The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



დავით ილარიონის ძე კასრაძე

დავით ილარიონის ძე კასრაძე
Other name:ალი აზიზი  (Pseudonym)
ბარონ დე-კანი  (Pseudonym)
კანდიდი   (Pseudonym)
ქართლელი  (Pseudonym)
Date of birth:27 December, 1885
Date of death:16 February, 1965  (at 79 years)
Burial location:თბილისი, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
Category:Writer

Biography

      მწერალი და საზოგადო მოღვაწე დავით კასრაძე დაიბადა 1885 წლის 27 დეკემბერს სოფელ ავნევში (ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი).

    1901 წელს დაამთავრა გორის სასულიერო სასწავლებელი და თერგდალეულთა გზას დაადგა. ამ პერიოდიდან იგი სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, ნოველებსა და რომანებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „კლდე“, „საქართველო“, „ჯეჯილი“, „თერგი“, „სინათლე“, „მნათობი“, „ქართული მწერლობა“, „ლიტერატურა და ხელოვნება“, „ლიტერატურა და ცხოვრება“.

     დავით კასრაძის  რომანი „როსკიპი“ ცარიზმის ცენზურამ აკრძალა, ხოლო თავად მას ჟანდარმერიამ დევნა დაუწყო. ამის შმდეგ იგი მიემგზავრება პარიზში, სადაც სწავლობდა ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. პიურეს პანსიონში მასთან ერთად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მიხელი ჯავახიშვილი, თედო სახოკია, კონდრატე თათარიშვილი, გერონტი ქიქოძე. სისტემატურად იბეჭდებოდა დავით კასრაძის წერილები და ფელეტონები სხვადასხვა ფსევდონიმებით. აღსანიშნავია მისი სტატიები: „პატაგონიის ველურები“, „რა არის ფუტურიზმი?“, „აჭარლებს ასამართლებენ?“, „მიმქრალი სულის აღსარება“, „მეცნიერული სიბეცე თუ შარლატანობა?“, „ცოცხალი ლეშები“.

     1914 წელს დავით კასრაძე ბრუნდება სამშობლოში და თანამშრომლობას იწყებს ქუთაისის გაზეთში “ოქროს ვერძი”. მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა გაზეთი „სამუსლიმანო საქართველო“. ამავე წლიდან იგი პირველი აქვეყნებს ლიტერატურულ პორტრეტებს: „აკაკის ჩირაღდნები“, „ბრძენი ილია“, „გოლიათი ვაჟა“, „ეკატერინე გაბაშვილი“, „ვასილ ბარნოვი“, „ანასტასია ერისთავ-ხოშტარია“, „ვლადიმერ მესხიშვილი“, „მიხეილ ჯავახიშვილი“, „იაკობ გოგებაშვილი“.

     1923 წლიდან ბათუმის გაზეთ "მწვერვალის" რედაქტორი იყო. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია რომანი „გურანდა“, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა ცარიზმის რეჟიმი. 1928 წელს გამოაქვეყნა რომანი „კეთრი“. დიდი ინტერესი ხვდა წილად მის ჰეროიკულ პოემას „ლეგენდა რუსთაველზე“. მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ყურადღებას იპყრობს რომანები: „როსკიპი“, „თეთრი ზამბახი“, „ცხოვრება“, „სპარტაკი“, „მათიას შევარდენი“, „შურისციხელი“, „ერეკლეს ხმალი“, „ჯვარი და სიყვარული“, „განთიადამდე“, „გორის ციხე“,  დრამები „ციხის ცრემლები“, „იუდა“, „რია“, „მეფე არლეკინი“, „ელქანანი“, „სურამის ციხე“, „ლიტერატურული პორტრეტები“.

     დავით კასრაძემ კიდევ უფრო გაამდიდრა ქართული თარგმნილი ლიტერატურა. მან კარგად იცოდა რუსული, ფრანგული, ინგლისური, გერმანული ენები. ორგინალიდან თარგმნა ტოლსტოის, გოგოლის, ტურგენევის, მოლიერის, ზოლასა და სხვათა თხზულებები.

     თავის შემოქმედებაში დავით კასრაძე ერთმანეთს უთავსებდა რომანტიკულ პათოსსა და რეალიზმს. უხვად სარგებლობდა ხალხური გამოთქმებით. იგი გახლდათ ქართველ მსახიობთა პირველი პროფესიონალური კავშირის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. აქტიურად იღწვოდა თბილისის ლიტერატურული მუზეუმის ორგანიზაციასა და მუშაობაში. იგი გახლავთ ავტორი პიესებისა და მონოგრაფიებისა ქართული სცენის მოღვაწეებზე. მასვე ეკუთვნის წერილები ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების საკითხებზეც. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს თეატრის ისტორიაზე თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.

    მნიშვნელოვანია დავით კასრაძის როლი საბავშვო ლიტერატურაში. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი წიგნები: „ქალპეპელა“, „მზიას გიშგიშა“, „ჩვენს საკურდღლეში“, „ორი ზღაპარი“ და მრავალი სხვა.

    1932 წელს დავით კასრაძემ შეადგინა და ქართულ ენაზე გამოსცა ოსური ლიტერატურის პირველი ანთოლოგია.

     ღვაწლმოსილი მწერალი გარდაიცვალა 1965 წლის 16 იანვარს და დაკრძალულია  მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორიც თავად გახლდათ.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Share: