The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



რევაზ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი

რევაზ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1887  (137 წლის)
კატეგორია:აგრონომი

ბიოგრაფია

    რევაზ გედევანიშვილი დაიბადა 1887 წელს დუშეთის მაზრის სოფელ გოროვანში საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. დედა ექვსი თვის ასაკში გარდაეცვალა და მისი აღზრდა ბიცოლამ ნატალია ცაგარელმა ითავა, რომლის სიყვარული მას ღრმა მოხეცებულობამდე გაჰყვა.

    1894 წელს ბიძამ დავით გედევანიშვილმა პატარა რეზო თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარა, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა. გიმნაზიის დირექტორი იყო ჯერ ზაქარია ჭიჭინაძე, შემდეგ კი ექვთიმე თაყაიშვილი, ხოლო პედაგოგევი იყვნენ: შიო ჩიტაძე, ალექსანდრე მდივანი, რაჟდენ ჯაჯანაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, იუსტინე აბულაძე, დავით კარიჭაშვილი და სხვები.

    1907 წელს რევაზ გედევანიშვილმა წარმატებით დაამთავრა გიმნაზია და აღმზრდელის ნატალიას სურვილის თანახმად ყაზანის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ პატარაობიდანვე სოფლის მეურნეობასთან შეზრდილ რევაზს სამედიცინო ფაკულტეტი არ იზიდავს და 1908 წლის შემოდგომაზე დატოვა ყაზანის უნივერსიტეტი და გერმანიაში გაემგზავრა. გერმანიაში იგი მიუნხენის პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიუ ფაკულტეტზე ჩააბარა. თავდაპირველად გერმანული ენის სათანადოდ უცოდინარობის გამო სწავლა გაუჭირდა, მაგრამ დიდმა მონდომებამ და შრომისმოყვარეობამ თავისი გაიტანა და წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი. იგი მიუნხენში ინტენსიურ–თეორიულ მეცადინეობასთან ერთად აქტიურ პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწეოდა. სტუდენტობის პერიოდში რევაზს დიდი მორალური და მატერიალური დახმარება გაუწია დავით სარაჯიშვილმა.

    1912 წელს რევაზ გედევანიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისის ქართულ სასოფლო–სამეურნეო საზოგადოებაში, რომელიც ის–ის იყო ფეხს იდგამდა აღმოსავლეთ საქართველოში.

   1913 წლიდან რევაზ გედევანიშვილი სამუშაოდ გადადის ქუთაისის გუბერნიაში ახალდაარსებულ საერობო–აგრონომიულ ორგანიზაციაში. მისი უშუალო მონაწილეობით ქუთაისში დაარსდა ორკვირეული ჟურნალი "სასოფლო გაზეთი", რომლის რედაქტორი იყო პავლე წულუკიძე

   1913–1918 წლებში პრაქტიკული გამოცდილების მქონე გედევანიშვილი მუშაობდა შორაპნის მაზრის სამაზრო საერობო აგრონომად. აგრონომიული მოღვაწეობის გარდა რევაზ გედევანიშვილი შორაპნის მაზრაში უხელფასოდ ხელმძღვანელობდასამაზრო–სამომხმარებლო კოოპერაციას, იყო აგრეთვე მაზრის "წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრი. რევაზ გედევანიშვილის გახლდათ გიორგი ლეონიძის დის მეუღლე.

    1918 წლიდან გედევანიშვილი ემშვიდობება შორაპანს და სამუშაოდ გადადის დუშეთის მაზრის აგრონომად, სადაც 1924 წლამდე მსახურობდა. ამ დროის განმავლობაში მისი ინიციატივით გაყვანილი იქნა ორი სარწყავი არხი – მდინარე ქსნიდან 13 კილომეტრის მანძილზე და მეორე მდინარე არაგვიდან 15 კილომეტრის მანძილზე.

      1921–1923 წლებში რევაზ გედევანიშვილის თაოსნობით მცხეთაში გაყვანილი იქნა სასმელი წყალი, მანამდე მცხეთის მოსახლეობა არაგვისა და მტკვრის წყლით სარგებლობდა.

   1924 წელს გედევანიშვილის ინიციატივით გაკეთდა მეცხვარეობის ორი ამხანაგობა. 1931–1934 წლებში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა რაიონის საგარეუბნო დამხმარე მეურნეობებს, ხოლო 1937 წლიდან 1941 წლამდე იგი საქართველოს სოფლის მეურნეობის საგამოფენო კომიტეტში მთავარი აგრონომის თანამდებობაზე მუშაობდა. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად რევაზ გედევანიშვილი აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მის მიერ სხვადასხვა დროს გამოშვებული იყო ბროშურები სოფლის მეურნეობის საკითხებზე, ავტორია მრავალი საგაზეთო სტატიის და დაბეჭდილი აქვს მესაქონლეობაში პირველი ქართული სახელმძღვანელო "მსხვილფეხა რქიანი საქონელი". ეს წიგნი ორჯერ გამოიცა 1918 და 1931 წლებში. 1958 წელს მან გამოსცა მონოგრაფია "ილია წინამძღვრიშვილი".

   რევაზ გედევანიშვილი დუშეთის მაზრაში დიდ კულტურულ საქმიანობასაც ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით 1919 წელს სოფელ გოროვანში საფუძველი ჩაეყარა ოთხწლიან სკოლას, რომელიც ახლომდებარე სოფლებს ემსახურებოდა, ხოლო 1922 წელს მისი ინიციტივითა და უშუალო ხელმძღვანელობით სოფელ ბარისახოში გაიხსნა პირველი სკოლა, სადაც იგი თავად ზრუნავდა სკოლისთვის მასწავლებლების მოყვანასა და საჭირო ინვენტარის შეძენაზე.

   მშობლიური ერის წინაშე ვალმოხდილი აგრონომი მოხუცებულობის გამო თავს ანებებს მუშაობას, მაგრამ კვლავ აგრძელებდა თავისი უდიდესი ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდობისთვის გაზიარებას.

    

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ყვირილას განყოფილების წევრი (1916-)

ბიბლიოგრაფია

  • ქართველი აგრონომები : თენგიზ ჩხეიძე. - თბილისი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1962

გააზიარე: