The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მალაქია ბერი (იღუმენი)

მალაქია ბერი
Legal name:მათე სიმონის ძე წიკლაური
Date of birth:1871
Date of death:14 December, 1937  (at 66 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Religious leader

Biography

   მათე წიკლაური დაიბადა 187 წელს თიანეთის მაზრის სოფელ მელიასხევში გლეხის ოჯახში. პატარა მათემ წერა-კითხვა სოფელ ამტნისხევის ერთწლიან სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ისწავლა. როდესაც შესაფერისმა ასაკმა მოუწია, მშობლებისგან ლოცვა-კურთხევა აიღო და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერს მიაშურა, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი. იმ პერიოდში წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ხელმძღვანელობითა და მეცადინეობით აღმოსავლეთ საქართველოში რამდენიმე უძველესი მონასტრის განახლება მიმდინარეობდა. ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე მორჩილების შემომატება მოხუც მღვდელმთავარს დიდად უხარებდა გულს.

   1890 წელს მეუფე ალექსანდრეს ლოცვა-კურთხევით მორჩილი მათე ზედაზენის მონასტრის მორჩილად განამწესეს. 1891 წელს ზედაზნის მონასტრის მღვდელ-მონაზონი ათანასე (ზურაბაშვილი) და კიდევ სამი მორჩილი საფარის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც ასევე ახალი აღორძინებული იყო სამონასტრო ცხოვრება, თუმცა ქართველი ბერები იქ დიდხანს არ გაჩერებულან. 1892 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით საფარის მონასტერში არქიმანდრიტ პაისის წინამძღვრობით რუსი ბერები დამკვიდრდნენ, ხოლო ქართველმა ბერებმა იქაურობა დატოვეს. მორჩილი მათე გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში განამწესეს.

   1893 წელს მორჩილი მათე შუამთის მონასტერში გადაიყვანეს.

   1898 წელს, ამავე მონასტერში, ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) იგი ბერად აღკვეცა და სახელად მალაქია უწოდა. ამავე წელს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა.

   1899 წელს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაიყვანეს.

   1900 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი.

   1902 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (აბაშიძე) მღვდელ-მონაზონი მალაქია ალავერდისა და თეთრი გიორგის სახელობის მონასტრების ხაზინადრად დანიშნა და ამავე წელს საგვერდულით დააჯილდოვა. ალავერდის მონასტერში მსახურებისას, მამა მალაქიას ხელმძღვანელობით, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. გაამშვენა მონასტრის ეზო. გააშენა პატარა ვაშლის ბაღი, მოამრავლა ფუტკარი და მონასტერს თავისი თაფლი და სანთელი გაუჩნდა. იქ მოღვაწე მღვდელ-მონაზონ ზენონთან (სუმბაძე) ერთად ბევრი იღვაწა მონასტრის გამშვენება-კეთილდღეობისთვის.  იმ პერიოდში ქვათახევის მონასტერში ბერთა სიმცირის გამო ეს დიდებული სავანე უპატრონოდ იყო მიტოვებული.

    1906 წელს ალავერდელმა ეპისკოპოსმა პეტრემ (კონჭოშვილი) გამოცდილი და მშრომელი მღვდელ-მონაზონი მალაქია ქვათახევის მონასტერში გადაიყვანა და ხაზინადრობა ჩააბარა.

   1910 წელს მღვდელ-მონაზონი მალაქია ხირსის მონასტერში გადაიყვანეს. 1911 წელს წმინდა ადგილების მოსალოცად რუსეთში გაემგზავრა. მოილოცა კიევ-პეჩორის ლავრა და სხვა სიწმინდეები. ამავე წელს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში განამწესეს.

   1913 წელს ისევ რუსეთში გაემგზავრა, რათა საფუძვლიანად შეესწავლა სლავური მსახურება და წლის ბოლომდე იქ დარჩენას აპირებდა, მაგრამ ეგზარქოსმა ინოკენტიმ აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესს, არქიმანდრიტ ნაზარის (ლეჟავა), მოხსენება გაუგზავნა, სადაც იგი წერდა: "ებრძანოს მღვდელ-მონაზონ მალაქიას, რომელმაც უკვე საკმაოდ შეისწავლა სლავური მსახურება, სასწრაფოდ დაბრუნდეს საქართველოში. კეთილი ბერები აქაც საჭიროა". არქიმანდრიტმა ნაზარიმ მისწერა მამა მალაქიას, რომ მას უარი ეთქვა რუსეთში დარჩენაზე და შუამთის მონასტერში დაბრუნებისაკენ მოუწოდა, რასაც მამა მალაქია მყისვე დამორჩილდა.

   1913 წელს რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით სამახსოვრო მედალით დაჯილდოვდა და იმავე წელს აწყურის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში განამწესეს.

   1915 წელს შუამთის მონასტერში გადაიყვანეს და მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს.

   1916 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1916 წლიდან მამა მალაქია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ ეკლესიისა და სამღვდელოების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. დაინგრა და დაიკეტა ასობით ეკლესია-მონასტერი. სამღვდელოებას მოესპო საარსებო წყარო. მონასტრების დახურვის შემდეგ ბერები იძულებული გახდნენ თავშესაფარი სოფლებში ეძებნათ, სადაც სამრევლო ეკლესიებში გააგრძელეს მოღვაწეობა. გამონაკლისი არც მამა მალაქია გახლდათ, იგი სოფელ ვეჯინში მივიდა და სოფლის ბოლოში, მიუვალ ადგილზე მდგარ ძველ ციხე-სიმაგრეს და ეკლესიას შეაფარა თავი, სადაც განდეგილივით ცხოვრობდა. უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას, ასრულებდა საეკლესიო წესებს და ანუგეშებდა შევიწროებულ მრევლს.

   1924 წელს, როგორც საშიში ელემენტი, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით დააპატიმრეს და 5 წლით საქართველოდან გაასახლეს. 1929 წელს გადასახლებიდან დაბრუნებული მამა მალაქია ისევ ჩვეული ენერგიით შეუდგა საეკლესიო მოღვაწეობას. იგი კვლავ ვეჯინში დასახლდა და დანგრეულის აღდგენას შეუდგა.

   მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობის გამო, იღუმენის წოდება მიენიჭა.

   1932 წელს ენქერით დაჯილდოვდა.

   1933 წელს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით იღუმენი მალაქია საინგილოში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, რაც შესაბამისი საბუთით ეცნობა კიდეც აზერბაიჯანის მთავრობას. უცნობია რამდენ ხანს დარჩა მოძღვარი კახის ეკლესიაში. საარქივო საბუთებიდან ირკვევა, რომ როდესაც ის დააპატიმრეს, კვლავ სოფელ ვეჯინში აღასრულებდა წესებს. ვეჯინში მამა მალაქიას სოფლის მოსახლეობაში ფულის აგროვება დაუწყია, რათა დარბეული ეკლესია აღედგინა. ამის საპირისპიროდ, ადგილობრივმა საბჭოს თავჯდომარემ ვეჯინის ტაძარი დაანგრია. ამის გამო, მამა მალაქიას მისთვის უთქვამს: "ეს არის საერთო სახალხო ქონება და ისტორიული ძეგლი და მის ხელყოფას არ გაპატიებენო". თავჯდომარემ ნათესავების ხელმოწერით ჩეკაში ბავშვების ძალად მონათვლის თაობაზე ბრალდება წარადგინა. თავჯდომარეს, ცხადია, დანგრევა აპატიეს, ხოლო მამა მალაქიას მშენებლობა, ქველმოქმედება და ბავშვების "ძალად" მონათვლა არა. საბრალდებო დასკვანში წერია: "მამა მალაქიას ბრალად ედება სოფლის კოლმეურნეებში ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაცია. ასრულებდა რა საეკლესიო წესებს, ჯვრისწერებს, ნათლობებს, გლეხებს ეუბნებოდა თუ ბავშვებს არ მონათლავთ 8 წლამდე, ისინი დაიღუპებიანო"

   იღუმენი მალაქია 1937 წლის 14 დეკემბერს ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გაასამართლეს და სამეულის განჩინებით დახვრეტა მიუსაჯეს, განაჩენი იმავე დღეს სისრულეში იქნა მოყვანილი. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1916 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • 1913 - სამახსოვრო მედალი
    რომანოვების მეფობის 300 წლისთავთან დაკავშირებით

Bibliography


Share: