The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ყაფლანის ძე ნიორაძე

გიორგი ყაფლანის ძე ნიორაძე
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1886
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 1951  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

   ქართული არქეოლოგიის ფუძემდებელი გიორგი ნიორაძე დაიბადა 1886 წელს.

   სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში. 1910-1917 წლებში ქუთაისში, საქალაქო სასწავლებლისა და მუშათა საღამოს კურსებზე მასწავლებლად მუშაობდა. ლექციებს ატარებდა ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ. სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მოსკოვში, სადაც 1921 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და საპროფესოროს მოსამზადებლად იქვე დატოვეს.

   1920-1922 წლებში აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს. 1922-1924 წლებში სწავლობდა ჯერ ბერლინის, ხოლო შემდეგ ჰამბურგის უნივერსიტეტში და მიიღო არქეოლოგის კვალიფიკაცია.

   1925 წლიდან გიორგი ნიორაძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1926 წლიდან ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

   1927 წელს გიორგი ნიორაძის ხელმძღვანელობით, ადრინდელი რკინის პერიოდის ორმოსამარხი გაითხარა ზემო ავჭალაში, 1930 წელს კი მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეული ძეგლი დიდუბეში.

   1933 წლიდან გახლდათ პროფესორი და 1934 წლიდან არქეოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა. 1935 წელს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და საქართველოს არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა.

   1933-1934 წლებში გიორგი ნიორაძე ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (შემდგომში ისტორიის ინსტიტუტი) არქეოლოგიის განყოფილებას უძღვებოდა. მისი არქეოლოგიური გამოკვლევები მოიცავს ქრონოლოგიური დიაპაზონის ძეგლებს ქვის ხანის მღვიმე საცხოვრისებიდან ფეოდალურ ხანამდე. ეთნოლოგიურ-ანთროპოლოგიური გამოკვლევები ეძღვნება ქართველების, ოსების, კავკასიისა და ციმბირის ხალხთა ყოფას, რელიგიას, ზოგადად კულტურისა და ისტორიის საკითხებს.

   გიორგი ნიორაძემ გამოიკვლია დასავლეთ საქართველოს ხელოვნური ბორცვების ხასიათი და ასაკი, აღმოსავლურ-ქართული ბრინჯაოს კულტურის თავისებურება, ქართულ-წინააზიურ კულტურათა ურთიერთობა, გათხარა და შეისწავლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები.

   ღვაწლმოსილი მეცნიერი გიორგი ნიორაძე გარდაიცვალა 1951 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოსკოვის საბუნებისმეტყველო საზოგადოება, წევრი (1922-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1946-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: