Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ოლივერ უორდროპი![]()
Biographyჯონ ოლივერ უორდროპი იყო ბრიტანელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი, აგრეთვე გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში 1919–1921 წლებში. უორდროპმა საქართველოში პირველად 1887 წლის გაზაფხულზე იმოგზაურა და დაწერა წიგნი "საქართველოს სამეფო", ("The Kingdom of Georgia"). 22 წლის ტანმაღალი, ინგლისელი ჭაბუკი ოლივერ უორდროპი ტფილისშია… თითქმის სრულიად საქართველო მოიარა ფეხდაფეხ. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელთან. ოლივერი დამტვრეული ქართულით ელაპარაკება მოხევეებს, ხევსურებს, აჭარელებს, მეგრელებს, კახელებს, პურ-ღვინოს მიირთმევს და ქართული ჩოხაში გამოწყობილი ცდილობს მანერებითაც ქართველ კაცს მიჰბაძოს. ოლივერი აღტაცებულია ილია ჭავჭავაძის პიროვნებით, მისი ღრმა ინტელექტით. ილიამ 1889 წელს თავის "ივერიაში" დაბეჭდა სტ. ჭრელაშვილის ვრცელი წერილი "მოგზაურობა უცხოელი კაცისა კავკასიაში", სადაც პარალელურად გადმოცემულია ოლივერ უორდროპის წიგნის "საქართველოს სამეფოს" შინაარსი. ოლივერის ამ წიგნს წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენია მის უმცროს დაზე – მარჯორიზე, რომელიც შემდეგ დაწერს: "ჩემი ძმის მიერ დაწერილმა წიგნმა რამდენიმე წლის წინათ პირველად მიიზიდა ჩემი ცნობისმოყვარეობა და აღმიძრა გულში ინტერესი საქართველოს, იმის მხნე და მშვენიერი ერისა". 1892 წელს ოლივერი ბრიტანეთის ელჩის პირად მდივნად ინიშნება და პეტერბურგში ჩამოდის, თან ჩამოჰყავს თავის და – მარჯორი. და-ძმამ სატახტო ქალაქში გაიცნეს პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი და მისი დახმარებით იღრმავებენ ქართული ენის ცოდნას. შეისწავლიან ძველ მწერლობას, ფილოსოფიურ წიგნებს. 1894 წელს "ივერია" წერს: "…საქართველოს ცნობილი მცოდნის, ოლივერ უორდროპის დაი, ქ-ნ ვარდროპი, თავის ძმასავით შეუდგა ქართული ენის შესწავლას, რათა ინგლისის საზოგადოებას გააცნოს საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, რომელსაც დასავლეთი ევროპა, მეტადრე ინგლისი, კარგად ვერ იცნობს. ეს ქალი ისე გულმოდგინედ ჰშრომობს და შედარებით მცირე ხნის განმავლობაში იმდენად შეითვისა ქართული ენა, რომელსაც ევროპელები ადვილად ვერ ჰსწავლობენ, – რომ უკვე გადათარგმნა ინგლისურს ენაზედ "ქართული სახალხო არაკები"… ეს არაკები ამ მოკლე ხანში დაიბეჭდება ინგლისურს ენაზედ. ამავე ქალს გადათარგმნილი აქვს თითქმის ერთი მესამედი XII საუკუნის ქართველი უკვდავი პოეტის, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნისა". ასეც მოხდა და 1894 წელს ლონდონში ერთმანეთის მიყოლებით გამოიცა "ქართული ხალხური ზღაპრები" და სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა". ოლივერ და მარჯორი უორდროპების თბილი ურთიერთობა საქართველოსთან წიწამურის გასროლის შემდეგაც გრძელდებოდა… ოლივერ უორდროპი 1906 წლიდან 1919 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე რუმინეთსა და ნორვეგიაში. 1919 წლის ივლისში იგი კვლავ თბილისში ჩამოვიდა როგორც ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენელი. ნოე ჟორდანიას მთავრობა მიესალმა მის დანიშვნას ამ თანამდებობაზე. უორდროპი თანაუგრძნობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და ცდილობდა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოეჩინა მისთვის. იმ პერიოდის ევროპაში საქართველოს ყველაზე გავლენიანი ქომაგი სწორედ ოლივერ უორდროპი იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ინგლისში დაბრუნებულმა ოლივერ უორდროპმა ორგანიზება გაუკეთა ქართულ ემიგრაციას და დააარსა ქართული კომიტეტი. 1922 წელს მეფემ ის ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებით დააჯილდოვა და იწოდებოდა სერ ოლივერ უორდროპად. 1930 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიული საზოგადოება, რომელიც გამოსცემდა ჟურნალ "გეორგიკა"–ს. ქართველოლოგიაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე მისმა დამ, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" ინგლისურად თარგმნა. ოლივერ უორდროპი აქტიურად თანამშრომლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და ბრიტანეთის მუზეუმთან, იგი შეიძლება ჩაითვალოს ქართველოლოგიური მიმართულების დამფუძნებლად ამ მსოფლიო მნიშვნელობის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დიპლომატიური კარიერის ბოლო წლები სერ ოლივერმა სტრასბურგში გაატარა გენერალური კონსულის თანამდებობაზე. ამის შემდეგაც, ბრიტანეთში მოხვედრილი ნებისმიერი მისი ნაცნობი ქართველი, მისივე ხელშეწყობით საქმიანობდა. იგი, მის მიერვე დაფუძნებული მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით, აძლიერებდა ქართველოლოგიურ მეცნიერებებს ბრიტანეთში. ოლივერ უორდროპი გარდაიცვალა 1948 წლის 19 ოქტომბერს 84 წლის ასაკში. დაკრძალულია ლონდონთან ახლოს, მის მშობლიურ სევენოუქსში მარჯორი უორდროპისა და მეუღლის გვერდით. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |