The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ პორფილეს ძე ხავთასი

მიხეილ პორფილეს ძე ხავთასი
Date of birth:7 September, 1893
Date of death:17 March, 1979  (at 85 years)
Category:Singer, Musician, Educator, Entertainer

Biography

      მიხეილ ხავთასი დაიბადა 1893 წელს, ოზურგეთის მაზრის სოფელ სუფსაში. 1900 წელს ხავთასების ოჯახი საცხოვრებლად ფოთში გადავიდა, სადაც მიხეილი საქალაქო სასწავლებელში შეიყვანეს. 1908 წელს მან სასწავლებელი დაამთავრა, მაგრამ უსახსრობის გამო, სწავლა ვეღარ გააგრძელა. მამის გარდაცვალების შემდეგ მან ოჯახზე ზრუნვა თავის თავზე აიღო.

     მიხეილი ჯერ კიდევ სასწავლებელში სწავლისას მღეროდა გუნდში. ცნობილმა ლოტბარმა ავქსენტი მეგრელიძემ, 10 წლის მიხეილი გურია-სამეგრელოს საეპარქიო ტაძრის მგალობელთა გუნდში ჩარიცხა, სადაც მან ათი წელი დაჰყო. აქვე შეისწავლა მუსიკის ანბანი და საგუნდო ხელოვნება. 1913 წელს მიხეილ ხავთასი ინიშნება აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის სიმღერა-გალობის მასწავლებლად და საგუნდო სკოლის ხელმძღვანელად. 1914 წლიდან სოხუმის ოლქის სოფელ ცხენისწყლის დაწყებით სკოლაში გადადის სიმღერა-გალობის მასწავლებლად, ხოლო 1916 წლიდან აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოს ორკლასიან სამრევლო სკოლის მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობდა. 1917 წლიდან მიხეილ ხავთასი მუშაობას იწყებს სოფლების - ნაბადისა და პარკის დაწყებით სკოლებში. პარალელურად იგი ძუკუ ლოლუას გუნდში მღერის და იღრმავებს ცოდნას, ეუფლება ხალხურ სიმღერას. ძუკუ ლოლუას დავალებით მიხეილ ხავთასი გუნდს აყალიბებს ძუკუს დის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ნოტიო ლოლუას პროფესიულ ქალთა სკოლაში.

    1918 წლიდან მიხეილ ხავთასი ფოთის საქალაქო მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობს, ხოლო 1921 წლიდან ქალაქ ფოთის მომღერალ ქალ-ვაჟთა სახელმწიფო გუნდის ხელმძღვანელია. მიხეილს მეუღლე ადრე გარდაიცვალა და სამი მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა მარტო უძღვებოდა. მიუხედავად ამ გარემოებისა, მიხეილმა თავის საყვარელ საქმეს არასდროს უღალატია. 1927 წელს ჩამოაყალიბა რკინიგზისა და წყლოსანთა გუნდები, 1930 წელს კი პროფკავშირების მომღერალ ქალ-ვაჟთა გუნდი. 1933 წელს რემა შელეგიასთან ერთად ფოთში დააარსა საქალაქო ეთნოგრაფიული გუნდი.

       1934 წელს ფოთის განათლების განყოფილების ბრძანებით მიხეილ ხავთასი ინიშნება ბავშვთა თეატრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელად, 1935 წელს კი მეზღვაურთა კლუბის მომღერალთა გუნდს ხელმძღვანელობს. 1936 წელს მიხეილს დაევალა მეჩონგურე ქალთა ანსამბლის მომზადება, რასაც შესანიშნავად გაართვა თავი. 1937 წელს მუშობა დაიწყო ფოთის მუსიკალურ სასწავლებელსა და სკოლაში საგუნდო კლასის პედაგოგად. 1938 წელს მთავრობის დადგენილებით საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში იქმნება სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლები. ფოთის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელად ინიშნება ცნობილი ლოტბარი იროდი კალანდია, ხოლო ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელად მიხეილ ხავთასი. 1940 წელს მიხეილი ფოთის მუსიკალური სკოლისა და სასწავლებლის დირექტორია. ამავე წელს ფოთის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელი იროდი კალანდია ზუგდიდში გადაჰყავთ და მის ადგილს მიხეილ ხავთასი იკავებს. 1952 წელს მიხეილ ხავთასს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს.

     ცნობილი ლოტბარი და მომღერალი მიხეილ ხავთასი გარდაიცვალა 1979 წლის 17 მარტს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1918-)

Awards and Honors

  • 1951 - საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: