The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სევასტი მიხეილის ძე გაჩეჩილაძე

სევასტი მიხეილის ძე გაჩეჩილაძე
Legal name:სევასტი მიქელას ძე გაჩეჩილაძე
Other name:კრიჭა  (Pseudonym)
სევასტი  (Pseudonym)
Date of birth:December, 1862
Date of death:1943  (at 80 years)
Category:Agronomist, Writer, Folklorist

Biography

     სევასტი გაჩეჩილაძე დაიბადა 1862 წელს ზესტაფონის მაზრის სოფელ წევაში გლეხის ოჯახში. ქუთაისის ქართული გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაემგზავრა და სწავლობდა პარიზის უნივერსიტეტის სამკურნალო ნაწილზე, ხოლო შემდეგ ორი წელი ბრიუსელის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ განყოფილებაზე.

     სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სევასტი გაჩეჩილაძე ერთი პერიოდი შავი ქვის წარმოებას შეუდგა, შემდეგ სოფელში დასახლდა, განსაკუთრებით გლეხთა ყოფა-ცხოვრების შესასწავლად და მეურნეობას მიჰყო ხელი.

    1905 წელს მშობლიურმა სოფელმა რევოლუციურ მსაჯულად აირჩია. გაჩეჩილაძემ მოსპო ქურდ-ბაცაცობა, ყაჩაღობა და გაყაჩაღებულნი პატიოსან შრომას დაუბრუნა. 1906-1907 წლების რეაქციის დროს, მეფის მთავრობისაგან დევნილი, 8 თვე „პატარა ცემის“ ახლო-მახლო იმალებოდა.

    სევასტი გაჩეჩილაძემ მწერლობა 1890-იანი წლებიდან დაიწყო. აკაკისთან ერთად გამოსცემდა ჟურნალ “ხუმარას“, თანამშრომლობდა ტფილისის გაზეთ “ახალ დროებაში”. მის კალამს ეკუთვნის:  “გეგენა” (საშუალო საუკუნეთა ლეგენდების ციკლი), “დემნა” (ტრაგედია), “შოთა” (ტრაგედია), პოემები: “ამირანი”, “მეფე სოლომონ დიდი და როსტომ, რაჭის ერისთავი”, “ნანგრევები”, “ბუდა”, “ვარდენი”, “ანეტა”, “ლაბირინთი”, “აგონია”, “წინ, სოციალიზმისაკენ”, „ჩვენი ცხოვრების გმირები”, “შვილის მკვლელი” და “უდიდესი ბედმარცხნი”. მას ეკუთვნის მიხეილ ჯავახიშვილის თხზულებათა და გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგის” კრიტიკული განხილვა, აგრეთვე, საკუთარი და ხალხური ლექსები და ლეგენდები, რომელთა ნაწილი „საქართველოს სიძველენში“ დაიბეჭდა.

    1912 წელს, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებაზე წაიკითხა თავისი გამოკვლევა - “ჩვენი ერის სულიერი ფიზიონომია და სოციალური ფსიქოლოგია”, რომელიც დამყარებული იყო ქართულ ფოლკლორზე და რომელიც შეკრიბა სოფელ წევაში 1891-1904 წლებში, ხოლო 1923 წლის 30 ივნისს, ამავე საზოგადოების კრებაზე წაიკითხა ლინგვისტიური და ფილოსოფიური მოსაზრებანი იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი არის დედა-ხალხი თეთრი რასისა.  1924 წლის 20 ივლისს, საბურთალოს სახალხო სახლში გამართა ლექცია “რა არის ღმერთი?”.

    1921 წლის 1 თებერვალს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სევასტი გაჩეჩილაძის მიერ წარმოდგენილი პოემის ,,საღათას ძილის" და ,,ჯიბილოს ნაამბობის" გამოცემის შესახებ, რომელიც იპოლიტე ვართაგავას მიანდეს.

    სევასტი გაჩეჩილაძე უმთავრესად აგროვებდა იმერული ფოლკლორის ნიმუშებს. ზედმიწევნით შეისწავლა თავისი სოფლის, წევას ზეპირსიტყვიერება. შეკრებილი მასალები გამოაქვეყნა ჟურნალ "აკაკის კრებულსა" და "ძველ საქართველოში". მისი ფოლკლორისტული ჩანაწერების დიდი ნაწილი და მოგონებანი რევოლუციამდელ საქართველოში შემკრებლობითი მუშაობის შესახებ დაცულია შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 

    სევასტი გაჩეჩილაძე გარდაიცვალა 1943 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Bibliography


Share: