The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გრიგოლ დიმიტრის ძე ცინცაბაძე

გრიგოლ დიმიტრის ძე ცინცაბაძე
Date of birth:1879
Date of death:20 February, 1938  (at 59 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Politician, Repressed

Biography

     გრიგოლ ცინცაბაძე დაიბადა 1879 წელს ოზურგეთის მაზრის აკეთის საზოგადოების სოფელ ზომლეთში, გლეხის ოჯახში. პირველადი განათლება აკეთის სკოლის ერთკლასიანი სასწავლებელში მიიღო, ხოლო შემდეგ მშობლებმა თბილისში ასოთამწყობის შეგირდად სტამბაში მიაბარეს და მუშაობისას ჩაერთო სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. მონაწილეობდა ასოთამწყობთა არალეგალურ წრეებში. პირველად 1899 წელს დააპატიმრეს. იგი იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი და თბილისში აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში.

     გრიგოლ ცინცაბაძე 1908 წელს  დააპატიმრეს და  სასამართლომ ოთხი წლით კატორღა მიუსაჯა, რომლის მოხდის შემდეგ, 1913 წელს, სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში. სამშობლოში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა.

    1917 წელს გრიგოლი ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი იყო. ამავე წელს იგი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა.

    1919 წლის 12 მარტიდან გრიგოლ ცინცაბაძე არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

    1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა, დაბრუნდა გურიაში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.

    გრიგოლ ცინცაბაძე 1922 წელს თბილისში დააპატიმრეს. დაკითხვისას განმარტა, რომ თბილისში სამუშაოს საძებნელად ჩამოვიდა და კატეგორიულად უარყო თბილისში დაბრუნების პოლიტიკური მოტივი და არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“ პატიმრობა მიუსაჯეს.

    1922 წლის ოქტომბერში პოლიტპატიმართა დიდ ჯგუფს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ჩეკა) პრეზიდიუმმა  მოსკოვში, რსფსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს განკარგულებაში გადაგზავნა დაუდგინა, მათი რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. ამას პოლიტპატიმრების მღელვარება და პროტესტი მოჰყვა, რადგანაც, საქართველო დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა იყო და მისი მოქალაქეების სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ ციხეში გადასახლება საბჭოთა კანონებითვე დარღვევად ითვლებოდა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ „კომპრომისად“ მათი საზღვარგარეთ გადასახლება დაადგინა და 1922 წლის 9 ოქტომბერს პოლიტპატიმართა 62-კაციანი ჯგუფი მოსკოვის გავლით პოლონეთში გააძევა, საიდანაც ისინი გერმანიასა და საფრანგეთში გადანაწილდნენ.

    გრიგოლ ცინცაბაძე ბენია ჩხიკვიშვილთან, ვალიკო ჯუღელთან, ვასილ ნოდიასა და ვიქტორ ცენტერაძესთან ერთად 1924 წლის მაისში არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ გრიგოლ ცინცაბაძე იატაკქვეშა ორგანიზაციების აღდგენას ხელმძღვანელობდა, ჩამოაყალიბა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დროებითი საორგანიზაციო კომიტეტი და პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსა და დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრანტულ მთავრობასთან კავშირები აღადგინა. გრიგოლი 1924 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს.

    1925 წელს გრიგოლ ცინცაბაძე სხვა პოლიტპატიმართან ერთად საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ ე. წ. „პარიტეტული კომიტეტის პროცესზე“, 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით გაასამართლა და რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა „სასტიკი იზოლაციით“. თავდაპირველად მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“ იყო მოთავსებული, ხოლო შემდგომ გადაგზავნეს, სავარაუდოდ, იაროსლავლის პოლიტიზოლატორში. სასჯელის დასრულების შემდეგ ჯერ კრასნოიარსკში, შემდეგ კი ქალაქ მინუსინსკში ცხოვრობდა. 1934 წელს  ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები.

    1936 წელს შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ ქართველი გადასახლებული სოციალ-დემოკრატი ლიდერების დიდი ჯგუფი ე. წ. „ციმბირის ცენტრის“ საქმეზე, ანტისაბჭოთა არალეგალური მუშაობის ბრალდებით დააპატიმრა, მათ შორის გრიგოლ ცინცაბაძეც.

    1938 წლის 13 თებერვალს კრასნოიარსკის მხარის შინსახკომის სამმართველოსთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) გრიგოლ ცინცაბაძეს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს მინუსინსკში, 20 თებერვალს.

    გრიგოლ ცინცაბაძე რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს მიერ.

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიაის „მენშევიკების ფრაქციის“ წევ, „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)

Share: