The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ფილიპე გლახუნას ძე ლორია

ფილიპე გლახუნას ძე ლორია
Date of birth:19 August, 1878
Date of death:17 November, 1962  (at 84 years)
Burial location:პრაღა
Category:Founding member, Politician

Biography

    ფილიპე ლორია დაიბადა 1878 წლის 19 აგვისტოს (ძვ. სტ.) ქუთაისის გუბერნიის სოფელ ნოღაში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა სოფელ ნოღის სამრევლო სკოლა. 1903 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ ტფილისის თვითმმართველობაში, სადაც იმსახურა რამდენიმე წლის განმავლობაში და გაეცნო ტფილისის ტრამვაის მუშა-მოსამსახურეთა ყოფას და პრობლემებს. აქვე ჩაერთო მუშათა მოძრაობაში.

    1903 წლიდან  რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო და „მენშევიკების“ფრაქციაში მუშაობდა.

   1903-1905 წლებში ფილიპე ლორია თბილისის თვითმმართველობაში მუშაობდა.

   1905 წელს სამსახურიდან დაითხოვეს და უმუშევრად დარჩენილს სოფელში დაბრუნება მოუხდა, სადაც  აქტიურად იყო ჩართული სოფლად რევოლუციურ გამოსვლებში. რევოლუციური აქტიურობის გამო რეაქციის დაწყების შემდეგ სოფლად აღარ დაედგომებოდა, თბილისში დაბრუნდა და 1906 წლის მარტში, ტრამვაის სისტემაში, სადგურის უფროსის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

   1913 წლის აგვისტოს ბოლოს, ტფილისის ტრამვაის სამსახურში ეკონომიკური ხასიათის მოთხოვნებით გაფიცვის ორგანიზებისათვის, სხვა ამხანაგებთან ერთად დააპატიმრეს. ტრამვაის დირექციამ ყველა გაათავისუფლა თანამდებობებიდან, ხელისუფლებამ კი პასუხისგებაში მისცა, როგორც პოლიტიკური დამნაშავეები. მაგრამ გაფიცვის გამარჯვების შემდეგ საოლქო სასამართლომ პატიმრებს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა და ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს. ფილიპე ლორია მეორედ 1914 წელს დააპატიმრეს ისევ გაფიცვის ორგანიზებისათვის. ცოტა ხანი  მეტეხის ციხეში იჯდა, შემდეგ კი რუსეთში გადაასახლეს. კერძოდ, სარატოვის გუბერნიის ქალაქ ცარიცინში.

    ფილიპე ლორიას დიდხანს არ მოუწია გადასახლებაში ყოფნა. 1915 წელს   რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, კარლო ჩხეიძის შუამდგომლობით კავკასიის უმაღლესი მმართველობის წინაშე გაათავისუფლეს. გადასახლებიდან დაბრუნებულმა ისევ თბილისში და ისევ ტრამვაიში  განაგრძო მუშაობა.

   1917 წლიდან ფილიპე ლორია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თბილისის განყოფილების წევრი.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასკომის წევრად, ტრამვაის საავადმყოფოს გამგეობის წევრად და პროფკავშირების გამგეობის წევრად.

    1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

    1918 წელს მუშაობდა ტფილისის ტრამვაის სადგურის უფროსის თანაშემწედ.

    1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და   გზათა და შრომის კომისიებში მუშაობდა.

   1919 წლიდან თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი იყო.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა ჩეხეთში.

   ფილიპე ლორია 1962 წლის 17 ნოემბერს გარდაიცვალა და დაკრძალულია პრაღაში.

Member of Organizations

  • თბილისის ქალაქის საბჭო, ხმოსანი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი, წევრი (1903-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-1922)

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, შერემეტიევის ქუჩა №40

Share: