Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
სპირიდონ მერაბის ძე ჭელიძე![]()
Biographyსპირიდონ ჭელიძე დაიბადა 1872 წელს რაჭის სოფელ ბაჯში ღარიბი გლეხის ოჯახში. 1885 წელს სოფლის პირველდაწყებითი სკოლა დაამთავრა და მამის სამჭედლოში დაიწყო მუშაობა. ცოტა ხანში თბილისში გადავიდა და 5 წელი ხელზე მოსამსახურედ მსახურობდა, რის შემდეგაც იოსებ იმედაშვილთან ერთად წიგნთსავაჭრო გახსნა და იქვე პროგრესული წიგნების გამომცემლობას მიჰყო ხელი. 1898 წელს ალექსანდრე როინაშვილის დახმარებით და ფილიპე მახარაძის, კარლო ჩხეიძისა და ისიდორე რამიშვილის ხელშეწყობით ბათუმში წიგნთსავაჭრო გააღო, სადაც ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი აგენტურა მუშაობდა და ბათუმის მოწინავე ინტელიგენციისა და „მესამე დასელების“ დახმარებით პროგრესულ-დემოკრატიული და სოციალისტური შინაარსის წიგნების გამომცემლობა „ქართველი მკითხველი“ დააარსა, რომლის გამგედაც თავად იყო არჩეული. სპირიდონმა საკუთარი და სხვა გამოცემათა საწყობი გამართა, შავი ზღვისპირეთში, ოდესიდან ბათუმამდე, რკინიგზის სადგურებში აგენტები დაიქირავა და მათი დახმარებით ხალხში ქართულ წიგნებს ავრცელებდა. ამავე დროს მის სავაჭრო საწყობში ხშირად იკრიბებოდნენ ბათუმის მოწინავე მუშები, რაც ჟანდარმერიას შეუმჩნეველი არ დარჩენია, რის გამოც მისი ბინა ხშირად იჩხრიკებოდა. 1905 წელს მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლების გამო დააპატიმრეს და ბათუმის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით ბათუმის გუბერნიიდან სამუდამოდ გადაასახლეს. ბათუმიდან დევნილმა კვლავ დაიწყო წიგნების გავრცელება საქართველოს დაბა-ქალაქებსა და რკინიგზის სადგურებზე. 1907 წელს, თბილისში, ბათუმში გაუქმებული ნებართვის გამოყენებით ახალი წიგნთსავაჭრო „ახალი ცხოვრება“ დააარსა. 1908 წელს კვლავ დააპატიმრეს და 6 თვის ციხეში ტყვეობის შემდეგ, ვიატსკის გუბერნიაში, გლაზოვის მაზრაში გადაასახლეს, მაგრამ 1910 წელს ალექსანდრე ჭელიძის სახელით ისევ ბათუმში დაბრუნდა. ამ დროს ბათუმში გამოდიოდა შავრაზმელთა რუსული გაზეთი `Черноморский Вестник~ ქართველთა ეროვნული მოძრაობისა და მუშათა გამოფხიზლების ჩასაქრობად. მის წინააღმდეგ ჭელიძემ “ბათუმის მოამბე“ გამოსცა. მოგვიანებით, 1911 წლიდან, „ბათუმის გაზეთი“ გამოსცა, რომელიც იყო სოციალ-დემოკრატები, მაგრამ უფრაქციო, სადაც თანამშრომლობდნენ: კარლო ჩხეიძე, აკაკი ჩხენკელი, ფილიპე მახარაძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ სოღორაშვილი, ისიდორე კვიცარიძე და სხვები. გაზეთი მალე გავრცელდა შავი ზღვისპირის ყველა ქალაქში, დასავლეთ საქართველოსა და აჭარაშიც. ქართველმა მუსლიმანებმა ამ გაზეთით შეისწავლეს წერა-კითხვა და ზოგმა თვითონ დაიწყო ამ გაზეთში წერა ეროვნულ, პოლიტიკურ, ეკონომიურ და რელიგიურ საკითხებზე, რასაც იმ ხანად საქართველოსთვის დიდი ეროვნულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. თვით ჭელიძე ხშირად წერდა ქართველ მუსლიმანთა შესახებ. გაზეთმა დიდი თანაგრძნობა მოიპოვა მშრომელთა შორისაც, ხოლო როცა მთავრობამ შეიტყო, რომ „ალექსანდრე მერაბის ძე ჭელიძე“ იგივე 1906 წელს გადასახლებული სპირიდონ მერაბის ძე ჭელიძე იყო, გაზეთის გამოცემა შეუჩერეს. ჭელიძემ ოფიციალურ რედაქტორად ჯერ ნიკოლოზ ხომერიკი წამოაყენა, შემდეგ ლ. გუგუნავა და გაზეთი შეუწყვეტლივ გამოჰყავდა. სპირიდონ ჭელიძე მაინც მისცეს პასუხისგებაში არალეგალური ლიტერატურის გავრცელებისათვის, გაასამართლეს თბილისის სამოსამართლო პალატაში და 1912 წელს ერთი წლის ციხე მიუსაჯეს. 1914 წლის ივლისამდე გაზეთი მაინც გამოდიოდა, მაგრამ მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაზეთი დახურეს და სპირიდონი როსტოვში გადაასახლეს. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მშობლიურ სოფელში სათემო აღმასკომში სარაიონო დელეგატად აირჩიეს შემდეგ სამაზროში, სადაც სამაზრო აღმასკომისა და იმავე დროს საადგილმამულო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაასახელეს. სპირიდონი ამიერკავკასიისა და საქართველოს დამოუკიდებლობათა გამოცხადების ხანაში სამაზრო დაწესებულებებში მუშაობდა, როგორც ერობის ხმოსანი და საადგილმამულო განყოფილების ინსტრუქტორი. მან ჩაატარა მიწის რეფორმა რაჭის მაზრაში, იმავე დროს იყო სოციალ-დემოკრატთა რაჭის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარე. საბჭოთა წყობილების დამყარების დღიდან სპირიდონ ჭელიძე სრულიად საბჭოთა ხელისუფლების პლატფორმაზე დადგა და ხელს უწყობდა ქვეყნის აღმშენებლობას. 1925 წელს რაჭის სამაღმასკომის მინდობილობით წიგნების მაღაზიები დააარსა ონში, ამბროლაურსა და ჭრებალოში. 1926 წლიდან 1931 წლამდე (სავარაუდოდ სიკვდილამდე) ჭრებალოში წიგნთსავაჭროს მმართველად მუშაობდა. სპირიდონ ჭელიძის გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |