The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თამარ ნიკოლოზის ასული ერისთავი

თამარ ნიკოლოზის ასული ერისთავი
Legal name:თამარ ნიკოლოზის ასული ქსნის ერისთავი
Date of birth:1892
Date of death:1952  (at 60 years)
Category:Educator, Public Figure

Biography

    თამარ ერისთავი დაიბადა 1892 წელს სოფელ ახალგორში, ნიკოლოზ ქსნის ერისთავისა და ანასტასია (ტასო) ციციშვილის ოჯახში. თამარის ძმა გახლდათ იუნკერი შალვა ერისთავი, რომელიც 1921 წლის 24 თებერვალს კოჯორთან ბრძოლაში დაიღუპა.

    თამარმა საშუალო განათლება თბილისში წმინდა ნინოს სასწავლებელში მიიღო. მამის გავლენით, რომელიც სულ სხვადასხვა საზოგადო საქმით იყო დაკავებული, სურდა ისეთი პროფესია აერჩია, რომ ქართული საზოგადოებისთვის სარგებლობა მოეტანა. გადაწყვიტა აგრონომი გამხდარიყო, მოეწყო ახალგაზრდებისთვის სკოლები, უმეტესად კი ქალებისთვის. პეტერბურგში მშობლებმა არ გაუშვეს და გადაწყვიტა საზღვარგარეთ საფრანგეთში წასულიყო, მაგრამ მონპელიეში ქალების მიღება შეწყვიტეს და ფრებელის კურსებზე ჩააბარა. საფრანგეთში მარია მონტესორის სასწავლო სისტემას გაეცნო და იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა ბაღში მუშაობა.

    1914 წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც მხოლოდ ერთი ქართული საბავშვო ბაღი იყო მოწყობილი ყოფილ ქართულ თავადაზნაურთა გიმნაზიაში, რომელიც გახსნილი იყო ქალთა საზოგადოების მიერ და გამგედ მუშაობდა ანასტასია გედევანიშვილი. თამარმა დაიწყო მონტესორის სისტემით მუშაობა და დანერგა მისი გამოყენება.

    1917 წელს თამარ ერისთავი ახალციხე-ახალქალაქიდან ლტოლვილი ბავშვებისათვის წითელი ჯვრის მიერ გახსნილ საბავშვო ბაღში გადავიდა სამუშაოდ. 1919 წელს თბილისის განათლების განყოფილებამ ახალი საბავშვო ბაღი გახსნა, რომლის გამგედ თამარ ერისთავი დაინიშნა.

    1922 წელს გადაიყვანეს პირველი საბავშვო ბაღის გამგედ. მისი ინიციატივით გაიხსნა სკოლამდელი სამთვიანი მოსამზადებელი კურსები, სადაც იგი კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ მუშაობას. თამარ ერისთავი კურსების პარალელურად, შეთავსებით დანიშნეს თბილისის საბავშვო ბაღების ინსპექტორად და ამ თანამდებობაზე 1926 წლამდე მუშაობდა. ამ პერიოდში ჩაიბარა 4 და გახსნა 26 ახალი ბაღი. ჩამოაყალიბა მეთოდბიურო და 1923 წელს ჩაატარა პირველი კონფერენცია, ხოლო 1925 წელს გამართა საერთო კონფერენცია საბავშვო ბაღებისა და ოთხწლიანი სკოლებისთვის.

    1925 წელს მე-4 ბაღის შენობაში სკოლამდელთათვის  გახსნა პირველი მეთოდკაბინეტი და საკუთარი ინიციატივით გამოსცა პირველი სკოლამდელი კრებული „საბავშვო ბაღი“. თამარი კითხულობდა ლექციებს და აქტიურად მონაწილეობდა ყველა პედაგოგიური და მეთოდური საკითხის დამუშავებაში, პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შედგენაში. მუშაობდა, როგორც რაიონული მეთოდისტი და საზოგადოებრივი ინსტრუქტორი. ატარებდა კონფერენციებს თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ქუთაისსა და ფოთში.

    თამარ ერისთავის მეუღლე გახლდათ ნიკოლოზ პავლეს ძე პლემიანიკოვი. თამარი გარდაიცვალა 1952 წელს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • მედალი "1941-1945 წლებში სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "სახალხო განათლების წარჩინებული"

Bibliography


Share: