The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ნიკოლოზის ძე ერისთავი

გიორგი ნიკოლოზის ძე ერისთავი
Other name:გიგუშა  (Acronym)
Date of birth:3 October, 1875
Date of death:10 May, 1947  (at 71 years)
Burial location:პარიზი, სენტ-ჟენევიევ დე ბუას სასაფლაო
Category:Military Person

Biography

   ქსნის ერისთავთა შთამომავალი, გიორგი (გიგუშა) ერისთავი დაიბადა 1875 წლის 3 ოქტომბერს გენერალ–ლეიტენანტ ნიკოლოზ ერისთავისა და ეკატერინე სარაჯიშვილის ოჯახში.

   გიგუშა ერისთავმა თბილისის კადეტთა კორპუსი დაამთავრა და 1893 წლიდან სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. სწავლა განაგრძო პეტერბურგის პაჟთა კორპუსის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც 1895 წელს კორნეტის ჩინით დაამთავრა და იმავე წელს ლაიბ–გვარდიის ულანთა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის პოლკში (ვარშავის სამხედრო ოლქში) განამწესეს.

   პოლკში გიგუშა ერისთავის კარიერა წარმატებით წარიმართა: 1899 წელს პორუჩიკად დაინიშნა, 1903 წლიდან შტაბს–როტმისტრია. ამავე წელს ფლიგელ–ადიუტანტი გახდა, 1907 წელს როტმისტრის წოდება მიენიჭა, ხოლო შემდეგ ადიუტანტის ჩინი.

   1904-1905 წლებში რუსეთ–იაპონიის ომში მონაწილეობდა და 1914-1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში.

   1914 წელს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და მეთაურობდა გვარდიის კავალერიის ბრიგადას, რომელიც გადმოსროლილი იქნა მოსკოვში ჩრდილო–დასავლეთის ფრონტიდან. მოსკოვის ბრძოლების შემდეგ, რომელსაც თან სდევდა ხელისუფლების გადასვლა ბოლშევიკების ხელში,  განკარგულება მისი ბრიგადის გადასროლაზე იქნა გაუქმებული და ბრიგადა განლაგდა გჟატსკის მიდამოებში (პეტროგრადთან).

   1916–1917 წლებში გიგუშა ერისთავი თავად მეთაურობდა აღნიშნულ პოლკს და იგი გახლდათ იმპერატორ  ნიკოლოზ II უახლოესი გარემოცვის წევრი.

   გიგუშა ერისთავი, საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო მრავალი მედლითა და ორდენებით.

   1917 წლის ბოლოს იგი სამხედრო სამსახურიდან გადადგა, თადარიგში გავიდა და პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა სამშობლოში. ცხოვრობდა თბილისში.

   1918–1921 წლებში ქართულ ჯარში მსახურობდა და მეთაურობდა ცხენოსანთა კორპუსს.

   1918 წელს გენერალ–მაიორის წოდება მიანიჭეს.

   1918 წელს გიგუშა ერისთავი იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნას ფრეილინა მერი შერვაშიძეზე დაქორწინდა. მათ ერთმანეთი პეტერბურგში გაიცნეს, მაგრამ დაქორწინება დაუგვიანდათ, რადგან ფრეილინებს გათხოვება ეკრძალებოდათ. მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწერეს ჯვარი ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში.

   1920 წლიდან გიგუშა ერისთავი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქუთაისის განყოფილების წევრი.

   1921 წლის თებერვალ–მარტში საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრისას, ქართულ ნაწილებთან ერთად გენერალი ერისთავიც ბრძოლით იხევდა ბათუმისკენ. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მერი ბათუმიდან საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბულში, სადაც მას უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა.

   ემიგრაციაში გიგუშა ერისთავი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ორგანიზაციების საქმიანობაში.

   გიგუშა ერისთავი გარდაიცვალა პარიზში, 1947 წლის 10 მაისს და დაკრძალულია სენტ–ჟენევიევ–დე–ბუას სასაფლაოზე, მეუღლესთან ერთად.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1920-)

Awards and Honors

  • 1916 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბაბთით
  • 1916 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი ხმლებით
  • 1914 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი ხმლით
  • 1914 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბაბთით
  • 1913 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1910 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • 1903 - ჩერნიგორიის "თავად დანიელის" III ხარისხის ორდენი
  • 1901 - სპარსეთის "ლომისა და მზის" ორდენი
  • იტალიის "წმინდა მავრიკისა და ლაზარეს" ორდენის კომანდორის ჯვარი
  • საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის“ ორდენის კომანდორის ჯვარი

Share: