The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე ესტატეს ძე მჭედლიშვილი

ივანე ესტატეს ძე მჭედლიშვილი
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1870
გარდაცვ. თარიღი:1933  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, პეტრე-პავლეს სასაფლაო
კატეგორია:მსახიობი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ივანე მჭედლიშვილი დაიბადა 1870 წლის 30 მარტს თბილისში. სწავლობდა თბილისის სასულიერო საქალაქო და ტექნიკურ სასწავლებელში.

   ივანე მჭედლიშვილი იყო ეროვნულ-ხალხური მომღერალთა გუნდის ერთი მესვეურთაგანი. სცენისადმი მიდრეკილება ბავშვობიდანვე გამოიჩინა  და ჩუღურეთში შინაურ წარმოდგენებში მონაწილეობდა.

   დიდ სცენაზე პირველად „ვასილიევის ბაღში“ გამოვიდა, ხოლო შემდეგ ალექსანდრე ნებიერიძის დასში. 16 წლისა შევიდა ქართულ დრამატულ დასში, სადაც 20 წელი იმსახურა. უმთავრესად დრამატულ როლებს ასრულებდა: ლაერტი – „ჰამლეტში“, კარლ მოორი – „ყაჩაღებში“, მანასე – „ურიელ აკოსტაში“, ლევან ხიმშიაშვილი – „სამშობლოში“ და სხვა. თბილისის დრამატული დასით წარმოდგენებს მართავდა საქართველოს სხვადასხვა დაბა-სოფლებში.

   1897 წელს სანდრო კავსაძის ლოტბარობით შეადგინა ქართული ეროვნულ-ხალხური გუნდი, რომლითაც მოიარა მთელი საქართველო, რითაც ქართველთა ეროვნულ გათვითცნობიერებას ძლიერ შეუწყო ხელი და 30-მდე ქართული ხალხური სიმღერა გაავრცელა.

   1908 წლიდან ივანე მჭედლიშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. 

   ივანე მჭედლიშვილი წერდა მოთხრობებსა და პიესებს, რომლებიც გამოქვეყნებული აქვს „კვალში“, „ივერიაში“, „თემში“ და „თეატრი და ცხოვრებაში“. მისი პიესებია: „ქორწინება სოფლად“, „საკიჭიკმაჭიკო“, „ქადაგი სოლომანა“, „რევოლუცია და პოლიციელები“ და „ყაჩაღი ქიარიმა“ (ეს უკანასკნელი გადითარგმნა თურქულ ენაზე).

   1925 წელს გაიმართა ივანე მჭედლიშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი 35 წლის მოღვაწეობის საღამო.

   ივანე მჭედლიშვილი გარდაიცვალა 1933 წელს და დაკრძალულია თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: