The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია აბრამის ძე ზარაფიშვილი

ილია აბრამის ძე ზარაფიშვილი
Other name:ინ-ზენ  (Pseudonym)
ნადიკვრელი  (Pseudonym)
Date of birth:1856
Date of death:26 February, 1909  (at 53 years)
Burial location:თელავი
Category:Writer, Educator, Publicist, Public Figure

Biography

   ილია ზარაფიშვილი დაიბადა 1856 წელს ქიზიყში, სიღნაღის მაზრის სოფელ ქვემო მაჩხაანში. თავდაპირველად მამამ სასწავლებლად თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო სწავლა.

   1878 წელს სემინარიის დამთავრების შემდეგ ზარაფიშვილი თელავში დაბრუნდა და სასულიერო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელშიც ასწავლიდა მათემატიკას. ზარაფიშვილი იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების გარდა, მოსწავლეებს ასწავლიდა ქართველ კლასიკოსთა ნაწარმოებებს და აცნობდა საქართველოს წარსულს, რათა ბავშვებში გაეღვივებინა ეროვნული სიამაყის გრძნობა.

    ზარაფიშვილი ფართოდ იყო ჩაბმული საზოგადოებრივ–კულტურულ და რევოლუციურ მუშაობაში. ხალხოსნური იდეებით გატაცებულს მიზნად ჰქონდა დასახული ხალხში განათლების შეტანა და გლეხკაცობის დაცვა. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა საზოგადო საქმეებში და გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე აშუქებდა კახეთის ჭირ–ვარამს. მისი წერილები "ნადიკვრელის" ფსევდონიმით იბეჭდებოდა "დროებაში', "ივერიასა" და "ცნობის ფურცელში".

    ილია ზარაფიშვილი ცოცხალი ენციკლოპედია იყო ისტორიული ეთნოგრაფიისა, მას ისე კარგად ჰქონდა შესწავლილი ხალხური თქმულებები, დღეობები, ხატობა და გლეხის ყოფაცხოვრების საკითხები, რომ დახმარებასაც კი უწევდა ცნობილ მკვლევარებს. ივანე ჯავახიშვილი "ქართველი ერის ისტორიაში" ზარაფიშვილს ხშირად იმოწმებს  თეთრი გიორგის კულტის ახსნის საქმეში.

    პუბლიცისტურ წერილებში ზარაფიშვილი არა ერთხელ შეხებია გლეხობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს. იგი მოუწოდებდა ქართველ ინტელიგენციას, რომ თბილისსა და ქუთაისში დაარსებულიყო სამეურნეო საზოგადოება და სოფლად ამხანაგობები – "ამხანაგობათა წყალობით ხალხი და სამეურნეო მეცნიერება ისე დაუახლოვდებიან ურთიერთს, იმდენს საზრდოს მისცემენ ერთმანეთს, რომ ორთავეს სიცოცხლე და ნაყოფიერება მოემატებათ, ორთავეს საქმე წარიმართება და საყოველთაო სასარგებლოდ დატრიალდება."

   1895 წელს ილია ზარაფიშვილმა თავისი ოჯახის გარშემო შემოიკრიბა მოწინავე ქალთა პატარა ჯგუფი და გადაწყვიტა ქალთა ამხანაგობის დაარსება, ამხანაგობის სამოქმედო გეგმაც თავად შეადგინა. ამხანაგობა მართავდა კრებებს, კითხულობდნენ მოხსენებებს, ჩამოაყალიბეს სცენისმოყვარეთა წრე და მართავდნენ წარმოდგენებს. ამხანაგობამ გახსნა ჭრა–კერვის სასწავლებელი ახალგაზრდა ღარიბი ქალებისათვის, დაიწყეს მატყლის დამუშავება, ხელი მოკიდეს აბრეშუმის ჭიის მოვლა–მოშენებას, მოაწყვეს პატარა ძაფსახვევი ქარხანა და ამ საქმის შესასწავლად ორი ქალი გაიგზავნა დასავლეთ საქართველოში.

   1905 წლის  რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის, მეფის მთავრობამ, 1906 წელს, ციმბირს გადასახლება გადაუწყვიტა, მაგრამ საგანგებო შუამდგომლობით, თავრიზს (სპარსეთი) გადაასახლეს. ლადო აღნიაშვილის შემდეგ, ზარაფიშვილმა პირველმა მოიარა და მოინახულა შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველობა და მათ შესახებ 1906-1907 წლებში „ცნობის ფურცელში“ მრავალი წერილი გამოაქვეყნა.

   1908 წლიდან ილია ზარაფიშვილი აქტიური წევრი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა". მონაწილეობდა თითქმის ყველა კულტურულ-საზოგადოებრივ საქმეში. საკუთარი სახლი თელავში „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თელავის განყოფილებას შესწირს, რომლის შემოსავლითაც სამეურნეო სასწავლებელში უნდა აღზრდილიყო უღარიბესი მოწაფე.

    ოცდახუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ზარაფიშვილი ტოვებს პედაგოგიურ ასპარეზს და სათავეში უდგება მოძრაობას, რომელიც სოფლის მასწავლებლების გამოფხიზლებასა და მშობლიური ენის დაცვას ისახავდა მიზნად. მან თელავში დააარსა მასწავლებელთა კავშირი, რომლის წევრებს დაევალათ ხალხში გასვლა და რევოლუციაში აქტიური მონაწილეობის მიღება. რასაკვირველია, ზარაფიშვილის საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენია ხელისუფლებას, იგი დააპატიმრეს და შორეულ ჩრდილოეთში გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის გამო გადასახლება სამშობლოდან წასვლით შეუცვალეს. მან დატოვა სამშობლო და თავრიზს შეაფარა თავი.

   ილია ზარაფიშვილი დაუძლურებული და მრავალგზის შეურაცხყოფილი დაბრუნდა თავის საყვარელ თელავში, სადაც 1909 წელს გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Bibliography


Share: