The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე

ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1881
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 1951  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მსახიობი, რეპრესირებული, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

  ვასილ არაბიძე დაიბადა 1881 წლის 21 თებერვალს ზესტაფონში, ვაჭარი გლეხის ოჯახში.

  1898 წელს, საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კურსკში გაემგზავრა, სადაც სამიწათმოქმედო სასწავლებელში ჩაირიცხა.

  1900 წელს, რევოლუციური მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისათვის არაბიძე სასწავლებლიდან გარიცხეს და 1901-1902 წლებში ჯერ ორლოვის გუბერნიაში, ხოლო შემდეგ კიშინიოვში მუშაობდა.

   1902 წლის ბოლოს ვასილ არაბიძე საქართველოში დაბრუნდა და ზესტაფონსა და შორაპანში შექმნილ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში გაერთიანდა. ამ საქმიანობისთვის იგი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში მოათავსეს, საიდანაც არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს.

   1905 წელს ვასილ არაბიძე გადასახლებიდან გაიქცა, მოსკოვში ჩავიდა და უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც შეადგინა ქართველ მებრძოლთა რაზმი, რომელიც აქტიურად იბრძოდა 1905 წლის რევოლუციის ბარიკადებზე. სწორედ ამ პერიოდში ვასილ არაბიძე დაუახლოვდა სახელგანთქმულ რუს მომღერალს თეოდორ შალიაპინს.

   1908 წლიდან ვასილ არაბიძე  მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ჭიათურისა და ბაქოს ქართულ თეატრებში. მისი ამპლუა იყო სახასიათო და დრამატული როლები: მოხუცი მოორი შილერის „ყაჩაღებში“, ჯიბო შალვა დადიანის „გუშინდელნში“, გოგია დიაკვანი დავით ერისთავის „სამშობლოში“, დარისპანი დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირში“ და სხვა.

   1915 წლიდან ვასილ არაბიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სოჩის განყოფილების ნამდვილი წევრი.

   1916 წელს ვასილ არაბიძე ბაქოში გააგზავნეს, სადაც სხვადასხვა რევოლუციურ დავალებებს ასრულებდა და თან მუშათა დრამატულ წრეებს ხელმძღვანელობდა, მართავდა წარმოდგენებს მუშათა უბნებში.

    1921 წლიდან ვასილ არაბიძემ დრამისა და კინოს მსახიობად დაიწყო მუშაობა. დიდია ვასო არაბიძისა და მისი მეუღლის ცაცა ამირაჯიბის ღვაწლი ქართული თეატრისა და კინოს განვითარებაში. იგი  მონაწილეობდა პირველ ქართულ მხატვრულ ფილმში „ქრისტინე“, სადაც მამის საინტერესო სახე შექმნა. მოგვიანებით ითამაშა კინო-ფილმებში: „სურამის ციხე“, „მამის მკვლელი“, „ბელა“, „უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დავით გურამიშვილი“ და სხვა. ვასილ არაბიძეს 20-მდე სხვადასხვა ხასიათის როლი აქვს შესრულებული, რომლითაც საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა. საგანგებოდ აღსანიშნავია არაბიძეების ოჯახის წვლილი ზესტაფონის თეატრალურ ცხოვრებაში.

   1933 წელს ვასილ არაბიძეს რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

   1937 წელს იყო რეპრესირებული.

   ვასილ არაბიძე გარდაიცვალა 1951 წლის 8 აგვისტოს თბილისში და მეუღლესთან ერთად დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სოჩის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1933 - რესპუბლიკის სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: