The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ისაკ გიორგის ძე ალხანაშვილი

ისაკ გიორგის ძე ალხანაშვილი
Legal name:ისაკ გიორგის ძე ალხანიშვილი
Date of birth:1 August, 1865
Date of death:17 January, 1950  (at 84 years)
Category:Worker, Politician, Journalist

Biography

    ისაკ ალხანაშვილი დაიბადა 1865 წლის 1 აგვისტოს სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში.

    1882 წელს ძმამ წამოიყვანა და სურამის უღელტეხილზე რკინიგზის სადგურზე მეისრედ დააწყებინა მუშაობა, სადაც შეისწავლა წერა-კითხვა და თვითგანვითარებას დაეწაფა.

  1895 წელს თბილისში წამოვიდა, სადგურში ისევ მეისრედ დაიწყო მუშაობა და რუსეთის სოციალ-

დემოკრატიული მუშათა პარტიის წრეში გაერთიანდა, სადა 4 თვე დაჰყო, ხოლო შემდეგ თავად ჩამოაყალიბა წრე და აქტიურად მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში, მართავდა ფარულ კრებებს, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას, პროკლამაციებს და საქართველოს სხვადასხვა დაბა-ქალაქში აგიტაცია-პროპაგანდისათვის რევოლუციურ ლექსებს კითხულობდა.

   1897 წელს უზენაესმა სასამართლომ ალხანაშვილი გაასამართლა, როგორც „უღმერთო და ხელმწიფის უარმყოფელი“ და დააპატიმრა.

    1900 წელს, ავლაბარში საპირველმაისო კრების გასამართად მზადების დროს, მიხა დარჩიაშვილის ოჯახში იროდიონ ევდოშვილი გაიცნო.

    1902 წელს, ოპერის თეატრთან დროშის აფრიალებისთვის და კიშინევის პაგრომის ფურცლების გავრცელებისთვის კვლავ დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

    1904 წელს, იროდიონ ევდოშვილთან ერთად, თბილისში ღვინის სარდაფი „ბოდბისხევი“ გახსნა, სადაც რკინიგზის დეპოს და სხვა სახელოსნოების მუშები ვითომ სასაუზმოდ იკრიბებოდნენ. სინამდვილეში, ამ სარდაფში იროდიონ ევდოშვილი, ანტონ განჯისკარელი  და სხვები დამსწრე მუშებს თავისი ლექსებით და სიტყვებით თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ამხედრებდნენ.

    1905 წელს, როცა განჯის პოლკში ნამსახურები ევდოშვილი თბილისში დაბრუნდა, ალხანაშვილთან ერთად კრების ჩატარება დაგეგმა, მაგრამ შეხვედრის დამთავრებისთანავე სარდაფს ჟანდარმები შემოერტყნენ, ალხანიშვილი სასტიკად სცემეს და ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მუშათა გაფიცვის გამო, საგაფიცვო ბიუროს მოთხოვნით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სადგურ ხაშურში იგი ვაგონების გადამბმელად გადაიყვანეს და ბოლოს ბაქოში გაამწესეს.

    1908 წელს, თბილისში ალხანაშვილის რედაქტორობით სოციალ-დემოკრატიული დღიური გაზეთი „ცისკარი“ გამოიცა, რომელიც რამდენიმე ნომრის გამოცემის შემდეგ მთავრობამ ჭოლა ლომთათიძის მოთხრობის „სახრჩობელაზე“-ს გამო დახურა, ხოლო თავად ალხანაშვილს 4 თვით ციხე მიუსაჯეს.

   ისაკ ალხანიშვილი გარდაიცვალა 1950 წლის 17 იანვარს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-1910)

Bibliography


Share: