The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვლადიმერ ყურუა

ვლადიმერ ყურუა
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ ოტიას ძე ყურაშვილი
დაბადების თარიღი:1879  (145 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

    ვლადიმერ ყურუა დაიბადა 1879 წელს სენაკის მაზრის სოფელ მოხაში აზნაურ ოტია და ნინო დავითის ასულ ყურუების ოჯახში. 

   1896 წელს დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. 1898 წელს ამავე სასწავლებელთან არსებულ სპეციალურ კომისიას ჩააბარა გამოცდები და მიიღო მასწავლებლის მოწმობა.

   1898 წელს კიწიის ერთკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლის პედაგოგად დაინიშნა.

   1899 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიასთან არსებულ სპეციალურ კომისიას ჩააბარა გამოცდები და მედავითნის მოწმობა მიიღო.

   1899 წელს დიდი ზანის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში გადაიყვანეს. 1900 წელს თბილისში პედაგოგთა კურსებზე გაიგზავნა, რის შემდეგაც აღმოსავლეთ საქართველოში დარჩა და სართიჭალის სკოლის პედაგოგად დაინიშნა.

   1902 წელს, თავისი თხოვნით, ზუგდიდის მაზრაში, სოფელ საჩინოს სკოლაში მასწავლებლად გადაიყვანეს.

   1903 წელს ნაგუროვოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნედ დაინიშნა.

   1908 წელს მასწავლებლობიდან გათავისუფლდა და მღვდლის ხარისხის მისაღებად სპეციალურ კომისიას ჩააბარა გამოცდები.

   1910 წელს პირველი ფოცხოს მთავარანგელოზთა ტაძარში გადაიყვანეს.

   1911 წელს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ქოროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და მოხაშის წმინდა გიორგის ტაძარში დაადგინა. მალევე მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში დანიშნა.

   1922 წელს კომუნისტების მიერ ეკლესიებში არსებული ქონების საყოველთაო აღწერის დროს ისევ მოხაშის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.

    1926-1928 წლებში შედგენილ ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოების აღწერაში კიწიის ოლქის, სოფელ მეორე ფოცხოს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვრად იხსენიება.

   1929 წელს ჭყონდიდის ეპარქიიდან საკათალიკოსო კანცელარიაში გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "კიწია, ალავერდისა და მარტვილის ოლქებიდან ეკლესიებზე არავითარი ცნობები არ მოდის, ამიტომ ისინი დახურულად უნდა ჩაითვალოს". იგივე ვითარებაა მომდევნო წლებშიც, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ 1929 წლიდან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად მღვდელმა ვლადიმერმა თავი დაანება ღვთისმსახურებას. ჰყავდა მეუღლე ფოტინე ესავის ასული და ქალიშვილი მარიამი.

   ვლადიმერ ყურუას შემდგომი ბედი უცნობია. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრი (1917-)

გააზიარე: