The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით სვიმონის ძე გოცირიძე (დეკანოზი)

დავით სვიმონის ძე გოცირიძე
Date of birth:1864
Date of death:1938  (at 74 years)
Burial location:თბილისი, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სასაფლაო
Category:Religious leader

Biography

   დავით გოცირიძე დაიბადა 1864 წელს ქუთაისის გუბერნიის, რაჭის მაზრის სოფელ წესში მღვდლის  ოჯახში.

   1882 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა გააგრძელა ყაზანის სასულიერო აკადემიის მისიონერულ განყოფილებაზე, რომელიც 1884 წელს დაამთავრა.

    1884-1891 წლებში იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის (ქიქოძე) გუნდში გალობდა.

   1888 წელს იმერეთის ეპარქიის კანცელარიაში მდივნად დაინიშნა.

   1891 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა და ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში განაწესა.

   1893 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის კარის ეკლესიაში გადაიყვანეს.

    1896 წელს იმერეთის ეპარქიის კანცელარიის მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა.

   1902 წელს ეგზარქოსმა ალექსი I (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და საროს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ტაძრისა და ახალციხე-ახალქალაქის ოლქის უშტატო მისიონერად განაწესა.

   ჯავახეთში რამდენიმე რელიგიური გაერთიანება არსებობდა და მოძღვრებს განსაკუთრებით უჭირდათ მათთან საერთო ენის გამონახვა. საჭირო იყო მტკიცე ხელი და ძლიერი ნებისყოფა, რათა არ მომხდარიყო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. მამა დავითმა ყველაფერს ჩინებულად გაართვა თავი, რაც დასტურდება გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული ვინმე „გიორგი ბეგის“ სტატიით: „სწავლა-განათლებით მთელი ჯავახეთი ძალიან ჩამორჩენილია. ჩვენს სოფელს ვარევანში არასოდეს ყოფილა სკოლა. მხოლოდ მ. დავით გოცირიძის მეოხებით შესდგა განაჩენი საეკლესიო სკოლის დაარსებისა. ჩვენს სოფელში სცხოვრობს სამი რჯულის ხალხი: მართლმადიდებელნი, სომეხ-კათოლიკენი და მაჰმადიანები. გოცირიძემ ყველანი შეაერთა სკოლის საქმეში და ყველას მიაღებინა მონაწილეობა“.

   1905 წელს მამა დავითი საინგილოში, მეშაბაშის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განაწესეს და იქაც შეთავსებით მისიონერობა დაევალა.

   1907-1910 წლებში ზაქათალის ოლქის სამღვდელოების მხრიდან სასულიერო დეპუტატად იყო არჩეული.

   1908 წელს თასმალოს წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს და საგვერდულით დააჯილდოვეს.

   1911 წელს ბაისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაადგინეს და თავისი თხოვნის საფუძველზე, ამავე წლის აგვისტოში გათავისუფლდა მისიონერი მღვდლის მოვალეობისგან. აქედან მოყოლებული, მამა დავითი ლაგოდეხში დასახლდა, სადაც 1929 წლამდე ცხოვრობდა.

   1914 წელს კამილავკა ეწყალობა.

   1916 წელს ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   1917 წელს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

    დიდი სიხარულით შეხვდა მამა დავითი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას. სვეტიცხოველში ჩატარებული საზეიმო წირვის შემდეგ იგი ლაგოდეხის ოლქის სამღვდელოების სახელით საქართველოს საკათოლიკოსოს სწერდა: „სიხარულით ვეგებებით საქართველოს ეკლესიის აღდგენას. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, რომელ მთავრობასთან ვიქონიოთ ამიერიდგან დამოკიდებულება, სამსახურის გამო“.

   1918 წელს დეკანოზის პატივი მიენიჭა და ზაქათალის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

   დეკანოზი დავითი, როგორც დელეგატი ალავერდის ეპარქიიდან, ესწრებოდა 1920-1921 წლებში გამართულ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მე-2 და მე-3 საეკლესიო კრებებს.

   დეკანოზი საზოგადოებასა და მრევლში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ლაგოდეხში, საკუთარ სახლში გახსნილი ჰქონდა უფასო საჯარო ბიბლიოთეკა. გარეგნობით ახოვანს, მჭევრმეტყველს, საკმაოდ განათლებულსა და გალობის კარგ მცოდნეს ზედმეტ სახელად „დიდ მღვდელს“ ეძახდნენ.

    მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზი დავითი სოფელ სვეტების სამრევლოს წინამძღვრად დაინიშნა.

   1923 წელს, კომუნისტური ხელისუფლების ზემოქმედების შემდეგ, იძულებული გახდა, რომ ანაფორა გაეხადა და ღვთისმსახურება შეეწყვიტა.

   1924 წელს, თბილისში საჭირო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დამცველთა კოლეგიაში ჩარიცხეს და მუშაობა დაიწყო ვექილად თავდაპირველად ლაგოდეხში, ხოლო 1929 წლიდან – თბილისში.

   დეკანოზ დავით ჰყავდა მეუღლე მარიამ დათიაშვილი და 25 შვილი, რის გამოც ოჯახს რუსეთის მთავრობისგან მიღებული ჰქონდა რამდენიმე მედალი.

    დავით გოცირიძე გარდაიცვალა 1938  წელს და დაკრძალულია თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)

Awards and Honors

  • 1917 - სამკერდე ოქროს ჯვარი

Bibliography


Share: