The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლიდია მეგრელიძე

ლიდია მეგრელიძე
Legal name:ლიუდმილა ისმაილის ასული მამულაიშვილი
Other name:დასელი ქალი  (Pseudonym)
მიმქრალი  (Pseudonym)
ნამცეცა  (Pseudonym)
ნარცისი  (Pseudonym)
Date of birth:14 August, 1885
Date of death:13 July, 1968  (at 82 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Writer, Public Figure, Entertainer

Biography

    ლიდია მეგრელიძე დაიბადა 1885 წლის 14 აგვისტოს გურიის სოფელ გურიანთაში გლეხის ოჯახში. დედა აზნაურ ჟორდანიას ქალი გახლდათ და წერა-კითხვა სწორედ მან შეასწავლა. მალე ოჯახი საცხოვრებლად ოზურგეთში გადავიდა.

   ლიდია მეგრელიძემ ოზურგეთის ორკლასიანი საქალებო სასწავლებელი და 4 კლასიანი პროგიმნაზია დაამთავრა. 12 წლისას დედა გარდაეცვალა და დაობლებული გოგონა დეიდასთან, სოფელ აკეთში გადასახლდა, რომლის ოჯახი, როგორც ყველა ფეოდალისა, ღვთისმორწმუნე და მწიგნობრობის მოყვარული ყოფილა. ყოველდღე, როგორც წესი, სახარებისა და საქართველოს ისტორიის კითხვა ევალებოდა. აქვე დაეწაფა ქართულ სასულიერო და  თუ საერო ლიტერატურას და ჟურნალ-გაზეთებს: „ივერიას“, „ცნობის ფურცელსა“ და „კვალს“. განსაკუთრებით ეწაფებოდა „კვალს“, ვინაიდან აქ ნოე ჟორდანია თანამშრომლობდა და ლიდიას აზრით „ბიძია ნოე ჟორდანია ყველაფერს სამართლიანს დასწერდა“. „კვალში“ გაიცნო მთელი რიგი სოციალისტების სახელები და ნაწერები.

    1900 წელს, 15 წლის ლიდია, ნათესავების სურვილის წინააღმდეგ, სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისში გაემგზავრა, სადაც საკუთარი ძალ-ღონით მეგობრებთან ერთად მეცადინეობა დაიწყო ცოდნის შესაძენად. 16 წლისა ოზურგეთში დაბრუნდა, ცოლად გაჰყვა აქვსენტი მეგრელიძეს და დასახლდნენ ფოთში, სადაც იგი  ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში აქტიურად ჩაება. ამავე დროს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის  არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდა. ლიდია სისტემატურად გამოდიოდა სცენაზე და მეცადინეობდა საშუალო სასწავლებლის კურსის გასავლელად.

    1906 წლის რეაქციის დაწყებისას იძულებული გახდა ფოთიდან წასულიყო. ფოთის არალეგალური სტამბა თავისი ქმრის, აქვსენტი მეგრელიძის სოფელ ხრიალეთში გადაიტანა, სადაც არალეგალურ ლიტერატურას ბეჭდავდნენ და ფოთის ორგანიზაციაში აგზავნიდნენ გასავრცელებლად.

    1907 წელს ფოთში მშრომელ ქალთა ორი არალეგალური წრე დააარსა: ერთი ინტელიგენთ ქალთა, მეორე კი მუშა ქალთა, რომელთა კრებები, უმეტესად, მის ბინაზე იმართებოდა. ამავე დროს მოწაფეებს მარქსისტული ლიტერატურის კითხვაში ამეცადინებდა. თავადაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგებში გაერთიანდა, მაგრამ იგრძნო რა პარტიული კითხვებისთვის მოუმწიფებლობა, დროებით თავი მიანება პარტიას და მარქსიზმის საფუძვლიან შესწავლას მიჰყო ხელი, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ქალთა საკითხებს აქცევდა.

      ლიდია მეგრელიძე სამწერლო ასპარეზზე 1910 წლიდან გამოვიდა. ჟურნალ „ნაკადულში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი „ბავშვის სიმღერა“. თანამშრომლობდა „ჯეჯილში“, „თეატრი და ცხოვრებაში“, „განათლებაში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. ლექსების გარდა, წერდა მოთხრობებს, წერილებს – ქალთა საკითხებზე, მუშათა მდგომარეობაზე, ქალაქის თვითმმართველობაზე და პალიასტომის მუშა-მეთევზეთა შესახებ. პიესად გადააკეთა ეგნატე ნინოშვილის „გოგია უიშვილი“, რომელსაც ოჯახებში დგამდა ნებართვის გარეშე, რის გამოც ბოქაულმა ნაკაშიძემ დატუქსა და წარმოდგენების მართვა აუკრძალა. წარმოდგენებს სრულიად უფასოდ მართავდა ოზურგეთსა და გურიის სხვა სოფლებში.

    1913 წელს ლიდია მეგრელიძე სრულიად მომზადებული დაუბრუნდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიის ფოთის მუშათა ორგანიზაციას და განაახლა ქალთა არალეგალური წრეები.

    1914 წელს პარტიულმა ორგანიზაციამ პასუხისმგებელ კორესპონდენტად აირჩია და სოციალ-დემოკრატიულ გაზეთებში პუბლიკაციებს აქვეყნებდა. ძირითადად მისი სტატიები მშრომელ ქალთა მდგომარეობას ეხებოდა. იგი მუშისა და გლეხის ქალებში პროპაგანდას ეწეოდა თვითმპყრობელობისა და ომის წინააღმდეგ. მთელი ენერგიით ცდილობდა  ქალების პოლიტიკურ გათვითცნობიერებას. სოფელ ხრიალეთში სახალხო წიგნთსაცავ-სამკითხველო დააარსა და ქალაქ ფოთში - ფოთის ქალთა  საქველმოქმედო საზოგადოება - განურჩევლად ეროვნებისა, რომლის თავმჯდომარედ თავად ლიდია აირჩიეს.

    1915-1917 წლებში ამ საზოგადოების სახელით, ფოთში დააარსა ორი უფასო სასწავლებელი, საკვირაო სკოლა წერა-კითხვისა და ხელსაქმის და საღამოს კურსები მცირეწლოვანი ნოქრებისათვის, რისთვისავ ნოქრებთან ბრძოლა უხდებოდა, რათა შეგირდები საღამოს 6 საათისათვის გაენთავისუფლებინათ.

    1917 წლის რევოლუციის შემდეგ, ლიდია მეგრელიძე ფოთის მოსახლეობამ ქალაქის ხმოსნად აირჩია და ამ დროიდან რევოლუციურ საბჭოში განათლებისა და ჯანმრთელობის კომისიებში მუშაობდა.

    1918 წელს იგი კვლავ აირჩიეს ხმოსნად. იმავე წელს ბათუმში ქალთა ორგანიზაციის მოსაწყობად მიიწვიეს, როგორც გამოცდილი ორგანიზატორი.

    1918 წლიდან ლიდია მეგრელიძე საცხოვრებლად ოჯახით თბილისში გადავიდა. ამ დროს იგი უკვე 8 შვილის დედა იყო.

    საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ყველა პარტიასა და ორგანიზაციას თავი გაანება.

    ლიდია მეგრელიძე გარდაიცვალა 1968 წლის 13 ივლისს და დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეტა პანთეონში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1918-)

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Bibliography


Share: