Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
ივანე სიმონის ძე შარაშიძე![]()
Biographyივანე შარაშიძე დაიბადა 1840 წლის 28 აპრილს დაბა ხონში. ივანეს მამა სიმონი, მჭედელი ყოფილა გურიიდან, რომელიც ხონელი მებუკის ოჯახში ზედ სიძედ შესულა. სიმონს რამდენიმე დუქანი ჰქონია. ივანეს მამისგან საკმაო ქონება დარჩა, რომელიც კიდევ უფრო გაამრავლა და ქველმოქმედებასა და განათლების საქმეს მოახმარა. თავად სკოლაში უსწავლელმა, მშობლიური დაბა ხონი სწავლა-აღზრდის მნიშვნელოვან კერად გადააქცია. ივანე შარაშიძემ მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ოსმალეთის ომში და მილიციის პრაპორშჩიკის წოდებით ხონში დაბრუნდა. მამაპაპათგან დანატოვარი დიდი ქონება დაბა ხონის სწავლა-განათლებით დაწინაურებას მოახმარა. 1879 წელს ივანე შარაშიძემ, საკუთარი სახსრებით, პირველი ორკლასიანი სკოლა გახსნა. 1880 წელს სახალხო სკოლების ინსპექტორი, მარსოვი, თვლიდა, რომ სემინარია ქუთაისში უნდა გაეხსნათ. ივანე შარაშიძემ მთელი ხონი შეკრიბა, შეუძლებელი შეძლო და სემინარია ხონის ორ კერძო ოჯახში დააარსეს. 1881 წელს მისი ინიციატივით საოსტატო სემინარია ქუთაისიდან ხონში გადავიდა. იგი გახლდათ განათლების დაუღალავი მეცენატი. სწორედ მან გადააქცია დაბა ხონი სწავლა-აღზრდის მნიშვნელოვან კერად. მისი მოღვაწეობით ხონში 14 სასწავლებელი დაარსდა: გიმნაზიები, პროგიმნაზია, სახელოსნო სასწავლებელი, ღარიბთათვის უფასო სკოლა, თავის პირად საცხოვრებელ ბინაში უსასყიდლოდ მოათავსა ჭრა-კერვის სკოლა. თავად უცოლშვილო, ხალხის შვილებს თავის შვილებად თვლიდა და მათი განათლებისთვის ზრუნავდა. 1882 წელს ენთუზიასტები შეკრიბა, მთელი ხონი კარდაკარ შემოიარა და გაუქმებული სკოლა აღადგინა. ივანე შარაშიძის ბრძოლით დაბა ხონი, ქუთაისის შემდეგ, იმერეთში ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები, მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, ათობით სახელოსნო და სამჭედლო, ხონი გახდა აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი და ამ ყველაფერში ლომის წილი ედო ივანე შარაშიძეს. 1889 წელს, ივანე ხონის ქალთა სკოლის საპატიო მზრუნველად აირჩიეს. ივანე შარაშიძემ ხონის მთავარ ქუჩებზე, ორივე მხარეს, მუდმივ მდინარე არხები გააკეთა. იგი ხონის კეთილმოწყობისათვის ყოველმხრივ ზრუნავდა და ყოველგვარ საზოგადო-კულტურულ საქმიანობას თაოსნობდა. 1909 წლიდან ივანე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი გახლდათ და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში. ივანეს გვერდით ედგნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ეპისკოპოსი გაბრიელი და იმ პერიოდის სხვა გამოჩენილი ქართველები. ივანე შარაშიძემ მთელი თავისი სიცოცხლე და ქონება ხონის განვითარებასა და წინსვლას შესწირა. მადლიერმა ხონელებმა, პატივისცემის ნიშნად, 30 წლის მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს. ივანე შარაშიძეს ჰყავდა მეუღლე ეკატერინე ბერიძე და შვილები: გიორგი და მარიამი. ივანე შარაშიძე გარდაიცვალა 1912 წელს და დაკრძალულია ხონში. მის დაკრძალვაზე აკაკიმ სიტყვა წარმოსთქვა: "მას სწავლაც კი არ ჰქონებია, მაგრამ დაგვიმტკიცა, რომ ყველას შეუძლია კეთილის გაკეთება თუკი მოინდომებს. ჩემს ხონს, ივანე შარაშიძის აღმზრდელს, არა აქვს უფლება განათლების სფეროში ლიდერად არ დარჩეს." Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |