The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნოე მაქსიმეს ძე ლეჟავა

ნოე მაქსიმეს ძე ლეჟავა
Other name:იმერელი მუშა  (Pseudonym)
ნავროზაშვილი  (Pseudonym)
Date of birth:December, 1884
Date of death:1937  (at 52 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Public official, Engineer, Political Leader, Repressed

Biography

    ნოე ლეჟავა დაიბადა 1884 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ კულაშში, ღარიბი გლეხის ოჯახში.

   1904 წელს ხონის სახელოსნო სასწავლებელი დაამთავრა. 1920-1921 წლებში მოსკოვის სვერდლოვის სახელობის კომუნისტურ უნივერსიტეტში სწავლობდა, ხოლო 1928 წლიდან – თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

   ნოე ლეჟავა რევოლუციურ მოძრაობაში 1902 წლიდან, ხონის სასწავლებელში სწავლის პერიოდში ჩაება, როგორც მოწაფეთა გაფიცვის მომწყობი. 1904 წლიდან თბილისში, ერიქსონის ტექნიკურ კანტორაში მცირე ხნით მხაზველად მუშაობდა, შემდეგ ტფილისის რკინიგზის სადგურში ზეინკლად მუშაობის დროს, შევიდა რსდმ პარტიაში და ამ დროიდან აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში.

   1904 წლიდან გახლდათ საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი.1905 წელს შევიდა გ. მარსაგოვის თაოსნობით შემდგარ რკინიგზის მუშათა მებრძოლ რაზმში და მონაწილეობდა გაფიცვებსა და საპროტესტო მიტინგებში. 1906 წლიდან ბოლშევიკების ფრთას მიემხრო და აქტიურად იყო ჩაბმული რევოლუციურ საქმიანობაში. თბილისის რკინიგზის სადგურში მემანქანის თანაშემწედ მუშაობდა, საიდანაც არალეგალური მუშაობის წარმოებისათვის დევნა დაუწყეს და სამსახურიდან დაითხოვეს.

   1916 წლიდან  ფსევდონიმებით თანამშრომლობდა და მუშათა საჭირბოროტო საკითხების შესახებ წერილებს ათავსებდა გაზეთებში: „თანამედროვე აზრი“, „პრავდაში“, „კავკაზსკი რაბოჩი“, „ბრძოლა“, „ბაკინსკი იზვესტია“, „ტერსკი პრავდა“, “მუშა“, „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“, „რაბოჩაია პრავდა“ სა სხვა.

   1917 წელს ა/კ რკინიგზის პირველ ლეგალურ ყრილობას დელეგატად დაესწრო, სადაც დროებითი მთავრობის წინააღმდეგ გაილაშქრა. იმავე წელს, სამტრედიის რკინიგზის თეატრში, კატო მიქაძის თაოსნობით მოწვეულ კრებაზე, მოხსენება „ომი და ინტერნაციონალი“ წაიკითხა, სადაც ა/კ კომისარიატის წინააღმდეგ გაილაშქრა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ტფილისის რკინიგზის დეპოში ყველა კრებაზე ბოლშევიკური პლატფორმით გამოდიოდა, დაესწრო ტფილისის სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკების პირველ ლეგალურ კონფერენციას, რომლის მიზანი იყო მენშევიკებთან და რუსეთის დამფუძნებელ კრებასთან დამოკიდებულების განხილვა.

   1918 წლის იანვარში ოსმალეთის ფრონტიდან უკან დაბრუნებულ ჯარში სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი შეადგინა და ყარაიაზიდან ბალაჯარამდე ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

   1921 წლიდან თბილისში მუშაობდა, როგორც საქართველოს რკინიგზის კომიტეტისა და გამაერთიანებელი ბიუროს წევრი.

   1922-1924 წლებში ხელმძღვანელობდა რკინიგზელთა ყოველდღიურ გამოცემას „ა/კ რკინიგზელს“ და „გუდოკს“, რომლებშიაც, თითქმის ყოველ ნომერში, მეთაურ წერილებს ათავსებდა ქართულ და რუსულ ენებზე.

   ნოე ლეჟავა პოლიტიკურ-რევოლუციური მუშაობის გამო მიჩნეული იყო საშიშ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. იჯდა მეტეხის ციხეში და 1919 წელს პოლიტიკური შიმშილიც გამოაცხადა.

   1923 წელს საკავშირო რკინიგზელთა ცენტრალურმა კომიტეტმა, როგორც რევოლუციური პროფმოძრაობის აქტიური მუშა, რკინიგზის რევოლუციური კავშირის ერთი ორგანიზატორთაგანი და განმამტკიცებელი,ორდენით დააჯილდოვა. საბჭოთა საქართველოს პირობებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამეურნეო თანამდებობებზე მუშაობდა.

   1937 წელს კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის. ბრალად ედებოდა მემარჯვენეთა კონტრ-რევოლუციური ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრობა და ალგეთის ლითოგრაფიული ქვების წარმოებაში მავნებლური საქმიანობა.  სისტემატურად ანტი-საბჭოთა აგიტაციისათვის მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით.

Member of Organizations

  • საკავშირო კომუნისტური პარტია, წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1923 - რკინიგზელთა ორდენი

Bibliography


Share: