The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე

ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე
Other name:ზაქარია მთისპირელი  (Pseudonym)
Date of birth:1873
Date of death:8 December, 1933  (at 60 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Educator, Religious leader

Biography

   ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა 1873 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ასკანაში მედავითნის ოჯახში.

   1889 წელს მიაბარეს თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1895 წელს დაამთავრა და იმავე წელს კიევის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა. კიევის სემინარია 1899 წელს დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მასწავლებლობას 1902 წლამდე აგრძელებდა, რადგან ამ წელს დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში წინამძღვრად განამწესეს.

   ფოთში მსახურების დროს მამა ნიკიტას უთანხმოება ჰქონდა გურია-სამეგრელოს მაშინდელ ეპისკოპოს დიმიტრისთან (აბაშიძე), რომელმაც ეგზარქოს ალექსის (ოპოცკი) მოძღვრის სხვა ეპარქიაში გადაყვანა სთხოვა. 1903 წელს მღვდელი ნიკიტა დიდუბის ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.ამ დროს საქართველოში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და რუსი ეგზარქოსები ცდილობდნენ, ქართველი მრევლის მეხსიერებიდან ამოეშალათ ქართველ წმინდანთა მოხსენიების დღეები.

   1912 წელს, მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.

   1912 წლიდან ტფილისის საოსტატო ინსტიტუტში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

   ნიკიტა თალაკვაძე, როგორც ეპისკოპოს კირიონის თანამოაზრე, აქტიურად იყო ჩაბმული ავტოკეფალურ მოძრაობაში.

  1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1913 წელს კამილავკით, ხოლო 1915 წელს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

  1917 წელს მღვდელ ნიკიტას დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.

   1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა საკათოლიკო საბჭოს წევრი იყო. იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავჯდომარე გახლდათ და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ III (საძაგლიშვილი).

   დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ტრაგიკული აღსასრული. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, დაახასიათა განსვენებული, როგორც ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე მეცნიერ-მწყემსმთავარი.

   საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ისევე როგორც მთელ ეკლესიას და სამღვდელოებას, მამა ნიკიტასაც უმძიმესი დღეები დაუდგა. 1922 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია: "ყველაფრიდან ჩანს, რომ კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, მას სურს სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს. ასეთი სიცრუის და სიყალბის ხანა არა მგონია, რომ კაცობრიობას ახსოვდეს. დაიწყო დიდი ზნეობრივი გათახსირება". ხელისუფლება დღითი-დღე სულ უფრო ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს, რომელიც  თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი გახლდათ. ჩვენამდე მისმა არაერთმა ქადაგებამ მოაღწია.

   1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა, სამღვდელო სამოსით სიარულის მოტივით, იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა. 1924 დეკანოზი ნიკიტა აიძულეს ეკლესია დაეტოვებინა. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, ხოლო შემდეგ  კულტურის სამინისტროში.

   დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე გარდაიცვალა 1933 წლის 8 დეკემბერს და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1915 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Bibliography


Share: