The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი

გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი
Date of birth:9 November, 1862
Date of death:28 October, 1936  (at 73 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Educator, Public Figure, Painter

Biography

   გიგო გაბაშვილი დაიბადა 1862 წელს თბილისში ივანე გაბაშვილის ოჯახში, რომელიც თბილისის დეპუტატთა პალატის თანამშრომელი იყო და რომელიც 1868 წელს ხოლერის ეპიდემიამ იმსხვერპლა.

   1882-1883 წლებში, სახალხო რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კ. კეპენის მიერ ახლად გახსნილ კერძო სამხატვრო სკოლაში სწავლობდა და ამავე დროს, მეცადინეობდა ცნობილ მხატვარ ფრანც რუბოსთან. კეპენის სკოლის დამთავრების შემდეგ, 1883 წელს პეტერბურგში გაემგზავრა და ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ვოლევალდეს ბატალურ კლასში. 1887 წელს კარგი ხატვისა და ბეჯითი მეცადინეობისთვის ქების სიგელით დააჯილდოვეს. აკადემიაში გიგო გაბაშვილი დიდი მთავრების: ნიკოლოზის, მიხეილისა და გიორგი მიხეილის ძის სტიპენდიით სწავლობდა. სწავლის პერიოდში იგი თვალყურს ადევნებდა მხატვრობაში არსებულ ყველა მიმართულებას და ცდილობდა, თავისი მოქმედების საგნად მხოლოდ მშობლიური ქვეყნის ყოფა-ცხოვრება გაეხადა. ამ პერიოდში მოაწყო აკადემიური გამოფენები, იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ნახატებისთვის სიუჟეტების შესაკრებად. 1888 წელს დახატა საკონკურსო სურათი „ბაზარი ბაქოში“, რომლისთვისაც მიიღო ჯილდო დიდი ვერცხლის მედალი, ხოლო ნახატი ტრეტიაკოვის გალერეამ შეიძინა.

   1888 წელს პეტერბურგის აკადემიის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და საკუთარი სურათების პირველი გამოფენა გამართა. ეს იყო ინდივიდუალური გამოფენის პირველი შემთხვევა, რომელმაც ახალგაზრდა მხატვარს სახელი გაუთქვა, როგორც ცხოვრების უშუალო ამსახველს. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი ჰქონდა: „ბაზარი ორთაჭალაში“, „მრეცხავი ქალები დაბახანაში“, „სალოცავი“, „ქურთი“, „აისორი“, „ურემი“ და სხვ.  მანამდე, ცოტა ადრე (1886 წ.) ფანქრით და ფერებით ვარძიის გეგმა და მხატვრობა გადახატა, შეუდგა საფარისა და ზარზმის მონასტრების გადახატვას. საფარის ტაძრის მხატვრობამ იმდენად გაიტაცა, რომ რუსეთიდან  მხატვრები მოიწვია მათ სანახავად და გადასაღებად.

   1887-1894 წლებში გიგო  გაბაშვილმა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის დროს მხატვრული მასალები შეაგროვა, რომელთაგან 28 სურათი ამერიკელ შარლ კრენის შეკვეთით ჩიკაგოში შეიძინეს. ამით სახსარმოპოვებული გაბაშვილი 1894 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა და მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც ცნობილი გერმანელი მხატვრის, პროფესორ ვაგნერის ხელმძღვანელობით კომპოზიციის უფროს კლასებში უფასოდ მუშაობდა. მას ცალკე სახელოსნო დაუთმეს და ერთი წლის თავზე მისი სურათები მიუნხენში გამოიფინა.

   1898 წელს გიგო გაბაშვილმა წარმატებით დაამთავრა მიუნხენის აკადემია, ხოლო შემდეგი ორი წლის განმავლობაში იმოგზაურა იტალიასა და საბერძნეთში.  სწავლობდა იტალიურ მხატვრობას და მოგზაურობდა საბერძნეთში სიძველეთა დასათვალიერებლად.

   XIX საუკუნის მიწურული და XX საუკუნის პირველი წლები გიგო გაბაშვილის შემოქმედების აყვავების პერიოდია. გაბაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ევროპული მხატვრობის ფორმები საქართველოში, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართული მხატვრობა. მან ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას, პირველმა დაამკვიდრა მხატვრობაში თანამედროვე ცხოვრების მიერ შთაგონებული ეროვნული თემატიკა, საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრების განვითარებას ქართულ მხატვრობაში. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა.

   გიგო გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მრავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, ფილიმონ ქორიძე. არისტოკრატიის წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები: „უცნობი ქართველი თავადი“, „გრძელულვაშიანი თავადი“, „სამი გენერალი“, სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები: „მძინარე ხევსური“, „მთვრალი ხევსური“, „სამი მოქალაქე“, „თბილისის მოქალაქენი“ და სხვა. შექმნა ავტოპორტრეტი, რომელიც დაცულია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

   გიგო გაბაშვილი გახლავთ პიონერი ქართული ჟანრული და ბატალური მხატვრობისა: „ალავერდობა“, „მცხეთობა“, „ღამის თევა“, „განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან“, „არხოტის დაცვა“, „ხევსურთა ლხინი“, „ყაზახთა ბანაკი“, „ბოსტანში“, „ალაზნის ველი“, „იალბუზი“, „ბაზარი სამარყანდში“, „დივანბეგის აუზი ბუხარაში“, „ღვთისმშობელი“, „წმ. ნინო“, „საიდუმლო სერობა“, „აღდგომა ქართველებში“, „ბრძოლა“ და სხვა.

   გაბაშვილი ადრევე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1890-იან წლებში ასწავლიდა „ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების“ ხატვის სკოლაში, რომლის დირექტორი 1901 წლიდან თავად გახლდათ, 1897 წელს თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია და იგი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი.

   გიგო  გაბაშვილი საზოგადოებრივ საქმიანობაშიც მხურვალედ მონაწილეობდა. შეკრიბა და ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადასცა მრავალი სიძველე. ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის დროს აგროვებდა წიგნებს სახვითი ხელოვნების შესახებ, რომლებიც საქართველოს ეროვნულ გალერეას შესწირა. ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მხატვრებს. ცნობილი იყო, როგორც დიდი პატრიოტი. მონაწილეობა მიიღო ქართული ფილარმონიული საზოგადოების დაარსებაში. 1906 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის საოპერო თეატრში ხელი შეუწყო ვანო სარაჯიშვილის სადებიუტო გამოსვლას, რასაც იმ დროს ჩვენი ეროვნული ხელოვნებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და რითაც ჩვენი ეროვნული ოპერის ჩასახვა-აღორძინების საქმეში წვლილი შეიტანა. 1908 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი. 

   1921-1929 წლებში გაბაშვილი საქართველოს აკადემიის ფერწერის პროფესორად ითვლებოდა. 1923 წლიდან ეძლეოდა პერსონალური პენსია. 1929 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა  სახალხო მხატვრის წოდება მიანიჭა, ხოლო 1933 წელს გაიმართა მისი საიუბილეო გამოფენა.

   გიგო გაბაშვილი 1936 წლის 28 ოქტომბერს, მუშაობის დროს ციხისძირის დასასვენებელ სახლში გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, ვაკის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Awards and Honors

  • 1929 - საქართველოს სახალხო მხატვარი

Bibliography


Share: