვლელობის მიზნით, ქრისტეფორე მესამე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1885-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    მისამართი:თბილისი, სასულიერო სასწავლებელი

გააზიარე: