Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
აკაკი ალექსის ძე ხორავა![]()
Biographyაკაკი ხორავა დაიბადა 1895 წლის 29 აპრილს სამეგრელოს სოფელ ოჩხომურში. 1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და უმაღლესი განათლების მისაღებად კიევში გაემგზავრა, სადაც ორი წელი სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა, ხოლო 1919 წლიდან თბილისის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. პარალელურად სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში მონაწილეობდა, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. 1922 წელს აკაკი ხორავამ თეატრალურ სტუდიაში ჩააბარა და 1923 წელს პირველად გამოვიდა პროფესიულ სცენაზე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. 1935 წლიდან აკაკი ხორავა რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, ხოლო 1949–1955 წლევბში მისი დირექტორი. აკაკი ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატი იყო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. მის ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა. რუსთაველის თეატრის სცენაზე მისი საუკეთესო როლებია: ანდუყაფარი გიორგი ერისთავის „გაყრაში“, ლაერტი შექსპირის „ჰამლეტში“, ბერსენევი ბორის ლავრენიოვის „რღვევაში“, ანზორი სანდრო შანშიაშვილის „ანზორში“, არგიშდი დადიანის „თეთნულდში“, კარლ მოორი ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღებში“, არსენა სანდრო შანშიაშვილის „არსენაში“, ივანე მრისხანე ვლადიმერ სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფეში“, ოიდიპოსი სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეში“, სირანო ედმონ როსტანი „სირანო დე ბერჟერაკში“, ტარიელი ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუაში“, ბორის გოდუნოვი პუშკინის „ბორის გოდუნოვში“ და სხვა მრავალი. მის მიერ შესრულებული ოტელო, უილიამ შექსპირის „ოტელოში“, საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება. აკაკი ხორავა იყო გმირულ-რომანტიკული პლანის, დიდი ტრაგიკული პათოსის მსახიობი. გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით, მგზნებარე ტემპერამენტით, გამორჩეული ხმის ტემბრით, სცენური მომხიბვლელობითა და გარდასახვის უდიდესი ოსტატობით. აღსანიშნავია ხორავას კინო-როლები: გიორგი სააკაძე „გიორგი სააკაძეში“, სკანდერბეგი „ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგში“, გიჟუა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავში!“ და სხვა. 1935 წელს აკაკი ხორავა გახლდათ საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და გარკვეული წლები მისი თავმჯდომარე, ხოლო 1939-1949 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი დირექტორი და პედაგოგი. აკაკი ხორავა გარდაიცვალა 1972 წლის 23 ივნისს და დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |