The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი

იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი
ოფიციალური სახელი:იოსებ ფრანცის ძე ზარდალიშვილი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1883
გარდაცვ. თარიღი:13 მაისი, 1943  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, "მწვანეყვავილას" პანთეონი
კატეგორია:მსახიობი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

        იუზა ზარდალიშვილი დაიბადა 1883 წელს ქალაქ ქუთაისში, ხელმოკლე პედაგოგის ოჯახში. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. 8 წლისა სკოლაში მიაბარეს, მაგრამ სამი წლის შემდეგ, უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელება ვეღარ შესძლო. იგი იძულებული იყო სამუშაო ეძებნა. ჯერ საშაქარლამოში მუშაობდა მამინაცვალთან, მერე ბათუმში წავიდა ბიძასთან და იქ 1896–1897 წლებში როტშილდის ქარხანაში მოეწყო შეგირდად. მუშაობდა მტვირთავად, მერე კი გემზე – იუნგად.
      სცენაზე ზარდალიშვილი პირველად ბათუმში გამოვიდა. მესხიშვილის თეატრის გასტროლების დროს "ედმუნდ კინში" უსიტყვო როლი ჰქონდა. მშვენიერი გარეგნობის ყმაწვილს ლადო მესხიშვილმა ყურადღება მიაქცია და ქუთაისში წამოიყვანა. ორი წლის მანძილზე თეატრის ყველა წარმოდგენაში მხოლოდ ეპიზოდურ, უსიტყვო როლებში მონაწილეობდა, მაგრამ სწორედ აქ გამოავლინა ისეთი ნიჭი და შრომის უნარი, რომ მესამე სეზონში, ლადო მესხიშვილმა  გუნიას ახალ პიესაში "და–ძმა" მთავარი როლის შესრულება მიანდო. თავად პიესის ავტორი აღფრთოვანებული ამბობდა: "უკეთესი ვერ წარმომედგინა ჩემი გმირი". იუზა ზარდალიშვილი ქუთაისის თეატრში ჩამოყალიბდა მსახიობად სცენის ისეთი ოსტატების გვერდით, როგორებიც იყვნენ: ნუცა ჩხეიძე, ალექსანდრე იმედაშვილი, ანდრო მურუსიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვა.
     1910 წლიდან თბილისის თეტრში გადავიდა, ხოლო 1912 წელს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ზარდალიშვილი რუსეთის მოწინავე თეატრის გასაცნობად მოსკოვში მიავლინა. 1920 წლიდან 1922 წლამდე თბილისის თეატრების კომისარი იყო. 1922 წლიდან 1925 წლამდე ხელმძღვანელობდა ქუთაისის დრამაული თეატრის დასს, ხოლო 1928 წლამდე ფოთის თეატრში მოღვაწეობდა.
     1927 წელს ზარდალიშვილის ინიციატივით ქუთაისში დაარსდა საკოლმეურნეო თეატრი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სოფლებს ემსახურებოდა. 1928 წლიდან კოტე მარჯანიშვილმა თავის დასში მიიწვია. 
      იუზა ზარდალიშვილმა ორმოცი წლის მანძილზე ქართული თეატრის სცენაზე დაუვიწყარი სახეები შექმნა: ედგარი (მეფე ლირი"), იაგო ("ოტელო"), მუროვი ("უდანაშაულო დამნაშავენი"), სოლეიმანი ("ღალატი"), ჩაცკი ("ვაი ჭკუისაგან"), ფრანც მოორი ("ყაჩაღები") და სხვა. მან ქართულ ენაზე თარგმნა რამდენიმე პიესა, ჟურნალ–გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებს, საინტერესო მოგონებები დატოვა სახელმწიფო თეატრალური მუზეუმის ფონდში. მიღებული ჰქონდა საპატიო წოდებები და მთავრობის სხვა ჯილდოები.

    იუზა ზარდალიშვილი გარდაიცვალა 1943 წელს და დაკრძალულია ქუთაისში, "მწვანეყვავილას" პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1940 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1932 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: